გუშინ ამერიკული კომპანიების აქციების ფასები მკვეთრად გაიზარდა, ხოლო Dow Jones Industrial Average (DJIA) და S&P 500 ინდექსებმა სავაჭრო დღე რეკორდულ ნიშნულებზე დაასრულა.
გუშინ DJIA დაახლოებით 1.9%-ით გაიზარდა, ხოლო S&P 500 — 0.6%-ით. Nasdaq Composite-მა სავაჭრო სესია მხოლოდ 0.2%-იანი აღმასვლით დაასრულა, რადგან ტექნოლოგიური კომპანიების აქციები ფართო ბაზრის წარმადობას ჩამორჩა.
ვინაიდან უახლოეს დღეებში და კვირებში კომპანიები კვარტალური შედეგების გამოქვეყნებას განაგრძობენ, ინვესტორები მიიღებენ ახალ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ოპერირებენ ფირმები მაღალი საპროცენტო განაკვეთებისა და ეკონომიკური აქტივობის შენელების პირობებში.
ბოლო კვირების განმავლობაში აშშ-ის ძირითადი საფონდო ინდექსების ზრდას ხელი შეუწყო მსხვილი კაპიტალიზაციის ტექნოლოგიურმა აქციებმა და მოლოდინებმა, რომ ფედერალური სარეზერვო ბანკი (Fed) საპროცენტო განაკვეთებს სექტემბერში შეამცირებს.
აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების სარგებელი, რომელმაც ბოლო კვირებში საპროცენტო განაკვეთების შემცირების მოლოდინის ფონზე დაიკლო, გუშინ კიდევ უფრო დაეცა და დაახლოებით 4.16% შეადგინა. CME Group-ის FedWatch ინსტრუმენტის მიხედვით, რომელიც განაკვეთის ცვლილებებს ფედერალური ფონდების ფიუჩერსული ვაჭრობის მონაცემებზე დაყრდნობით პროგნოზირებს, ტრეიდერების აზრით, არსებობს 100%-იანი შანსი, რომ Fed საპროცენტო განაკვეთებს სექტემბერში გასამართ შეხვედრაზე შეამცირებს.
ბაზრის მონაწილეები ყურადღებით აკვირდებიან ეკონომიკური მონაცემების გამოქვეყნებას, ისევე როგორც ფედერალური სარეზერვო სისტემის ოფიციალური პირების კომენტარებს საპროცენტო განაკვეთების შემცირების გეგმების შესახებ. ორშაბათს, Fed-ის თავმჯდომარემ — ჯერომ პაუელმა განაცხადა, რომ ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლაში პროგრესი მიღწეულია. მისი თქმით, საპროცენტო განაკვეთების შემცირების დასაწყებად არ არის აუცილებელი, რომ წლიური ინფლაცია Fed-ის სამიზნე 2%-მდე შემცირდეს.
ოქროს ფასმა, რომელიც ასევე იზრდება საპროცენტო განაკვეთების შემცირების მოლოდინის ფონზე, ახალ რეკორდულ ნიშნულამდე მოიმატა და ერთ უნციაზე დაახლოებით $2,470-ს მიაღწია.
გარდა ამისა, გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არიან Bank of America, Morgan Stanley და Shopify.
Bank of America
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Bank of America-მ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ბანკის აქციების ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 30%-ით არის გაუმჯობესებული.
კვარტალური შედეგები
2024 წლის მეორე კვარტალში Bank of America-ს შემოსავალი წლიურად 1%-ით — $25.4 მილიარდამდე გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $25.24 მილიარდს. ბანკის მენეჯმენტმა ასეთი შედეგი მიაწერა უფრო მაღალ საკომისიოებს, გაუმჯობესებულ გაყიდვებთან და სავაჭრო შემოსავლებთან ერთად.
თუმცა, წმინდა საპროცენტო შემოსავალი (NII) 3%-ით — $13.7 მილიარდამდე დაეცა, რაც მცირედით ჩამორჩა უოლ სტრიტის პროგნოზს — $13.79 მილიარდს.
