გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Nvidia, Paramount Global, RXO და IBM.
Nvidia
გუშინ ჩიპების მწარმოებელი გიგანტის — Nvidia-ს აქციების ფასი თითქმის 7%-ით შემცირდა და მთელი ხელოვნური ინტელექტის (AI) ინდუსტრიაც თან გაიყოლა. Nvidia-სთან ერთად, Super Micro Computer-ისა და Taiwan Semiconductor Manufacturing-ის აქციების ფასებმა, შესაბამისად, თითქმის 8%-ით და 3%-ზე მეტით დაიკლო. ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული სიახლე არ გავრცელებულა, მაგრამ ინვესტორებს AI ჩიპებზე მოთხოვნის პერსპექტივა აფიქრებს.
Nvidia-ს ინსაიდერები1 აქციებს ყიდიან
პარასკევს, Nvidia-ს ინსაიდერებმა, მათ შორის აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯენსენ ჰუანგმა, დააანონსეს აქციების მასიური გაყიდვები, რაც დაკავშირებულია აქციების ოფციონებთან და ვარანტებთან2. ჰუანგმა განაცხადა, რომ ხუთშაბათს და პარასკევს ღია ბაზარზე Nvidia-ს 240,000 აქცია გაყიდა, რისი ჯამური ღირებულებაც $31.6 მილიონს შეადგენს.
მხოლოდ ივნისში აღმასრულებელმა დირექტორმა უკვე გაყიდა კომპანიის დაახლოებით $95 მილიონის ღირებულების აქცია.
ამასთან ჩიპების მწარმოებელმა გიგანტმა SEC-ს აცნობა, რომ ჯენსენი 2024 წლის 13 ივნისს Nvidia-ს 120,000 აქციის გაყიდვას გეგმავდა. ამ თარიღისთვის, ბაზრის დახურვისას, ტრანზაქციის ღირებულება დაახლოებით $15.5 მილიონი იქნებოდა.
ჯენსენ ჰუანგი არ იყო Nvidia-ს ერთადერთი აღმასრულებელი, რომელიც აქციებს ყიდდა. 2024 წლის 3 ივნისს ოპერაციების აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა — დებორა შოკუისტმა Nvidia-ს $45 მილიონზე მეტის ღირებულების 41,140 აქცია გაყიდა.
გაყიდვებში დირექტორთა საბჭოს რამდენიმე წევრიც ჩაერთო. დაუნ ჰადსონმა 2024 წლის 29 მაისიდან 3 ცალკეულ შემთხვევაში მთლიანობაში Nvidia-ს 25,000 აქცია გაყიდა. ბოლო კვირების განმავლობაში ჩიპების მწარმოებლის აქციები ასევე გაყიდეს საბჭოს წევრებმა ტენჩ კოქსმა, ჯონ დაბირიმ, მაიკლ მაკაფერიმ, ბრუკ სიუელმა და მარკ სტივენსმა.
ფოკუსი კვარტალურ ანგარიშებზე
ინვესტორებს აფიქრებთ მოთხოვნის ტენდენციები იმის ფონზე, რომ სულ რამდენიმე კვირა გვაშორებს ფინანსური ანგარიშების სეზონის დაწყებას 2024 წლის მეორე კვარტლისთვის. სწორედ მაშინ გავიგებთ იმ ტექნოლოგიური კომპანიების მოთხოვნისა და მარჟების შესახებ, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის პროდუქტებს ქმნიან. თუ მოთხოვნა ძლიერი აღმოჩნდა, შეიძლება აქციების ფასები გაიზარდოს.
ყველაფერი Nvidia-ზეა დამოკიდებული
Nvidia არის ყველაზე პოპულარული კომპანია ხელოვნური ინტელექტის სივრცეში და მისი წარმატება განაპირობებს Super Micro Computer-ისა და Taiwan Semiconductor Manufacturing-ის აღმასვლას, რადგან ისინი კომპანიის მომწოდებლები არიან და AI მოთხოვნის საერთო ზრდისგან მნიშვნელოვან სარგებელს იღებენ.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები ამ კომპანიების აქციებს?
Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $118.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 41 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $156.35-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,000.00-ს, ხოლო მინიმალური — $90.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 32.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 41 ანალიტიკოსიდან 38-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Super Micro Computer-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $827.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 9 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $1,066.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,500.00-ს, ხოლო მინიმალური — $800.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Super Micro Computer-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 29%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 9 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
TSMC-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $168.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 9 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $178.13-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $200.00-ს, ხოლო მინიმალური — $155.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი TSMC-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6%-იან ზრდას გულისხმობს.
Paramount Global
გუშინ Paramount Global-ის აქციების ფასი 1%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ Paramount+ სტრიმინგ სერვისის ფასების ზრდის გეგმები დააანონსა.
გასული წლის განმავლობაში ფასები სხვა სტრიმინგ კომპანიებმაც გაზარდეს, შემოიღეს რეკლამით მხარდაჭერილი დონეები, დაიწყეს მოლაპარაკებები სერვისების პაკეტების შექმნაზე, რადგან ინდუსტრია მუშაობს გამომწერების რაოდენობისა და მომგებიანობის გაზრდაზე.
რამდენად გაიზრდება Paramount+-ის ფასები?
