გუშინ AstraZeneca-ს აქციების ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია მას შემდეგ, რაც მედიკამენტების მწარმოებელმა ანგლო-შვედურმა კომპანიამ ზრდის გეგმები დააანონსა.
წლის დასაწყისიდან კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 16%-ით არის გაუმჯობესებული.
AstraZeneca-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ 2030 წლისთვის მიზნად ისახავს $80 მილიარდის მოცულობის მთლიანი წლიური შემოსავლის დაფიქსირებას. შედარებისთვის, გასულ წელს ამ მაჩვენებელმა $45.8 მილიარდი შეადგინა. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ეს მიიღწევა არსებული ონკოლოგიური, ბიოფარმაცევტული საშუალებების და იშვიათი დაავადებების პორტფელის მნიშვნელოვანი ზრდით; ასევე მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში 20 ახალი მედიკამენტის გამოშვებით.
გარდა ამისა, AstraZeneca-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მიზნად ისახავს 2026 წლისთვის დაახლოებით 35%-36%-ის ტოლი საოპერაციო მარჟის მიღწევას. კომპანიის წარმომადგენლებმა დასძინეს, რომ მომდევნო წლებში მათი მიზანი ამ ნიშნულის შენარჩუნება იქნება.
AstraZeneca-ს აღმასრულებელმა დირექტორმა — პასკალ სორიოტმა ამ გეგმას „ზრდის ახალი ერა“ უწოდა. კომპანიის პრესრელიზი ექსპანსიის მიზნების შესახებ წინ უსწრებდა AstraZeneca-ს ინვესტორების დღის ღონისძიებას, სადაც პასკალმა თქვა, რომ ფირმის 20 ახალი მედიკამენტიდან, რომლის გამოშვებასაც მენეჯმენტი ათწლეულის ბოლომდე მოელის, 12-ის პიკურმა წლიურმა შემოსავალმა შეიძლება $5 მილიარდს გადააჭარბოს.
ორშაბათს კი AstraZeneca-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ სინგაპურში $1.5 მილიარდის ღირებულების ახალი ობიექტის აშენება იგეგმება.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები AstraZeneca-ს აქციებს?
AstraZeneca-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $79.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 7 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $80.75-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $84.00-ს, ხოლო მინიმალური — $78.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი AstraZeneca-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 7 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
AstraZeneca-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.