გუშინ, ბაზრის დახურვის შემდეგ, Google-ის მშობელმა კომპანიამ — Alphabet-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. After-hours”1 ვაჭრობაში კი ტექნოლოგიური გიგანტის აქციების ფასი 11%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 13%-ით არის გაუმჯობესებული.
2024 წლის პირველ კვარტალში Alphabet-ის შემოსავალი წლიურად 15%-ით — $80.54 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $78.71 მილიარდი). ტექნოლოგიური გიგანტის წმინდა მოგებამ კი $23.66 მილიარდს, ანუ თითო აქციაზე $1.89-ს მიაღწია, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზს — $18.95 მილიარდს (თითო აქციაზე — $1.51).
აღსანიშნავია, რომ Alphabet-ის დირექტორთა საბჭომ, ისტორიაში პირველად, დაამტკიცა დივიდენდების პროგრამა, რომელიც თითო აქციაზე კვარტალურად $0.20-იანი სარგებლის გაცემას გულისხმობს. პირველ დივიდენდებს 17 ივნისს მიიღებენ ინვესტორები, რომლებიც 10 ივნისის მდგომარეობით კომპანიის აქციონერთა სიაში იქნებიან.
„პირველ კვარტალში დაფიქსირებული შედეგები ასახავს Search-ის, YouTube-ისა და Cloud-ის ძლიერ წარმადობას“ — განაცხადა Alphabet-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სუნდარ პიჩაიმ. „ჩვენი ლიდერობა ხელოვნური ინტელექტის კვლევასა და ინფრასტრუქტურაში, ამასთან კომპანიის პროდუქტების გლობალური გავრცელება, AI ინოვაციების შემდეგი ტალღის გამოსაყენებლად შესანიშნავ პოზიციაში გვაყენებს“.
2024 წლის I კვ. | ანალიტიკოსების პროგნოზები | 2023 წლის I კვ. | წლიური ცვლილება (%) | |
---|---|---|---|---|
შემოსავალი | $80.54 მლრდ. | $78.8 მლრდ. | $69.79 მლრდ. | 15.4% |
განზავებული EPS | $1.89 | $1.51 | $1.17 | 61.5% |
წმინდა მოგება | $23.66 მლრდ. | $18.95 მლრდ. | $15.05 მლრდ. | 57.2% |
გარდა ამისა, საბჭომ $70 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვაც დაამტკიცა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Alphabet-ის აქციებს?
Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $158.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 37 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $167.51-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $185.00-ს, ხოლო მინიმალური — $141.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 7.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 37 ანალიტიკოსიდან 30-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Alphabet-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.