გარდა ამისა, Bank of America-ს წმინდა მოგებამ $6.9 მილიარდს, ანუ თითო აქციაზე (EPS) $0.83-ს მიაღწია. ეს მაჩვენებლები აღემატება ანალიტიკოსების მოლოდინებს, რომლებიც, შესაბამისად, $6.6 მილიარდს და $0.79-ს შეადგენს.
სიმდიდრის მენეჯმენტი, საინვესტიციო ბანკინგი ზრდას განაპირობებს
პერსონალური ბანკინგის შემოსავალი წლიურად 3%-ით — $10.2 მილიარდამდე შემცირდა, მაგრამ სიმდიდრის მენეჯმენტის შემოსავალი 6%-ით — $5.6 მილიარდამდე გაიზარდა. საინვესტიციო ბანკინგის საკომისიოებმა კი 29%-ით მოიმატა და $1.6 მილიარდს მიაღწია.
სხვა ბანკების შედეგები
გასულ დღეებში კვარტალური შედეგები სხვა ბანკებმაც გამოაქვეყნეს. 2024 წლის მეორე კვარტალში Goldman Sachs-ის შემოსავალი წლიურად 17%-ით — $12.73 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $12.35 მილიარდს.
საინვესტიციო ბანკის წმინდა მოგებამ კი 150%-ით — $3.04 მილიარდამდე მოიმატა, რაც ოდნავ აღემატება უოლ სტრიტის მოლოდინს — $2.99 მილიარდს. Goldman Sachs-ის მოგებამ თითო აქციაზე კი $8.62-ს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $8.42).
კომპანიის წმინდა საპროცენტო შემოსავალი (NII) წლიურად 33%-ით — $2.24 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ბევრად აღემატება ანალიტიკოსების მოლოდინს — $1.66 მილიარდს.
JPMorgan-ის კვარტალურმა შემოსავალმა $50.2 მილიარდს მიაღწია, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $41.72 მილიარდს. მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი $4.4 შეადგინა (პროგნოზი — $4.14).
აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯეიმი დიმონმა ბანკის შედეგები შეაქო, თუმცა თქვა, რომ სიფრთხილეს ინარჩუნებს მომავალი კვარტლების მიმართ. მან ეჭვების საფუძვლად დაასახელა ფისკალური დეფიციტი, ინფლაცია და „პოტენციურად ყველაზე საშიში“ გეოპოლიტიკური სიტუაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
Wells Fargo-ს კვარტალურმა შემოსავალმა კი $20.69 მილიარდს მიაღწია, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $20.22 მილიარდს. EPS-მა კი $1.33 შეადგინა. ეს მაჩვენებელიც აღემატება უოლ სტრიტის მოლოდინს — $1.28-ს.
ბანკის საკრედიტო ზარალმა მეორე კვარტალში $1.24 მილიარდს მიაღწია. შედარებისთვის, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ამ მაჩვენებელმა $938 მილიონი შეადგინა, ხოლო 2023 წლის მეორე მეოთხედში — $1.71 მილიარდი.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Bank of America-ს აქციებს?
Bank of America-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $44.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $43.02-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $48.00-ს, ხოლო მინიმალური — $39.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Bank of America-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 2.5%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 14 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Morgan Stanley
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Morgan Stanley-მაც მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ბანკის აქციების ფასი თითქმის 1%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 13%-ით გაუმჯობესდა.
კვარტალური შედეგები
2024 წლის მეორე კვარტალში Morgan Stanley-ის შემოსავალი წლიურად 12%-ით — $15.02 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $14.32 მილიარდს. EPS-მა კი $1.82-ს მიაღწია, რაც ასევე აღემატება უოლ სტრიტის მოლოდინს — $1.65-ს.
Morgan Stanley-ის სიმდიდრის მართვის განყოფილების შემოსავალი წლიურად 2%-ით — $6.79 მილიარდამდე გაიზარდა. ბანკმა წმინდა ახალ აქტივებს $36.4 მილიარდი დაამატა, რაც გაცილებით ჩამოუვარდება გასული წლის იმავე მეოთხედში დაფიქსირებულ მაჩვენებელს — $89.5 მილიარდს.
კაპიტალით ვაჭრობიდან მიღებულმა შემოსავალმა 18%-ით მოიმატა და $3.02 მილიარდს მიაღწია. ფიქსირებული შემოსავალი 16%-ით — $1.99 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო საინვესტიციო ბანკინგის მიმართულებიდან მიღებულმა შემოსავალმა 51%-ით — $1.62 მილიარდამდე მოიმატა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Morgan Stanley-ის აქციებს?
