ინვესტირების სამყაროში, სადაც შესაძლოა ბაზრები ყოველდღიურად მნიშვნელოვანი მერყეობით ხასიათდებოდეს, გრძელვადიანი მიდგომა სტაბილურობისა და წარმატებისთვის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს. მოკლევადიანი ვაჭრობის სტრატეგიები შეიძლება სწრაფ მოგებას (ან ზარალს) გვპირდებოდეს, თუმცა გრძელვადიანი, დისციპლინირებული მიდგომა ხშირად საუკეთესო არჩევანია. დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ გრძელვადიანი ინვესტირების უპირატესობებს და გავიგებთ, თუ რატომ არის ის ინვესტორებისთვის ფინანსური წარმატების ქვაკუთხედი.
რთული პროცენტის ეფექტი
რთული პროცენტი, შეიძლება, ფინანსებში თქვენი ყველაზე უარესი მტერი ან საუკეთესო მეგობარი იყოს. როდესაც საქმე ვალს ეხება, შესაძლოა, მან დიდი ზიანი მოგაყენოთ. ინვესტირების დროს რთული პროცენტის ეფექტი თავს იჩენს მაშინ, როდესაც თქვენ მიერ გამომუშავებული შემოსავალი თავად იწყებს კიდევ უფრო მეტი ფულის გამომუშავებას.
რაც უფრო მეტი დრო გექნებათ ინვესტირებისთვის, მით უფრო მეტად შეძლებთ რთული პროცენტის ეფექტით სარგებლობას. ამას კი უფრო თვალსაჩინოდ ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ნახავთ.
ცვალებადობის გადალახვა
ფინანსური ბაზრები არასტაბილურობით გამოირჩევა — ფასები იცვლება ეკონომიკური მონაცემების, გეოპოლიტიკური მოვლენებისა და ინვესტორების განწყობის საპასუხოდ. გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებულ ინვესტორებს შესანიშნავად ესმით, რომ ბაზრის დროებითი ვარდნა საინვესტიციო მოგზაურობის ნაწილია. გრძელვადიანი მიდგომის შენარჩუნებით და ბაზრის მოკლევადიან მოძრაობებზე იმპულსურად რეაგირებისგან თავის არიდებით, ინვესტორებს შეუძლიათ საფონდო ბირჟის ცვალებადობას მოთმინებითა და დისციპლინით გაუმკლავდნენ.
ხარჯების შემცირება
ხშირმა ვაჭრობამ და მოკლევადიანი ინვესტირების სტრატეგიებმა შეიძლება ტრანზაქციის უფრო მაღალი ხარჯები გამოიწვიოს, რაც დროთა განმავლობაში ინვესტიციებისგან მიღებულ სარგებელს შეამცირებს. ამის საპირისპიროდ, გრძელვადიანი მიდგომა, ჩვეულებრივ, ნაკლებ ტრანზაქციას გულისხმობს. საინვესტიციო პორტფელებში ბრუნვის მინიმიზაციისა და „buy and hold“ სტრატეგიის დანერგვის გზით, ინვესტორებს შეუძლიათ, მაქსიმალურად გაზარდონ ანაზღაურება და ხშირ ვაჭრობასთან დაკავშირებული არასაჭირო ხარჯები თავიდან აიცილონ. გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ინვესტიციების წარმადობაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს.
კოგნიტური მიკერძოებების დაძლევა და დისციპლინის დანერგვა
ინვესტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ქცევითი მიკერძოების დაძლევაა. ფიქსაციის, დადასტურების, ირაციონალური ენთუზიაზმის ხაფანგები და სხვა კოგნიტური მიკერძოებები არის ის ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება არახელსაყრელი საინვესტიციო გადაწყვეტილებები გამოიწვიოს. გრძელვადიან პერსპექტივაში ინვესტირება ხელს უწყობს ინვესტორებს, დანერგონ დისციპლინირებული მიდგომა, ფოკუსირდნენ ფუნდამენტურ ფაქტორებზე, როგორებიც არის კომპანიის შემოსავალი, მოგება, ზრდის პერსპექტივები და ა. შ. გრძელვადიანი მიდგომის შენარჩუნებით და საინვესტიციო სტრატეგიის დისციპლინირებულად განხორციელებით, ინვესტორებს შეუძლიათ, დაძლიონ კოგნიტური მიკერძოებები და მიიღონ რაციონალური გადაწყვეტილებები, რომლებიც ჯანსაღ საინვესტიციო პრინციპებს ეყრდნობა.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.