გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Verizon, Tencent, PDD Holdings, JD.com, Informatica და Salesforce.
Verizon
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Verizon-მა კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ტელეკომუნიკაციების გიგანტის აქციების ფასი თითქმის 5%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1%-ით არის დაკლებული.
2024 წლის პირველ კვარტალში Verizon-ის შემოსავალმა წლიურად მცირედით, 0.2%-ით მოიმატა და $33 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $33.24 მილიარდი). მოგება თითო აქციაზე (EPS) კი 6.8%-ით — $1.09-მდე შემცირდა, რაც შეესაბამებოდა უოლ სტრიტის მოლოდინს.
კვარტალური შედეგების უფრო დეტალურად ნახვა ქვემოთ მოცემულ ცხრილში შეგიძლიათ.
მაჩვენებელი | 2024 წლის I კვ. | ანალიტიკოსების პროგნოზები | 2023 წლის I კვ. | წლიური ცვლილება |
---|---|---|---|---|
შემოსავალი | $33.0 მილიარდი | $33.24 მილიარდი | $32.9 მილიარდი | 0.2% |
EPS | $1.09 | $1.09 | $1.17 | -6.8% |
კორექტირებული EPS | $1.15 | $1.12 | $1.20 | -4.2% |
უკაბელო სერვისების შემოსავალი | $19.5 მილიარდი | არ არის ცნობილი | $18.9 მილიარდი | 3.3% |
კაპიტალური ხარჯები | $4.4 მილიარდი | არ არის ცნობილი | $6.0 მილიარდი | -26.7% |
Verizon არის ტელეკომუნიკაციების კომპანია, რომელიც შეერთებული შტატების მასშტაბით კორპორატიულ და საცალო კლიენტებს უკაბელო და ფართოხაზოვანი სერვისების ფართო სპექტრს სთავაზობს. მისი ძირითადი ბიზნესი მობილური საკომუნიკაციო მომსახურების, ფართოხაზოვანი ინტერნეტისა და ქსელური ინფრასტრუქტურის სერვისების გარშემო ტრიალებს.
ახლახან Verizon-ის მენეჯმენტმა ყურადღება გაამახვილა 5G ქსელის გაფართოებაზე და მომხმარებლებისთვის უკაბელო სერვისების შეთავაზებაზე. ამ სფეროებში წარმატება უმთავრესია კონკურენტული უპირატესობის შესანარჩუნებლად, ინდუსტრიის სწრაფი ტექნოლოგიური წინსვლისა და მძვინვარე კონკურენციის გათვალისწინებით.
უკაბელო სერვისების შემოსავლის 3.3%-იანი ზრდა ხაზს უსვამს Verizon-ის საბაზრო სტრატეგიების ეფექტიანობას, მათ შორის საფასო მოქმედებებს და მომხმარებლების მიერ პრემიუმ სერვისების ათვისებას. გარდა ამისა, კომპანიამ თავისი კაპიტალური ხარჯების ეფექტიანად მართვა შეძლო — გასულ კვარტალში ისინი წლიურად $6-დან $4.4 მილიარდამდე შეამცირა. ეს ხელს უწყობს ფოკუსირებას სტრატეგიულ ინვესტიციებზე, განსაკუთრებით 5G-ის გაფართოებასა და ქსელის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში.
თუმცა, ყველა მაჩვენებელი იმედისმომცემი არ ყოფილა. Verizon Business-ის სეგმენტმა წლიურად შემოსავლის 1.6%-იანი კლება დააფიქსირა, რაც სტრატეგიული კორექტირების საჭიროებას ასახავს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნეს სეგმენტის ფიქსირებული უკაბელო სერვისის შემოსავლები გაიზარდა, მენეჯმენტმა ხაზი გაუსვა კონკურენტულ ზეწოლას ამ სექტორში.
მთელი წლისთვის Verizon-ის წარმომადგენლების პროგნოზი უცვლელია. კომპანიაში მოელიან, რომ 2024 წელს უკაბელო სერვისის შემოსავალი 2%-3.5%-ით გაიზრდება, ხოლო კორექტირებული EPS $4.50-$4.70-ს მიაღწევს, რაც შეესაბამება ანალიტიკოსების პროგნოზებს და გვაფიქრებინებს, რომ კომპანიის ფინანსური სიჯანსაღე სიმყარეს ინარჩუნებს.
