გუშინ S&P Dow Jones Indices-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში S&P 500-ის წევრი კომპანიების მიერ აქციების გამოსყიდვის მაჩვენებელი გაიზარდა როგორც გასულ კვარტალთან, ისე 2023 წლის პირველ მეოთხედთან შედარებით.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აქციების გამოსყიდვაზე სულ $236.8 მილიარდი დაიხარჯა, რაც წლიურად დაახლოებით 10%-იან ზრდას გულისხმობს. შედარებისთვის, წინა კვარტალში ამ მაჩვენებელმა $219.1 მილიარდი შეადგინა, ხოლო გასული წლის იმავე მეოთხედში — $215.5 მილიარდი.
პირველ კვარტალში აქციების გამოსყიდვების ნახევარი უმსხვილეს კომპანიებზე მოდის
ინდექსის უმსხვილესი 20 კომპანია პირველ კვარტალში აქციების გამოსყიდვების 50.9%-ზე იყო პასუხისმგებელი, რაც ოდნავ ჩამოუვარდება გასული მეოთხედის მაჩვენებელს — 54%-ს, მაგრამ მაინც აღემატება ისტორიულ საშუალო ნიშნულს — 47.5%-ს.
2024 წლის პირველ კვარტალში მთლიანობაში 352-მა კომპანიამ მინიმუმ $5 მილიონის ღირებულების აქციები გამოისყიდა. შედარებისთვის, გასული წლის იმავე პერიოდში კომპანიების რაოდენობამ 358 შეადგინა.
ქვემოთ მოცემულია ტოპ 5 კომპანია S&P 500-დან, რომელთა აქციების გამოსყიდვის პროგრამამაც ყველაზე მაღალ ნიშნულებს მიაღწია:
- Apple — $23.5 მილიარდი
- Meta Platforms — $18.2 მილიარდი
- Alphabet — $15.7 მილიარდი
- Nvidia — $9.5 მილიარდი
- Wells Fargo — $6 მილიარდი
კვარტალში აქციების გამოსყიდვები შეამცირა მხოლოდ დისკრეციული სამომხმარებლო საქონლის სეგმენტმა. რამდენიმე საცალო მოვაჭრემ, კვარტალური შედეგების გამოქვეყნებისას, ინვესტორები მომხმარებლების მიერ დისკრეციული ხარჯების შემცირების შესახებ გააფრთხილა. ტექნოლოგიური, ფინანსური, ჯანდაცვისა და ძირითადი სამომხმარებლო პროდუქტების სექტორებში აქციების გამოსყიდვის ზრდა დაფიქსირდა.
შესაძლოა, საპროცენტო განაკვეთების შემცირების შესახებ არსებულმა გაურკვევლობამ აქციების გამოსყიდვები შეანელოს
თუმცა, გაურკვევლობამ იმის შესახებ, თუ როდის შეამცირებს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკი (Fed) საპროცენტო განაკვეთებს, შეიძლება წლის დარჩენილი ნაწილის განმავლობაში გავლენა იქონიოს აქციების გამოსყიდვის გეგმებზე.
„ბაზრის ამჟამინდელი მოლოდინების გათვალისწინებით, რომ საპროცენტო განაკვეთები წლის ბოლოსთვის შემცირდება, ამასთან გეოპოლიტიკური და საშინაო გაურკვევლობა გაგრძელდება, შესაძლოა, კომპანიებმა აქციების გამოსყიდვისგან ნაწილობრივ თავი შეიკავონ“ — განაცხადა S&P Dow Jones Indices-ის ანალიტიკოსმა, ჰოვარდ სილვერბლატმა.