Nvidia-ს აქციების ფასმა განაგრძო ზრდა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში ჩიპების მწარმოებელმა გიგანტმა რეკორდული კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა და აქციების 1/10 პროპორციით დაყოფა დააანონსა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, 5 ივნისს, Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ $3 ტრილიონს გადააჭარბა, რის შედეგადაც კომპანიამ Apple-ს გადაუსწრო და მსოფლიოს მასშტაბით მეორე ადგილი დაიკავა. თუმცა მას შემდეგ ეს მაჩვენებელი შემცირდა (სტატიის წერის დროისთვის $2.973 ტრილიონს შეადგენს) და Nvidia კვლავ მესამე ადგილს დაუბრუნდა.
რაც შეეხება აქციების დაყოფას, იმ ინვესტორებმა, რომლებიც 6 ივნისის მდგომარეობით Nvidia-ს აქციონერთა შორის იყვნენ, პარასკევს, 7 ივნისს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, კომპანიის დამატებით 9 ჩვეულებრივი აქცია მიიღეს. უკვე დაყოფილი აქციები საფონდო ბირჟაზე ხელმისაწვდომი დღეიდან, ბაზრის გახსნის შემდეგ, იქნება.
რას გულისხმობს Nvidia-ს აქციების 1/10 პროპორციით დაყოფა?
კომპანიის მიერ აქციების 1/10 პროპორციით დაყოფა გულისხმობს, რომ აქციების რაოდენობა 10-ჯერ იზრდება, ხოლო ფასი ამის პროპორციულად, ანუ 10-ჯერ მცირდება. ამგვარად, აქციების დაყოფა ინვესტორებს არ ამდიდრებს. ფაქტობრივად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია, რომელიც აქციების ფასის მათ რაოდენობაზე ნამრავლის ტოლია, აქციების დაყოფის შედეგად არ იცვლება.
თუმცა ინვესტორები ზოგადად დადებითად რეაგირებენ აქციების დაყოფის შესახებ კომპანიის განცხადებაზე, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ეს მიანიშნებს კომპანიის სურვილზე, მოიზიდოს მეტი ინვესტორი.
რა შეიძლება მოხდეს აქციების დაყოფის შემდეგ?
შესაძლოა, დაყოფის შემდეგ, ზოგიერთმა ინვესტორმა Nvidia-ს აქციები უფრო ხელმისაწვდომად მიიჩნიოს და მათი ყიდვა გადაწყვიტოს, რაც ზრდის მოთხოვნას და, თავის მხრივ, აქციების ფასს. მაგალითად, როდესაც 2022 წელს Amazon-მა აქციები 1/20 პროპორციით დაყო, მომდევნო დღეებში მათი ფასი გაიზარდა.
აქციების დაყოფა ასევე შეიძლება მიანიშნებდეს ბაზარს, რომ კომპანიის აქციების ფასი საკმარისად გაიზარდა ამ ნაბიჯის გადასადგმელად და, შესაძლოა, ინვესტორებს გაუჩნდეთ იმედი, რომ ეს ზრდა მომავალშიც გაგრძელდება.
გარდა ამისა, აქციების დაყოფამ შეიძლება Nvidia-სთვის გაზარდოს შანსები, Dow Jones Industrial Average-ს (DJIA) და სხვა მსგავს ინდექსებს შეუერთდეს. ფასის მიხედვით შეწონილი ინდექსები, როგორიც არის Dow, ერიდებიან ძვირადღირებული აქციების დამატებას, რადგან შეიძლება მათი ფასის ცვლილებამ ინდექსზე დიდი გავლენა იქონიოს.
ასეთ ინდექსებში გაერთიანებაც ხელს უწყობს კომპანიის აქციების ფასის მატებას, რადგან იზრდება ცნობადობა და ამასთან, ფონდებს, რომლებიც კონკრეტული ინდექსის წარმადობას იმეორებს, ამ კომპანიის აქციების შეძენა უწევთ.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Nvidia-ს აქციებს?
Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $121.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 40 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $122.69-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $150.00-ს, ხოლო მინიმალური — $90.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 40 ანალიტიკოსიდან 37-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Nvidia-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
კონტენტი მოწოდებულია საინფორმაციო მიზნით და არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას. ყველა ინვესტიცია შეიცავს რისკს, ამიტომ აუცილებელია, ინვესტირებამდე საკუთარი კვლევა ჩაატაროთ.