გუშინ, ანალიტიკოსების დადებითი შეფასების შემდეგ, Broadcom-ის აქციების ფასმა 5%-ზე მეტით მოიმატა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 69%-ით არის გაუმჯობესებული.
Broadcom არის ამერიკული ტრანსნაციონალური კომპანია, რომელიც ნახევარგამტარული და ინფრასტრუქტურული პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების ფართო სპექტრის დამპროექტებელი, დეველოპერი, მწარმოებელი და გლობალური მიმწოდებელია.
ანალიტიკოსების შეფასებები
გასულ კვირაში Broadcom-მა ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა და აქციების დაყოფა დააანონსა, რამაც უოლ სტრიტზე დადებითი რეაქციები გამოიწვია. კომპანიის ძლიერმა შედეგებმა ანალიტიკოსებს სამიზნე ფასების განახლებისკენ უბიძგა, რამაც Broadcom-ის აქციები კიდევ უფრო გააძლიერა. ეს ტენდენცია გაგრძელდა მიმდინარე კვირაში, როდესაც კომპანიის მიმართ ოპტიმისტური განწყობის ტალღას მეტი ანალიტიკოსი შეუერთდა.
Baird-ის ანალიტიკოსმა — ტრისტან გერამ Broadcom-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა, ხოლო სამიზნე ფასი მკვეთრად — $1,500-დან $1,950-მდე გაზარდა. პარასკევს სავაჭრო დღის ბოლოს დაფიქსირებულ ნიშნულთან შედარებით ეს 12%-იან ზრდას გულისხმობს. ანალიტიკოსმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ კომპანიის მენეჯმენტმა კომპიუტერული ქსელის შემოსავლის პროგნოზი მიმდინარე ფისკალური წლისთვის 40%-ით გაიზარდა და ივარაუდა, რომ AI შემოსავალი $11 მილიარდს მიაღწევს.
Deutsche Bank-ის ანალიტიკოსმა — როს სეიმორმა Broadcom-ის აქციებს ასევე ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა და სამიზნე ფასი $1,900-მდე გაზარდა. ამ გადაწყვეტილების მიზეზად მან დაასახელა მეორე კვარტალში დაფიქსირებული სოლიდური ზრდის ტემპი, რომელიც გამოწვეულია ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ძლიერი მიღწევებით და VMware-ის ინტეგრირებაში პროგრესით.
აქციების დაყოფა
Broadcom-ის ირგვლივ არსებული ინტერესის ყველაზე დიდი ფაქტორი არის აქციების დაყოფა 1/10 პროპორციით, რომელიც მომდევნო თვისთვის არის დაგეგმილი.
აღსანიშნავია, რომ Nvidia-ს აქციები ახლახან დაიყო — 22 მაისს ამ გადაწყვეტილების დაანონსების შემდეგ ჩიპების მწარმოებელი გიგანტის აქციების ფასი დღემდე დაახლოებით 39%-ით გაიზარდა და ზოგიერთი ინვესტორი იმედოვნებს, რომ Broadcom-იც მსგავს სარგებელს მიიღებს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ამის არანაირი გარანტია არ არსებობს. გარდა ამისა, აქციების დაყოფა მხოლოდ კოსმეტიკურია და კომპანიის ბიზნესში არაფერს ცვლის.
როგორ აფასებს უოლ სტრიტი Broadcom-ის აქციებს?
Broadcom-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $1,495.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 20 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $1,648.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $2,000.00-ს, ხოლო მინიმალური — $1,430.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Broadcom-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10.2%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 20 ანალიტიკოსიდან 18-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Broadcom-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.