ხვალ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, სპორტული ტანსაცმლის გიგანტი — Nike ფისკალური 2024 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსურ შედეგებს გამოაქვეყნებს.
Visible Alpha-ს მიერ შეჯამებული მონაცემებით, უოლ სტრიტის ანალიტიკოსები მოელიან, რომ Nike-ის შემოსავალი და მოგება, გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით, გაიზრდება. ანალიტიკოსების ვარაუდით, პირველი მათგანი $12.83 მილიარდს შეადგენს, ხოლო წმინდა მოგება — $1.03 მილიარდს, ანუ მოგება თითო განზავებულ აქციაზე (EPS) $0.66-ს გაუტოლდება.
მაჩვენებელი | ანალიტიკოსების პროგნოზები | ფისკალური 2024 წლის III კვ. | ფისკალური 2023 წლის IV კვ. |
შემოსავალი | $12.9 მილიარდი | $12.43 მილიარდი | $12.83 მილიარდი |
განზავებული EPS | $0.84 | $0.77 | $0.66 |
წმინდა მოგება | $1.28 მილიარდი | $1.17მილიარდი | $1.03 მილიარდი |
საკვანძო საკითხი — ფისკალური 2025 წლის პროგნოზი
პარასკევს Wedbush Securities-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ, სავარაუდოდ, Nike-ის მეოთხე კვარტლის ანგარიში მისი აქციების ფასზე არსებით გავლენას არ იქონიებს, რადგან უოლ სტრიტი განსაკუთრებულ შედეგებს არ მოელის. გარდა ამისა, კომპანიის მენეჯმენტმა მესამე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების გამოქვეყნებისას უკვე წარადგინა ფისკალური 2025 წლის პროგნოზები.
გუშინ Bank of America Securities-ის ანალიტიკოსებმა მსგავსი განწყობა გამოავლინეს და განაცხადეს, რომ კვარტალური შედეგების გამოქვეყნებისას ფისკალური 2025 წლის პროგნოზები ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება. მათი თქმით, მეოთხე კვარტლის შედეგები მხოლოდ გაყიდვებისა და მარჟის ტრაექტორიების ინდიკატორი იქნება.
გასული კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების გამოქვეყნებისას Nike-ის ფინანსურმა დირექტორმა — მეთიუ ფრენდმა განაცხადა, რომ, მენეჯმენტის აზრით, ფისკალური 2025 წლის პირველ ნახევარში შემოსავალი დაბალი ერთნიშნა პროცენტული მაჩვენებლით შემცირდება. მეთიუს თქმით, ასეთი პროგნოზი განპირობებულია Nike-ის სურვილით, პროდუქტების პორტფელი სიახლისა და ინოვაციებისკენ მიმართოს.
გასული წლის დეკემბერში, მეორე კვარტლის ანგარიშის გამოქვეყნებისას Nike-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანიის მაკროეკონომიკური წინააღმდეგობები გაიზარდა განსაკუთრებით ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში (EMEA), ასევე დიდი ჩინეთის1 რეგიონში. კომპანიის წარმომადგენლებმა მომდევნო სამი წლის განმავლობაში ხარჯების $2 მილიარდით შემცირებაც დააანონსეს.
ოლიმპიადა და ახალი პროდუქტების გამოშვება
Nike არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბრენდი, რომელიც ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ოლიმპიურ თამაშებშია ჩართული — მისი ლოგო ათობით ღონისძიებაზე უამრავ ფორმასა და ფეხსაცმელზეა გამოსახული. როგორც ცნობილია, Nike-ის აღმასრულებლებმა აპრილში, ოლიმპიური თამაშების შემადგენლობის წარდგენის სარეკლამო ღონისძიებაზე, თქვეს, რომ კომპანია გეგმავს, წინა წლებთან შედარებით, უფრო მეტი ფული დახარჯოს მარკეტინგულ კამპანიებზე ამ ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დროს.
Wedbush-ისა და J.P. Morgan-ის ანალიტიკოსების თქმით, კომპანიის რამდენიმე ძირითადი საცალო პარტნიორმა, როგორებიც არის Foot Locker და Dick’s Sporting Goods, ბოლო კვარტალური ანგარიშების გამოქვეყნებისას ოპტიმიზმი გამოხატეს Nike-ის ახალი პროდუქტების გამოშვებისა და ინოვაციების მიმართ.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Nike-ის აქციებს?
Nike-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $95.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 21 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $111.65-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $130.00-ს, ხოლო მინიმალური — $75.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nike-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 18%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 21 ანალიტიკოსიდან 15-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Nike-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] ეს ტერმინი ზოგჯერ გამოიყენება ყველა იმ რეგიონის აღსანიშნად, რომელზეც პრეტენზიას აცხადებს როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა (PRC), ისე ჩინეთის რესპუბლიკა (ROC).