Verizon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $39.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $44.39-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $50.00-ს, ხოლო მინიმალური — $34.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Verizon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 15%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 18 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Tencent, PDD Holdings & JD.com
გუშინ ჩინური კომპანიების — Tencent-ის, PDD Holdings-ისა და JD.com-ის აქციების ფასები, შესაბამისად, 5.23%-ით, 9.38%-ითა და 5.80%-ით გაიზარდა. ეს სინქრონული აღმასვლა მოჰყვა ხელსაყრელ მარეგულირებელ განვითარებას კერძო ჩინური კომპანიებისა და აქციებისთვის. გარდა ამისა, Tencent-ის მენეჯმენტმა დააანონსა პოპულარული მობილური თამაშის ადრეული გამოშვება, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
South China Morning Post-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომისია შეეცდება, ხელი შეუწყოს ჰონგ-კონგის ბირჟაზე მეტი კომპანიის აქციების დაშვებას. ეს ხდება მას შემდეგ, რაც ჩინეთის ახალმა მარეგულირებელმა შემოიღო მთელი რიგი რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავს, უფრო მკაცრი მოთხოვნების დაწესებას Hong Kong Stock Exchange-ზე დაშვებული ფირმებისთვის. ეს ნაბიჯი ზოგადად წამახალისებლად განიხილება, რადგან ჰონგ-კონგსა და ჩინეთში უცხოური კაპიტალის მოზიდვაზეა ორიენტირებული.
2021 წლიდან ჩინეთის მთავრობამ მიიღო გარკვეული ზომები მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების წინააღმდეგ, რამაც მათი აქციების მასიური გაყიდვა და ქვეყნიდან უცხოური კაპიტალის გადინება გამოიწვია.
ამ კონტექსტის გათვალისწინებით, სახელმწიფო მოხელეების მხრიდან ნებისმიერ ჟესტს, რომელიც ბაზრისთვის სასარგებლოდ იქნება მიჩნეული ან უცხოური კაპიტალის ნაკადებს წაახალისებს, პოტენციურად, ჩინური კომპანიების აქციებზე პოზიტიურად ზემოქმედება შეუძლია. როგორც ჩანს, ახლა სწორედ ამის მაგალითს ვხედავთ.
გარდა ამისა, Tencent-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ პოპულარულ თამაშის — „Dungeon & Fighter Mobile“-ის (DnF) მობილური ვერსია, რომლის გამოშვებაც 21 მაისისთვის იყო დაგეგმილი, მომხმარებლებისთვის უფრო ადრე გახდება ხელმისაწვდომი.
აღსანიშნავია, რომ DnF კორეაში დაფუძნებული Nexeon-ის მიერ 2025 წელს შეიქმნა, როგორც კომპიუტერული თამაში. მაგრამ Tencent, გარდა იმისა, რომ ფლობს თამაშების მრავალ სტუდიას, ჩინეთის ბაზრისთვის სხვა კომპანიების თამაშებსაც უშვებს. Tencent პოპულარულ თამაშს მობილურისთვის მაისში გამოუშვებს და, როგორც ჩანს, ეს მოვლენა ინვესტორებში დიდ ინტერესს იწვევს. თამაშის თავდაპირველ ვერსიას გლობალურად 850 მილიონი დარეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს და გამოშვების დღიდან მან კომპანიას $22 მილიარდის მოცულობის შემოსავალი მოუტანა.
სიახლის შემდეგ Jefferies-ის ანალიტიკოსმა — თომას ჩონგმა თქვა, რომ DnF-ის გამოშვებამ შეიძლება ხელი შეუწყოს Tencent-ის თამაშებისგან მიღებულ შემოსავალს, რომელიც გასულ კვარტალში წლიურად 3%-ით შემცირდა. ანალიტიკოსმა ისიც აღნიშნა, რომ Tencent-ს აქვს სხვა განვითარებადი ფრენჩაიზები, რომლებმაც ასევე უნდა შეუწყოს ხელი ზრდას, რადგან, როგორც ჩანს, 2024 წელს ჩინეთის მარეგულირებლები უფრო ლმობიერ დამოკიდებულებას იჩენენ თამაშების დამტკიცების მიმართ. გარდა ამისა, თომასმა Tencent ერთ-ერთ საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობად დაასახელა.
