გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Walmart-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი საცალო ვაჭრობის კომპანიის აქციების ფასი 7%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 21%-ით არის გაუმჯობესებული.
Walmart თავის ოპერაციებს სამ სეგმენტად ყოფს: Walmart U.S., Walmart International და Sam’s Club. მათგან პირველი ორი წარმოადგენს Walmart-ის ბრენდის მაღაზიებისა და პროდუქტების დაყოფას გეოგრაფიულ საფუძველზე, ხოლო მესამე, Sam’s Club, სასაწყობე მაღაზიაა.
კომპანიის აღმასრულებლებმა ისაუბრეს Walmart-ის სტრატეგიაზე, მომხმარებლებს უფრო დაბალი ფასები და მეტად მოსახერხებელი სავაჭრო ვარიანტები შესთავაზოს. ამასთან მათ ხაზი გაუსვეს მომხმარებელთა ბაზაში უფრო მაღალი შემოსავლის მქონე მყიდველების წილის ზრდას.
ფისკალური 2025 წლის პირველ კვარტალში Walmart-ის კონსოლიდირებული შემოსავალი წლიურად 6%-ით — $161.5 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $159.45 მილიარდი). კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი 22.4%-ით მოიმატა და $0.6-ს მიაღწია, რამაც ასევე გადააჭარბა უოლ სტრიტის პროგნოზს — $0.51-ს.
მაჩვენებელი | ფისკალური 2025 წლის I კვარტალი | მენეჯმენტის მოლოდინები | ფისკალური 2024 წლის I კვარტალი | წლიური ცვლილება (%) |
---|---|---|---|---|
კონსოლიდირებული შემოსავალი | $161.5 მილიარდი | 4%-5%-იანი ზრდა | $152.3 მილიარდი | 6% |
საოპერაციო შემოსავალი | $6.84 მილიარდი | 3%-4.5%-იანი ზრდა | $6.24 მილიარდი | 9.6% |
კორექტირებული საოპერაციო შემოსავალი | $7.1 მილიარდი | არ არის ცნობილი | $6.24 მილიარდი | 13.7% |
კორექტირებული EPS | $0.60 | $0.49-$0.52 | $0.49 | 22.4% |
ფასები და სამომხმარებლო ბიუჯეტი
Walmart-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — დაგ მაკმილონმა განაცხადა, რომ, ისტორიულად, კომპანია პრიორიტეტს ანიჭებს მომხმარებლებისთვის ღირებულების მიწოდებას და გეგმავს განაგრძოს „ფასებით ხელმძღვანელობა“, რადგან საზოგადოებამ ბევრი საცალო მოვაჭრე გააკრიტიკა იმის გამო, რომ მათი ფასები ზედმეტად მაღალი იყო.
„ჩვენ ყოველთვის გამოვირჩეოდით ხელმისაწვდომი ფასებით, მაგრამ სულ უფრო მეტად ვხდებით ცნობილი მოხერხებულობით. ასე რომ, მიუხედავად იმისა, გარემო ინფლაციურია თუ დეფლაციური, მომხმარებელს მეტი ფული აქვს თუ — ნაკლები, ჩვენი სამუშაოს კარგად შესრულების შემთხვევაში, შეგვიძლია, ბაზრის წილის ზრდა განვაგრძოთ“ — თქვა მაკმილონმა.
აღმასრულებლებმა აღნიშნეს, რომ ბევრი მომხმარებელი კვლავ განაგრძობს ხარჯების შემცირებას, ინარჩუნებს ფოკუსირებას ძირითად შესყიდვებზე და თავს არიდებს დისკრეციულ ხარჯებს.
ღირებულებისა და მოხერხებულობის კომბინაცია
Walmart-ის წარმომადგენლების თქმით, კომპანია მომხმარებელთა ბაზას წლიური შემოსავლების მიხედვით ყოფს. ამ მიმართულებით გამოიყოფა 3 დონე:
- $50,000-მდე
- $50,000-$100,000
- $100,000+
Walmart-ის მომხმარებელთა ბაზა, როგორც წესი, თითოეული კატეგორიის მესამედს მოიცავს.
თუმცა, რამდენადაც ფასები და საპროცენტო განაკვეთები ეკონომიკის სხვა სფეროებში ამაღლებული დარჩა, აღმასრულებლებმა განაცხადეს, რომ ბოლო კვარტლებში მაღალშემოსავლიანი მომხმარებლების წილი გაიზარდა. Walmart-ის ფინანსურმა დირექტორმა — ჯონ დევიდ რეინიმ თქვა, რომ გასული კვარტლის განმავლობაში უმაღლესი შემოსავლის მქონე შინამეურნეობებმა Walmart-ის საბაზრო წილის ზრდის უდიდესი ნაწილი შეადგინა.
აღმასრულებელმა დირექტორმა კი განაცხადა, რომ კომპანია არ ცდილობს უფრო მაღალშემოსავლიან მომხმარებლებზე ფოკუსირებას, მისი თქმით, Walmart ბაზარს სთავაზობს სწორ ნივთებს სწორ ფასებში.
ელექტრონული კომერცია, რეკლამირება, გამოწერის სერვისი და AI
Walmart-ის მენეჯმენტმა თქვა, რომ კომპანიას, გარდა მისი ფიზიკური მაღაზიებისა, მრავალი მზარდი ბიზნეს მიმართულება გააჩნია. მათ შორის არის ელექტრონული კომერციის განყოფილება, რომელიც, დევიდ რეინის თქმით, მსოფლიოში ნებისმიერ კომპანიას გაუწევს ამ სფეროში კონკურენციას მიწოდების მოცულობის თვალსაზრისით.
Walmart-ს აქვს მზარდი სარეკლამო და გამოწერაზე დაფუძნებული ბიზნესები, რომლებმაც შეიძლება ზრდა განაგრძოს. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისში Walmart ტელევიზორების მწარმოებელი კომპანიის — Vizio-ს შეძენას დათანხმდა. მისი გამოწერაზე დაფუძნებული სერვისი — Walmart+ კი მომხმარებლებს სთავაზობს უპირატესობებს, როგორიც არის, მაგალითად, ერთდღიანი მიწოდება.
აღმასრულებლებმა ასევე ხაზი გაუსვეს ხელოვნურ ინტელექტს (AI), როგორც ზრდის სფეროს. Walmart ნერგავს AI ტექნოლოგიას, რომელიც Sam’s Club-ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მაღაზიიდან, კარებთან ქვითრის შემოწმების გარეშე გავიდნენ.
ფოკუსირება ინვესტიციის უკუგებაზე
გასულ თვეში მენეჯმენტმა Walmart Health კლინიკები დახურა, რადგან კომპანია ფოკუსირებულია ინვესტიციის უკუგების გაზრდაზე. აღსანიშნავია, რომ უკვე 5 წელია, რაც Walmart ჯანდაცვის მიმართულების განვითარებისკენ ისწრაფოდა.
ფინანსურმა დირექტორმა განაცხადა, რომ Walmart ხარჯების მონიტორინგში მომავალშიც დისციპლინირებულ მიდგომას შეინარჩუნებს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Walmart-ის აქციებს?
Walmart-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $64.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 27 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $66.64-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $75.99-ს, ხოლო მინიმალური — $59.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Walmart-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 27 ანალიტიკოსიდან 24-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Walmart-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.