გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის IBM, Ford, AT&T, Boeing და Humana.
IBM
გუშინ, ბაზრის დახურვის შემდეგ, IBM-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. გარდა ამისა, კომპანიის მენეჯმენტმა დაადასტურა, რომ $6.4 მილიარდად შეიძენს ქლაუდ პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელ HashiCorp-ს. „After-hours”1 ვაჭრობაში კი გამოთვლითი და საკონსულტაციო გიგანტის აქციების ფასი 8%-ზე მეტით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 14%-ით არის გაუმჯობესებული.
2024 წლის პირველ კვარტალში IBM-ის შემოსავალი წლიურად 1.5%-ით — $14.46 მილიარდამდე გაიზარდა, თუმცა ეს მაჩვენებელი ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $14,51 მილიარდს. კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $1.68-ს მიაღწია (პროგნოზი — $1.58). ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლის შემთხვევაში კი EPS-მა $1.72 შეადგინა, რამაც ანალიტიკოსების პროგნოზს $0.41-ით გადააჭარბა.
მოდით, შემოსავალს უფრო ჩავუღრმავდეთ. გასულ მეოთხედში პროგრამული უზრუნველყოფიდან მიღებული შემოსავალი 6%-ით — $5.90 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ჩამორჩა უოლ სტრიტის პროგნოზს — $5.96 მილიარდს. კონსულტაციებიდან გამომუშავებული შემოსავალი წლიურად ოდნავ შემცირდა $5.19 მილიარდამდე, ხოლო ინფრასტრუქტურის შემოსავალმა $3.08 მილიარდს მიაღწია, რაც აჭარბებს ანალიტიკოსების მოლოდინს — $2.94 მილიარდს. IBM-ის ხელოვნური ინტელექტის (AI) ბიზნესმა, რომელიც მოიცავს რეალურ გაყიდვებს და შეკვეთებს სხვადასხვა შეთავაზებიდან, დააფიქსირა თანმიმდევრული ზრდა და კვარტალში $1 მილიარდს გადააჭარბა.
გარდა ამისა, IBM-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ აპირებს HashiCorp-ის შეძენას ნაღდი ფულით. ტრანზაქციის ღირებულება თითო აქციაზე $35-ს, ანუ მთლიანობაში $6.4 მილიარდს აღწევს.
IBM-ში მოელიან, რომ შესყიდვის პროცესი 2024 წლის ბოლოსთვის დასრულდება. მიუხედავად იმისა, რომ გარიგება ორივე კომპანიის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა, ახლა საჭიროა დასტური როგორც მარეგულირებლებისგან, ისე HashiCorp-ის აქციონერებისგან.
IBM-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $184.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 12 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $192.58-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $220.00-ს, ხოლო მინიმალური — $125.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი IBM-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 12 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Ford
გუშინ, ბაზრის დახურვის შემდეგ, Ford-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. „After-hours” ვაჭრობაში კი ამერიკული ავტომწარმოებლის აქციების ფასი თითქმის 2%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 6%-ით არის გაუმჯობესებული.
გასულ კვარტალში Ford-ის შემოსავალმა $42.8 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $42.94 მილიარდი), ხოლო კორექტირებულმა EPS-მა — $0.49 (პროგნოზი — $0.42).
აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯონ ფარლიმ ხაზი გაუსვა კომპანიის Ford Pro განყოფილების წარმატებას, რომელიც კომერციულ მომხმარებლებს ემსახურება. მისი თქმით ამ სეგმენტის შემოსავალი 36%-ით გაიზარდა, რაც განაპირობა მოთხოვნამ სამუშაო სატვირთო მანქანებზე და E-Transit-ებზე.
Ford-ის ტრადიციული წვის ძრავების და ჰიბრიდული მანქანების სეგმენტის შემოსავალი წლიურად 13%-ით შემცირდა, მაგრამ დარჩა მომგებიანი კომპანიის ყველა ბაზარზე. მენეჯმენტის თქმით, ვარდნის დიდი ნაწილი გამოწვეული იყო ახალი F-150 პიკაპის წარმოების ნელი ტემპით, მაგრამ ახლა ისინი მომხმარებლებს მიეწოდება.
Ford-ის ელექტრომობილების განყოფილება იყო ყველაზე სუსტი კომპანიაში, რადგან მისი შემოსავალი წლიურად 84%-ით დაეცა. მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ელექტრომობილების (EV) ხარჯები უნდა გაუმჯობესდეს, მაგრამ EV მწარმოებლებს შორის მიმდინარე საფასო ომი შემოსავალზე ნეგატიურად ზემოქმედებს.
ფინანსური დირექტორის — ჯონ ლოულერის თქმით, კომპანიაში პროგნოზირებენ, რომ მთელი წლის განმავლობაში კორექტირებული თავისუფალი ფულადი ნაკადები $6.5-$7.5 მილიარდს მიაღწევს (ძველი პროგნოზი — $6-$7 მილიარდი), ხოლო კაპიტალური ხარჯები $8-$9 მილიარდს (წინა პროგნოზი — $8-$9.5 მილიარდი).
გარდა ამისა, Ford-ის მენეჯმენტმა მეორე კვარტლისთვის დააანონსა რეგულარული დივიდენდი $0.15-ის ოდენობით, რომელიც 3 ივნისს გაიცემა.
Ford-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $13.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $13.31-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $17.00-ს, ხოლო მინიმალური — $9.75-ს. საშუალო სამიზნე ფასი Ford-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 14 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და 3-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
AT&T
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, AT&T-მ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ტელეკომუნიკაციების გიგანტის აქციების ფასი თითქმის 2%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3%-ით არის შემცირებული.
