Eli Lilly-ის პრეპარატმა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან (FDA) დასტური მიიღო ადრეული სიმპტომური ალცჰაიმერის სამკურნალოდ. კვლევებმა აჩვენა, რომ კომპანიის მედიკამენტმა დაავადების პროგრესირების შენელება შეძლო.
ყოველთვიური ინფუზია, რომელიც ცნობილია როგორც დონანემაბი, გაიყიდება ბრენდული სახელწოდებით — Kisunla. Eli Lilly-ის მენეჯმენტმა სამშაბათს განაცხადა, რომ 6-დან 18 თვემდე მკურნალობის ციკლისთვის მედიკამენტის ღირებულება $12,500-$50,000 იქნება.
მკურნალობამ ალცჰაიმერის პროგრესირების შენელების უნარი აჩვენა
Eli Lilly-ის წარმომადგენლების თქმით, კვლევებმა აჩვენა, რომ მედიკამენტმა კვლევის მესამე ფაზაში 18 თვის განმავლობაში, პლაცებოსთან შედარებით, კოგნიტური და ფუნქციური დაქვეითება 35%-მდე შეანელა. გარდა ამისა, პრეპარატმა კვლევის მონაწილეთა დაავადების მომდევნო კლინიკურ სტადიაზე გადასვლის რისკი დაახლოებით 39%-ით შეამცირა.
„ჩვენ ვიცით, რომ ამ მედიკამენტებს უდიდესი პოტენციური სარგებელი გააჩნია, როდესაც ადამიანებს მათი საშუალებით დაავადების ადრეულ ეტაპზე მკურნალობენ. სხვებთან ერთად ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ დაავადების გამოვლენა და დიაგნოზის დასმა გავაუმჯობესოთ“ — განაცხადა Eli Lilly Neuroscience-ის პრეზიდენტმა, ენ უაიტმა.
გრძელი გზა დამტკიცებამდე
დამტკიცებამდე მედიკამენტს მრავალი წინაღობის გადალახვა მოუწია, მათ შორის იყო დაგვიანება მარტში და უარყოფა 2023 წლის იანვარში საკმარისი მონაცემების არარსებობის მიზეზით. გასულ თვეში, დამოუკიდებელმა მრჩევლებმა რეკომენდაცია გაუწიეს მედიკამენტის დამტკიცებას, რამაც კომპანიის აქციების ფასი გაზარდა.
Kisunla უერთდება ბაზარს, როგორც ალცჰაიმერის სამკურნალო რამდენიმე პრეპარატიდან ერთ-ერთი. ახლა ის კონკურენციას გაუწევს Biogen-ისა და მისი იაპონური პარტნიორის — Eisai-ს მედიკამენტს, სახელად Leqembi-ს. ბოლო კვარტალური ანგარიშის წარდგენისას Biogen-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ პრეპარატის გლობალური გაყიდვები ბაზარზე, წინა კვარტალთან შედარებით, თითქმის სამჯერ გაიზარდა.
„Fed-ის დასტური აძლევს ხალხს მეტი არჩევანის საშუალებას და მეტი დროის ქონის უკეთეს შესაძლებლობას“ — განაცხადა ალცჰაიმერის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, დოქტორმა ჯოან პაიკმა. „მკურნალობის მრავალი ვარიანტის არსებობა არის ისეთი წინსვლა, რომელსაც ყველა ველოდით — ყველა ვისაც ოდნავი შეხება მაინც ჰქონია ამ დამანგრეველ დაავადებასთან“.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Eli Lilly-ის აქციებს?
Eli Lilly-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $898.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 20 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $892.29-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,041.00-ს, ხოლო მინიმალური — $725.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Eli Lilly-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 0.7%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 20 ანალიტიკოსიდან 16-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Eli Lilly-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.