Paramount+ Essential სერვისის ფასი ახალი გამომწერებისთვის თვეში $6-დან $8-მდე გაიზრდება. Paramount+ Showtime-ის ღირებულება 20 აგვისტოდან $12-დან $13-მდე მოიმატებს ახალი მომხმარებლებისთვის, ხოლო არსებული გამომწერებისთვის ეს ცვლილება 20 სექტემბრიდან შევა ძალაში.
სტრიმერის „შეზღუდული რეკლამების“ სერვისის კი $7-დან $8-მდე გაიზრდება არსებული და ახალი მომხმარებლებისთვის.
ფასების ზრდა Paramount-ის მიერ Warner Bros. Discovery’s-ის ანალოგიურ ნაბიჯს მოჰყვა. ამ კომპანიამ მიმდინარე თვის დასაწყისში Max სტრიმინგ სერვისის ფასები გაზრდა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Paramount-ის აქციებს?
Paramount Global-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $10.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $11.68-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $19.00-ს, ხოლო მინიმალური — $8.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Paramount Global-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 18 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 9-მ — გაყიდვის რეკომენდაცია.
RXO
გუშინ RXO-ს აქციების ფასი 23%-ით გაიზარდა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სატვირთო საბროკერო ფირმა დათანხმდა, შეიძინოს United Parcel Service-ის (UPS) Coyote Logistics ბიზნესი $1.025 მილიარდად. ეს გარიგება მნიშვნელოვნად გაზრდის კომპანიის მასშტაბებს და ბაზრის წილს.
მასშტაბის ზრდა
UPS-მა Coyote 2015 წელს $1.8 მილიარდად იყიდა, როგორც მისი სამრეწველო სატვირთო ოპერაციების გაფართოების საშუალება. მიმდინარე წლის იანვარში კი UPS-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა Coyote-ის გაყიდვა, რათა კომპანია სატრანსპორტო ბიზნესის ნაკლებად ციკლურ ასპექტებზე ფოკუსირდეს.
RXO, რომელიც სატვირთო კომპანია XPO-ს 2022 წლის ნოემბერში გამოეყო, ორიენტირებულია საბროკერო მიმართულებაზე ან გადამზიდებთან იმ მომხმარებელთა დაკავშირებაზე, რომლებსაც გადაზიდვის სერვისები ესაჭიროებათ. გარიგება RXO-ს აშშ-ში სიდიდით მესამე შუამავლად აქცევს — კომპანია არსებულ 4000-ს დაახლოებით 15000 მომხმარებელს დაამატებს.
კომპანია ასევე ფლობს კონტრაქტს, რომელიც 2030 წლის იანვრამდე UPS-ისთვის შუამავლობით სატრანსპორტო სერვისების მიწოდებას ითვალისწინებს.
„RXO-ის მიერ Coyote-ის შესყიდვა დაუყოვნებლივ გაზრდის ჩვენი საბროკერო ბიზნესის მასშტაბებს, რაც მომხმარებლებს უკეთესი პირობებით უზრუნველყოფს“ — განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა, დრიუ უილკერსონმა განცხადებაში. „Coyote-ის მომხმარებელთა ბაზის დამატება გაამრავალფეროვნებს RXO-ის ვერტიკალურ მიქსს და გაზრდის იმ მომხმარებელთა რაოდენობას, რომლებსაც ჩვენთვის ყოველწლიურად $1 მილიონზე მეტი შემოსავალი მოაქვს“.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები RXO-ის აქციებს?
RXO-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $25.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 11 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $20.67-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $25.00-ს, ხოლო მინიმალური — $15.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი RXO-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 17%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 11 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
IBM
გუშინ, ანალიტიკოსების პოზიტიური შეფასებების შემდეგ, IBM-ის აქციების ფასი 1%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 8%-ით არის გაუმჯობესებული.
Goldman Sachs-ის ანალიტიკოსებმა IBM-ის აქციების ყიდვის რეკომენდაცია და $200-ის ოდენობით სამიზნე ფასი მიანიჭეს. ეს მაჩვენებელი, ორშაბათის დახურვის ფასთან შედარებით, 14%-იან აღმასვლას გულისხმობს. ანალიტიკოსებმა ამ გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელეს პროგრამული უზრუნველყოფის, აპარატურისა და სერვისების კომპანიის ძალისხმევა გრძელვადიანი ზრდისა და ხელოვნურ ინტელექტში ინვესტირების მიმართულებით.
Goldman Sachs-ში ხაზი გაუსვეს IBM-ის ინფრასტრუქტურული პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესებულ ნაზავს, რომელიც ორიენტირებულია ღია კოდის და ხელოვნური ინტელექტის შეთავაზებებზე, ასევე საკონსულტაციო ბიზნესზე, რომელიც, ანალიტიკოსების აზრით, ბაზრის წილს ზრდის.
როგორ აფასებს უოლ სტრიტი IBM-ის აქციებს?
IBM-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $175.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $183.87-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $215.00-ს, ხოლო მინიმალური — $130.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი IBM-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5%-იან შემცირებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 15 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] პირი, რომელიც, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, კონფიდენციალურ ინფორმაციას ფლობს.
[2] კომპანიის აქციების კონკრეტულ თარიღში, კონკრეტულ ფასად შეძენის უფლება.