ივნისში, ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად, აშშ-ში სამომხმარებლო ფასებმა დაიკლო, რამაც, პოტენციურად, ფედერალურ სარეზერვო ბანკს (Fed) საპროცენტო განაკვეთების შემცირების სტიმული უნდა მისცეს.
გუშინ აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიურომ სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) მონაცემები გამოაქვეყნა — ივნისში ფასები, მაისთან შედარებით, 0.1%-ით შემცირდა. ეს არის პირველი ვარდნა 2022 წლის ივლისის და ყველაზე დიდი კლება 2020 წლის მაისის შემდეგ. ამ მოულოდნელმა დეფლაციამ ბაზრის მონაწილეებში გააძლიერა იმედი, რომ ფედერალური სარეზერვო ბანკის ღია ბაზრების კომიტეტი (FOMC) მალე საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს.
ინდექსის წლიურმა ზრდამ 3% შეადგინა. შედარებისთვის, მაისში CPI-მ წლიურად 3.3%-ით მოიმატა. ორივე მაჩვენებელი ჩამოუვარდებოდა ექსპერტების პროგნოზებს, რომლებიც Dow Jones Newswires-ისა და The Wall Street Journal-ის მიერ იქნა გამოკითხული.
ე. წ. „ძირითადი“ ინფლაცია, რომელიც სურსათისა და ენერგიის არასტაბილურ ფასებს გამორიცხავს, თვიურად 0.1%-ით გაიზარდა (მაისში დაფიქსირებული ზრდა — 0.2%). აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე მცირე აღმასვლაა 2021 წლის იანვრის შემდეგ.
„დღევანდელი CPI ანგარიში, სავარაუდოდ, ყველაზე გამამხნევებელი სიახლე იყო მას შემდეგ, რაც FOMC-მა ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო“ — წერენ Wells Fargo-ს ეკონომისტები, სარა ჰაუსი და მაიკლ პუგლიზი.
საპროცენტო განაკვეთების ზრდის მიზანი
უკვე თითქმის 12 თვეა, რაც Fed, ინფლაციის ჩახშობის მიზნით, საპროცენტო განაკვეთებს 23-წლიან მაქსიმალურ ნიშნულზე ინარჩუნებს. ეს მაჩვენებელი ზრდის საპროცენტო გადასახადს ყველა სახის სესხზე, მათ შორის იპოთეკაზე, საკრედიტო ბარათებზე და ავტო სესხებზე. სესხის აღების გაზრდილი ღირებულება მიზნად ისახავს მომხმარებლების მიერ ხარჯების შეზღუდვას, რაც ამცირებს მოთხოვნას და, თავის მხრივ, ანელებს ფასების ზრდას.
მას შემდეგ, რაც 2022 წლის ივნისში ინფლაციამ პიკს მიაღწია, Fed-ის გეგმამ იმუშავა, თუმცა ეს ყოველთვის მარტივი არ ყოფილა. საბოლოოდ, მიუხედავად მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ინფლაციის უმნიშვნელო მატებისა, ეს მაჩვენებელი, როგორც ჩანს Fed-ის წლიური მიზნისკენ — 2%-სკენ მიემართება.
გუშინდელი ანგარიში შეიძლება იყოს ერთ-ერთი საბოლოო სტიმული, რომელიც ეკონომიკურ მონაცემებზე ფოკუსირებულ Fed-ს საპროცენტო განაკვეთების შესამცირებლად სჭირდება.
როდის შეამცირებს Fed საპროცენტო განაკვეთებს?
მიუხედავად იმისა, რომ Fed-ის ოფიციალური პირები, სავარაუდოდ, საპროცენტო განაკვეთებს ივლისის ბოლოს (მომდევნო შეხვედრაზე) არ შეამცირებენ, ინვესტორები და ტრეიდერები მიიჩნევენ, რომ ეს სექტემბერში აუცილებლად მოხდება.
CME Group-ის FedWatch ინსტრუმენტის მიხედვით, რომელიც განაკვეთის ცვლილებებს ფედერალური ფონდების ფიუჩერსული ვაჭრობის მონაცემებზე დაყრდნობით პროგნოზირებს, ტრეიდერების აზრით, არსებობს 93%-იანი შანსი, რომ Fed საპროცენტო განაკვეთებს სექტემბერში გასამართ შეხვედრაზე შეამცირებს. 1 თვის წინ ეს მაჩვენებელი 2-ჯერ ნაკლები იყო, ხოლო გასულ კვირაში — 64%.
აღსანიშნავია, რომ გუშინდელი ანგარიშის შემდეგ, ინვესტორებმა ფული დააბანდეს ისეთი კომპანიების აქციებში, რომლებიც დაბალი საპროცენტო განაკვეთებით ისარგებლებენ. ასეთი ფორმებია: სამშენებლო კომპანიები, მათი მიმწოდებლები და უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტები (REIT).
„Fed ყურადღებას ამახვილებს მაღალი საპროცენტო განაკვეთების დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნების რისკებზე და ინფლაციის შესახებ გასული ორი თვის მანძილზე გავრცელებულმა პოზიტიურმა სიახლეებმა უნდა გააძლიეროს მათი ნდობა, რომ ინფლაცია დასახული მიზნისკენ მიემართება“ — წერს რაიან სვიტი, Oxford Economics-ის მთავარი ამერიკელი ეკონომისტი.
რა რისკებს შეიცავს საპროცენტო განაკვეთების შემცირების ზედმეტად გადადება?
მიმდინარე კვირაში Fed-ის ხელმძღვანელმა — ჯერომ პაუელმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ ცენტრალური ბანკი, საპროცენტო განაკვეთების შემცირებისთვის, ინფლაციის წლიურ 2%-იან მაჩვენებლამდე დაკლებას არ დაელოდება. კითხვა-პასუხის სესიაზე პაუელმა აღნიშნა, რომ დაყოვნების რისკები ძალიან დიდია.
უმუშევრობის მზარდი ტენდენციისა და ჯერ კიდევ მაღალი ინფლაციის პირობებში, Fed საეჭვო მდგომარეობაში აღმოჩნდა. აშშ-ის ცენტრალური ბანკი ცდილობს, საპროცენტო განაკვეთები საკმარისად მაღალი იყოს, რათა ინფლაციის დონე შემცირდეს, თუმცა არც იმდენად დიდი, რომ მასიური უმუშევრობა გამოიწვიოს.
„უახლესი მონაცემები გვიჩვენებს, რომ შრომის ბაზარი მნიშვნელოვნად „გაგრილდა“. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ახლა საქმე ორმხრივ რისკებთან გვაქვს და მათ დასაბალანსებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია” — განაცხადა პაუელმა.