გუშინ Boeing-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ხელახლა შეისყიდის ნაწილების მიმწოდებელ კომპანია Spirit AeroSystems-ს, რადგან თვითმფრინავების მწარმოებელი, რომელიც ბოლო პერიოდში პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, ცდილობს თავის მიწოდების ჯაჭვზე კონტროლი გააძლიეროს.
აღსანიშნავია, რომ Spirit Boeing-ის ნაწილი, შვილობილი კომპანია იყო მანამ, სანამ თვითმფრინავების მწარმოებელი მას ცალკე კომპანიად აქცევდა და გაყიდდა. ახლა კი Boeing ხელახლა შეიძენს კომპანიას და ტრანზაქცია სრულად აქციების საშუალებით შედგება. გარიგების ღირებულება $4.7 მილიარდს აღწევს, ანუ Spirit-ის თითო აქციისთვის Boeing $37.25-ს გადაიხდის.
ნაწილების მიმწოდებელ კომპანიის აქციონერები Spirit-ის თითო აქციის სანაცვლოდ Boeing-ის 0.18-0.25 აქციას მიიღებენ. ზუსტი რაოდენობა დამოკიდებულია Boeing-ის აქციების ფასზე, რომელიც გარიგების გაფორმების დროს იქნება დაფიქსირებული.
Boeing აძლიერებს კონტროლს მიწოდების ჯაჭვზე
Spirit, რომელიც Boeing-ის 737 თვითმფრინავებისთვის აწარმოებს ნაწილებს ფიუზელაჟების ჩათვლით, გადის შემოწმებას იანვარში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როდესაც ფრენისას ბოინგის თვითმფრინავის კარს საცობი მოსძვრა.
ამ ინციდენტმა გამოიწვია რეგულატორებისა და სამართალდამცავების მიერ გამოძიებების წამოწყება, ასევე ცვლილებები Boeing-ის მენეჯმენტის ზედა რგოლში — გენერალური დირექტორი დევიდ კალჰუნი თანამდებობიდან დატოვებას წლის ბოლომდე გეგმავს. ბოინგის უსაფრთხოების პრაქტიკები განხილვის საგანი გახდა მას შემდეგაც, რაც 2018 და 2019 წლებში ორი 737 Max თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გასული თვის განმავლობაში დევი კალჰუნი კანონმდებლებმა Boeing-ის პოლიტიკასთან დაკავშირებით დაკითხეს.
Boeing მოლაპარაკებებს Spirit-ის ხელახლა შესყიდვაზე მიმდინარე წლის დასაწყისიდან აწარმოებს, იანვარში დაფიქსირებული ინციდენტისა და ამ მიზეზით დაწყებული გამოძიების ფონზე.
Spirit-ის შესყიდვის ხელშეკრულებას გარკვეული წინაღობები შეხვდა, რადგან ნაწილების მიმწოდებელმა კომპანიამ, 2005 წელს ბოინგთან განშორების შემდეგ, რამდენიმე მომხმარებელი მოიპოვა, მათ შორის Airbus, Boeing-ის მთავარი კონკურენტი.
Airbus-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დაბლოკავენ ნებისმიერ გარიგებას, რომელიც Boeing-ის მიერ Airbus-ის ნაწილების წარმოებასთან დაკავშირებული ოპერაციების ნაწილის გაკონტროლებას გულისხმობს.
მხარეებმა წინ წაიწიეს მოლაპარაკებებში Spirit-ის ბიზნესის სამ ნაწილად დაყოფის თაობაზე, რაც Boeing-სა და Airbus-ს საშუალებას მისცემს, შეიძინონ Spirit-ის ბიზნესის ის მიმართულებები, რომლებიც თითოეული კომპანიის თვითმფრინავებს ნაწილებით ამარაგებს. დანარჩენი ოპერაციები შეიძლება ცალკე გაიყიდოს.
შესაბამისად, Airbus-მა და Spirit-მა ასევე მიაღწიეს შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანია შეიძენს Spirit-ის ბიზნესის იმ ნაწილს, რომელიც Airbus-ისთვის ნაწილებს აწარმოებს. კომპანიების წარმომადგენლების თქმით, მოსალოდნელია, რომ ტრანზაქცია მომავალი წლის შუა პერიოდში დაიხურება.
გავრცელებული ინფორმაციით, Boeing-ს ჯარიმა ემუქრება
გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ემზადება Boeing-ის წინააღმდეგ, თაღლითობის ბრალდებით, მორიგი საქმის აღძვრისთვის 2018 და 2019 წლების ავარიების გამო. რეგულატორები და სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ, დაარღვია თუ არა Boeing-მა შეთანხმება, რომელიც მან აშშ-ის მთავრობასთან ავარიების შემდეგ გააფორმა. კომპანიას უნდა დაეცვა უსაფრთხოების გარკვეული სტანდარტები, რათა სასამართლო დევნა თავიდან აეცილებინა.
Reuters-ის ცნობით, შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის გეგმები, სავარაუდოდ, მოიცავს Boeing-ისთვის თავისი კვლევის შედეგების წარდგენას და კითხვას, კომპანიის მენეჯმენტს აღიარებითი განცხადების გაკეთება სურს, თუ ამ საკითხის სასამართლოში განხილვა.
აღსანიშნავია, რომ Boeing კვარტალურ ანგარიშს მიმდინარე თვის ბოლოს გამოაქვეყნებს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Boeing-ისა და Spirit-ის აქციებს?
Boeing-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $187.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 23 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $213.21-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $270.00-ს, ხოლო მინიმალური — $140.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Boeing-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 14.2%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 23 ანალიტიკოსიდან 16-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Spirit AeroSystems-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $34.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 11 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $35.33-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $40.00-ს, ხოლო მინიმალური — $31.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Spirit AeroSystems-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 11 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.