კვირას Advanced Micro Devices-ის (AMD) მენეჯმენტმა საზოგადოებას გააცნო დეტალები კომპანიის უახლესი AI პროცესორების შესახებ და მომდევნო წლებისთვის ხელოვნური ინტელექტის ჩიპების განვითარების გეგმები განიხილა.
ტაივანის დედაქალაქ ტაიბეიში საინფორმაციო ტექნოლოგიების საერთაშორისო შოუ — Computex კვირას გაიმართა, სადაც AMD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლიზა სუმ MI325X აქსელერატორი წარადგინა. ჩიპების მწარმოებელ კომპანიაში მოელიან, რომ ახალი პროდუქტის ბაზრისთვის მიწოდება მიმდინარე წლის მეოთხე კვარტლიდან გახდება შესაძლებელი.
კომპანიამ, რომელიც, AI სივრცის ლიდერის — Nvidia-ს მსგავსად, მიზნად ისახავს, ახალი პროდუქტების ყოველწლიურად გამოშვებას, ასევე წარადგინა ჩიპების ახალი თაობის ოჯახი — MI350. AMD-ში მოელიან, რომ ეს პროდუქტი მომხმარებლებამდე 2025 წელს მიაღწევს. კომპანიაში აღნიშნეს, რომ მისი დიზაინი აღჭურვილი იქნება ახალი ჩიპების არქიტექტურით.
AI AMD-ის მთავარი პრიორიტეტია
AMD-ს მენეჯმენტის თქმით, კომპანიაში მოელიან, რომ MI350 გენერაციული AI პასუხების გამოთვლაში 35-ჯერ უკეთესი იქნება, ვიდრე კომპანიის MI300 AI ჩიპები, რომლებიც გასული წლის ბოლოს გამოვიდა.
გარდა ამისა, ჩიპების მწარმოებელმა წარადგინა MI400 სერია, რომლის გამოსვლაც 2026 წლისთვის არის მოსალოდნელი. AMD-ის წარმომადგენლების თქმით, ამ სერიის ჩიპები დაფუძნებული იქნება არქიტექტურაზე სახელწოდებით „Next”.
აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ AI AMD-ის ნომერ პირველი პრიორიტეტია და კომპანია ყველაფერს აკეთებს ამ მიმართულებით განვითარებისთვის.
AMD განაგრძობს AI ჩიპების ბაზრის წილის ჩამოყალიბებას
AI გიგანტი — Nvidia ხელოვნური ინტელექტის ჩიპების ბაზრის დაახლოებით 80%-ზე დომინირებს. თუმცა AMD განაგრძობს ბაზრის წილის ჩამოყალიბებას, რადგან მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები ზრდიან AI ინფრასტრუქტურის ხარჯებს კომპლექსური აპლიკაციებისა და ტექნოლოგიებზე აგებული ენობრივი მოდელების გასაძლიერებლად.
გასულ კვირაში Microsoft-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია, თავისი Copilot AI მოდელების გასაძლიერებლად, AMD Instinct გრაფიკული დამუშავების ერთეულებს (GPU) იყენებს. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საინვესტიციო ბანკის — Morgan Stanley-ის ანალიტიკოსებმა გამოაქვეყნეს პროგნოზი, რომლის მიხედვითაც შეიძლება წელს AMD-ის AI ჩიპების გაყიდვებმა $4 მილიარდს გადააჭარბოს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები AMD-ის აქციებს?
AMD-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $164.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 36 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $192.56-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $265.00-ს, ხოლო მინიმალური — $140.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი AMD-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 17.7%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 36 ანალიტიკოსიდან 30-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
AMD-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.