პირველი კვარტლის შედეგებმა აჩვენა, რომ AT&T-ის მენეჯმენტი ასრულებს თავის დაპირებას, ფოკუსირდეს კომპანიის ძირითად სატელეკომუნიკაციო ბიზნესზე და თავიდან აიცილოს ყურადღების გაფანტვა, მაგალითად, მედია კომპანიებთან შერწყმაზე. სწორედ ამან იმოქმედა ბოლო ათწლეულის განმავლობაში AT&T-ის აქციებზე ნეგატიურად.
გასულ მეოთხედში ტელეკომუნიკაციების კომპანიის შემოსავალი წლიურად 0.4%-ით — $30 მილიარდამდე შემცირდა, რადგან აღჭურვილობისა და საკაბელო შემოსავლების კლებამ მობილურობის სერვისების შემოსავლის 3.3%-იანი ზრდა ($16 მილიარდამდე) გააბათილა. თუმცა, საბოლოოდ, მთლიანმა შემოსავალმა გაცილებით გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $28.7 მილიარდს.
AT&T-ის მენეჯმენტმა ასევე განაცხადა, რომ ფასიანი სატელეფონო სერვისის ახალი ყოველთვიური აბონენტების რაოდენობამ 348,000-ს მიაღწია, რამაც საგრძნობლად გადააჭარბა კონკურენტის — Verizon Communications-ის შედეგს. ამ უკანასკნელის შემთხვევაში აბონენტების რაოდენობა შემცირდა.
კორექტირებული EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) $10.6 მილიარდიდან $11 მილიარდამდე გაიზარდა. კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე კი $0.60-დან $0.55-მდე დაიკლო, მაგრამ ამ მაჩვენებელმა მაინც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $0.50-ს.
რაც შეეხება მომავალს, AT&T-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მთელი წლის განმავლობაში უკაბელო სერვისების შემოსავალი 3%-ით გაიზრდება, ფართოხაზოვანი სერვისის — მინიმუმ 7%-ით, ხოლო კორექტირებული EBITDA — დაახლოებით 3%-ით.
კომპანიაში ასევე პროგნოზირებენ, რომ კორექტირებული EPS 2.15$-2.25$-ს მიაღწევს.
AT&T-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $17.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $20.89-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $29.00-ს, ხოლო მინიმალური — $17.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი AT&T-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 24.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 15 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Boeing
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Boeing-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ავიაკოსმოსური გიგანტის აქციების ფასი თითქმის 3%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 35%-ით არის დაკლებული.
Boeing-ის პრობლემები უკვე ცნობილია. კომპანია კრიზისში აღმოჩნდა 2019 წელს მას შემდეგ, რაც მის 737 MAX-ს, რამდენიმე ფატალური ავარიის შემდეგ, ფრენის აკრძალვა შეეხო. Boeing-ის საინჟინრო და საწარმოო პრაქტიკა სერიოზული კითხვის ნიშნების ქვეშ დგას, რომლებიც არა მხოლოდ MAX-ს, არამედ 787 Dreamliner-სა და 777X-საც ეხება.
გასულ კვარტალში Boeing-ის შემოსავალმა $16.57 მილიარდს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $16.5 მილიარდი). ზარალმა თითო აქციაზე კი $1.13 შეადგინა, თუმცა ამ მაჩვენებელმაც გადააჭარბა უოლ სტრიტის პროგნოზს — -$1.63-ს. წინა მეოთხედში Boeing-ის ფულადმა ნაკადებმა უარყოფითი $3.9 მილიარდი შეადგინა, რაც თითქმის 600 მილიონით ჩამორჩება ანალიტიკოსების მოლოდინს.
კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნებისას Boeing-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია ახორციელებს ყოვლისმომცველ ქმედებებს კომერციულ ბიზნესში ხარისხისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად. Boeing-ის წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ, გასული კვარტლის დასასრულის მდგომარეობით, კომპანიას ანგარიშზე ჯერ კიდევ აქვს $7.5 მილიარდის მოცულობის ნაღდი ფული და ადვილად რეალიზებადი ფასიანი ქაღალდები.
Boeing-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $164.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 25 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $229.46-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $300.00-ს, ხოლო მინიმალური — $140.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Boeing-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 40%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 25 ანალიტიკოსიდან 17-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Humana
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Humana-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ჯანმრთელობის დაზღვევის კომპანიის აქციების ფასი თითქმის 4%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 33%-ით არის დაკლებული.
გასულ კვარტალში Humana-ს კორექტირებული შემოსავალი წლიურად 14%-ით — $29.6 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $28.52 მილიარდი). წმინდა მოგებამ კი 23%-ით დაიკლო და $1.2 მილიარდი შეადგინა, ანუ კორექტირებული EPS $7.23 იყო (პროგნოზი — $6.12).
Humana-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ძლიერი შედეგები გამოწვეული იყო მოსალოდნელზე დაბალი ადმინისტრაციული ხარჯებით.
რაც შეეხება მომავალს, Humana-ს მენეჯმენტი მოელის, რომ სრული 2024 წლის განმავლობაში კომპანიის კორექტირებული EPS $16-ს მიაღწევს, რაც ჩამორჩება ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზს — $16.36-ს.
Humana-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $316.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 20 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $362.86-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $430.00-ს, ხოლო მინიმალური — $2.30-ს. საშუალო სამიზნე ფასი Humana-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 15%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 20 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 11-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.