გუშინ, ბაზრის დახურვის შემდეგ, Microsoft-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. „After-hours“1 ვაჭრობაში კი ტექნოლოგიური გიგანტის აქციების ფასი 4%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 8%-ით არის გაუმჯობესებული.
ფისკალური 2024 წლის მესამე კვარტალში Microsoft-ის შემოსავალი წლიურად 17%-ით — $61.9 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $60.8 მილიარდი). საოპერაციო შემოსავალი 23%-ით — $27.6 მილიარდამდე გაუმჯობესდა, ხოლო წმინდა მოგებამ 20%-ით მოიმატა და $21.9 მილიარდი შეადგინა, ანუ მოგება თითო განზავებულ აქციაზე $2.94 იყო (პროგნოზი — $2.82).
კვარტალური მაჩვენებლების გამოქვეყნების შემდეგ, Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორმა — სატია ნადელამ და ფინანსურმა დირექტორმა — ემი ჰუდმა კომპანიის შესახებ საინტერესო კომენტარები გააკეთეს. დღეს სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ.
AI და ქლუად ინვესტიციები ხარჯებს ზრდის
ემი ჰუდის განცხადებით, Microsoft-ში მოელიან, რომ კაპიტალური დანახარჯები გაიზრდება თანმიმდევრულად, ქლაუდ და ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურებში ინვესტირების შედეგად.
ფინანსურმა დირექტორმა თქვა, რომ 2025 წელს, მიმდინარე წელთან შედარებით, კაპიტალური ხარჯები გაიზრდება, თუმცა მომავალი წლის განმავლობაში ეს დანახარჯები დამოკიდებული იქნება მოთხოვნის სიგნალებზე და კომპანიის სერვისების ათვისების ხარისხზე.
ემიმ ისიც აღნიშნა, რომ მენეჯმენტის მოლოდინით, საოპერაციო მარჟა წლიურად მხოლოდ 1%-ით შემცირდება, მიუხედავად კომპანიის დიდი მოცულობის ინვესტიციებისა ქლაუდ და AI ინფრასტრუქტურებში.
AI-ის ბუმის მიუხედავად, მოგებას ქლაუდ სეგმენტი ზრდის
ტექნოლოგიურმა გიგანტმა ხელოვნური ინტელექტის სივრცეში ადრეულ ეტაპზევე მყარი პოზიცია დაიკავა მაშინ, როდესაც ChatGPT-ის შემქმნელ OpenAI-ში ინვესტიცია ჩადო. ამის შემდეგ ინვესტორებისთვის AI მიმართულება ინტერესის მთავარ სფეროს წარმოადგენს, მაგრამ, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, გასულ კვარტალში Microsoft-ის მოგების ზრდა ქლაუდ სეგმენტმა განაპირობა.
ტექნოლოგიური გიგანტის ქლაუდ მიმართულების შემოსავალი კვარტალში წლიურად 23%-ით — $35.1 მილიარდამდე გაიზარდა.
ემი ჰუდმა განმარტა, რომ სამუშაო დატვირთვის ოპტიმიზაცია, რომელსაც მომხმარებლებმა Azure-ის საშუალებით მიაღწიეს, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს გადამწყვეტია ამ ტექნოლოგიისგან სასურველი ფასეულობის მისაღებად.
Copilot-ის ინტეგრაციის შესაძლებლობები კომპანიას კონკურენტებისგან გამოარჩევს
კითხვაზე, თუ რას ფიქრობენ Microsoft-ში Copilot-ზე იმის ფონზე, რომ კონკურენტები AI ასისტენტებს წარადგენენ, სატია ნადელამ უპასუხა: „ამ ინსტრუმენტის ჰორიზონტალური ინტეგრაცია კომპანიას კონკურენტებისგან გამოარჩევს“.
აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ Mircosoft-ის Copilot-ს აქვს შესაძლებლობა, განახორციელოს მონაცემების ინტეგრაცია Microsoft Office-ის შეთავაზებებიდან, ისევე როგორც სხვა სერვისებიდან, როგორებიც არის ServiceNow და Salesforce. სატიას თქმით, ეს ინსტრუმენტები არ არის საკმარისად დაფასებული იმის ფონზე, თუ რამდენად ამარტივებს ისინი სამუშაო პროცესს.
Microsoft-მა Copilot 2023 წელს წარადგინა და მოგვიანებით გამოწერის ფასიანი სერვისი დააანონსა. სატია ნადელამ განაცხადა, რომ კომპანიას ამ სერვისს 350,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
Azure AI-ზე მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს
Azure AI მომხმარებლებს AI აპლიკაციების შემუშავებაში ეხმარება. Microsoft-ის მენეჯმენტის თქმით, ამ სერვისზე მოთხოვნა უფრო მაღალია, ვიდრე კომპანიის მიწოდების შესაძლებლობები.
„ამჟამად უახლოესი მოთხოვნა AI-ზე ოდნავ აღემატება Microsoft-ის ხელმისაწვდომ შესაძლებლობებს“ — თქვა ემი ჰუდმა. მოგვიანებით მან განმარტა, რომ ეს დისბალანსი აღინიშნება Azure სეგმენტში და არა Copilot-ში.
ემის განცხადებით, სამართლიანია იმის თქმა, რომ ასეთი სიტუაცია, სავარაუდოდ, მომავალ კვარტალში კომპანიის მაჩვენებლებზე იმოქმედებს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Microsoft-ის აქციებს?
Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $404.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 34 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $477.41-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $550.00-ს, ხოლო მინიმალური — $440.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 20%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 34 ანალიტიკოსიდან 32-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Microsoft-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.