Morgan Stanley-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $105.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $103.18-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $118.00-ს, ხოლო მინიმალური — $89.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Morgan Stanley-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 2.9%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 15 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Shopify
გუშინ, Shopify-მ Bank of America-ს ანალიტიკოსებისგან დადებითი შეფასება დაიმსახურა, რის შემდეგაც ელექტრონული კომერციის კომპანიის აქციების ფასი 8%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 6%-ით არის დაკლებული.
BofA-ში Shopify-ის სამიზნე ფასი $78-დან $82-მდე გაზარდეს. ბანკის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ წლების განმავლობაში მოგების მარჟის შემცირების შემდეგ, კომპანია ახლა უკეთ აბალანსებს მომგებიანობასა და ზრდას. Bank of America-ში განაცხადეს, რომ მოელიან შემოსავლების სოლიდურ მატებას და თავისუფალი ფულადი ნაკადების (FCF) კონვერტაციის პოზიტიურ მაჩვენებელს, რაც გამოწვეულია ელექტრონული კომერციის მაღალი ერთნიშნა პროცენტული ზრდით, აქციების ფასის სტაბილური აღმასვლით და დისციპლინირებული ხარჯვით. FCF-ის კონვერტაცია არის ლიკვიდობის კოეფიციენტი, რომელიც ზომავს კომპანიის შესაძლებლობას, მოცემულ პერიოდში თავისი საოპერაციო მოგება თავისუფალ ფულად ნაკადად გარდაქმნას.
აღსანიშნავია, რომ ივნისში Shopify-მ დააანონსა პარტნიორობა Target-თან, რათა საცალო ვაჭრობის კომპანიას გაყიდვების ზრდაში დაეხმაროს.
ბოლო კვარტალური ანგარიში
Shopify-მ ბოლო კვარტალური ანგარიში 8 მაისს წარადგინა. 2024 წლის პირველ მეოთხედში კომპანიის შემოსავალი წლიურად 23%-ით (29%-ით, თუ Deliverr-ის ლოჯისტიკური ბიზნესის გაყიდვით გამოწვეულ ეფექტს გამოვრიცხავთ) — $1.86 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.84 მილიარდს. სააბონენტო-გადაწყვეტების შემოსავალი წლიურად 34%-ით — $511 მილიონამდე გაიზარდა, რაც გამოწვეული იყო პლატფორმაზე ახალი მოვაჭრეების დამატებით და კომპანიის სააბონენტო ფასების გაზრდით. სავაჭრო გადაწყვეტების სეგმენტის შემოსავალი, რომელიც მოიცავს მომსახურებას, როგორიცაა გადახდები, გადაზიდვები და დაფინანსება, წლიურად 20%-ით გაუმჯობესდა და $1.4 მილიარდს მიაღწია.
მთლიანი საქონლის მოცულობა (GMV) 23%-ით — $60.9 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო გადახდების მთლიანმა მოცულობამ 32%-ით მოიმატა და $36.2 მილიარდს მიაღწია.
კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე კი $0.20-ს მიაღწია, რამაც გადააჭარბა უოლ სტრიტის პროგნოზს — $0.17-ს.
პირველ კვარტალში თავისუფალი ფულადი ნაკადების მარჟამ 12% შეადგინა, თუმცა როგორც ეს მაჩვენებელი, ისე კორექტირებული EPS უგულებელყოფს აქციებზე დაფუძნებულ კომპენსაციას, რომელმაც კვარტალში $105 მილიონს მიაღწია.
რაც შეეხება მომავალს, Shopify-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე კვარტალში შემოსავლების ზრდა შენელდება. კომპანიაში პროგნოზირებენ, რომ მთლიანი მოგების მარჟა, გასულ კვარტალთან შედარებით, 50 საბაზისო პუნქტით შემცირდება.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Shopify-ის აქციებს?
Shopify-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $70.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 32 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $76.40-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $96.00-ს, ხოლო მინიმალური — $63.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Shopify-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 9.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 32 ანალიტიკოსიდან 18-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 14-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.