Tencent-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $41.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 2 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $42.80-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $46.00-ს, ხოლო მინიმალური — $39.60-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tencent-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 2 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, ხოლო 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი.
PDD Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $124.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 12 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $182.78-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $226.00-ს, ხოლო მინიმალური — $136.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი PDD Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 47%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 12 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
JD.com-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $27.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $37.97-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $80.00-ს, ხოლო მინიმალური — $18.52-ს. საშუალო სამიზნე ფასი JD.com-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 41%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 14 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Informatica & Salesforce
გუშინ პროგრამული უზრუნველყოფის ამერიკული კომპანიის — Informatica-ს აქციების ფასი 10%-ზე მეტით შემცირდა მას შემდეგ, რაც მენეჯმენტმა დაადასტურა, რომ Salesforce კომპანიას აღარ შეიძენს. წლის დასაწყისიდან Informatica-ს აქციების ფასი დაახლოებით 17%-ით არის გაუმჯობესებული.
აპრილის დასაწყისში Informatica-ს აქციების ფასი შემცირდა მას შემდეგ, რაც The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Salesforce ქლაუდზე დაფუძნებული მონაცემთა მართვის კომპანიის შეძენას საბაზრო ფასზე იაფად აპირებდა. თუმცა გუშინ Informatica-ს მენეჯმენტმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ის არ არის ჩართული მოლაპარაკებებში შესყიდვის შესახებ.
შეიძლება გვეფიქრა, რომ გუშინდელ სიახლეს Informatica-ს აქციებზე პოზიტიურად უნდა ემოქმედა, მაგრამ ასე არ მოხდა. კომპანიის აქციების ფასი შემცირდა, სავარაუდოდ, პასუხგაუცემელი კითხვების გამო. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკება Salesforce-თან, რეალური იყო, მაგრამ უბრალოდ ფასის გამო ჩაიშალა. Informatica-ს ხელმძღვანელობის კომენტარი კი ამ საკითხს ნათელს არ ჰფენს.
აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ Informatica-ს მენეჯმენტს კომპანია შეთავაზებულზე ოდნავ მაღალ ფასად გაეყიდა, მაგრამ Salesforce-ს მეტი გადახდა არ სურდა. ეს შესაძლებლობა კი ინვესტორებს Informatica-ს მიმართ ნდობით არ განაწყობს და, შესაძლოა, სწორედ ამით აიხსნას გუშინდელი ვარდნა.
კომპანიის გაყიდვის შესახებ ჭორების აღმოფხვრის პარალელურად, Informatica-ს მენეჯმენტმა ინვესტორებს მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე კვარტლის შედეგების შესახებ. კომპანიაში მოელიან, რომ 2024 წლის პირველ მეოთხედში შემოსავალი მენეჯმენტის წინა საპროგნოზო დიაპაზონის ზედა ზღვარს მიაღწევს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, ეს მაჩვენებელი წლიურად მხოლოდ დაახლოებით 6%-ით გაუმჯობესდება.
Informatica პირველი კვარტლის ფინანსურ შედეგებს 1 მაისს გამოაქვეყნებს.
რაც შეეხება Salesforce-ს, აღსანიშნავია, რომ შესყიდვებისადმი მისი წარმოუდგენელი მიდრეკილების გათვალისწინებით (2006 წლიდან 70-ზე მეტი კომპანია შეიძინა), კომპანიამ ბოლო კვარტლებში ბევრი აქტივისტი ინვესტორის ყურადღება მიიზიდა. ისინი კომპანიის მენეჯმენტს მოუწოდებენ, ყურადღება გადაიტანოს ხარჯების შემცირებაზე, მოგების გაუმჯობესებასა და აქციების გამოსყიდვაზე. გასულ თვეში, ამ აქტივისტი ინვესტორების დასამშვიდებლად, Salesforce-ის მენეჯმენტმა დაშალა კომიტეტი, რომელიც ფოკუსირებული იყო შერწყმასა და შესყიდვაზე.
გუშინ Salesforce-ის აქციების ფასი 1%-ზე მეტით გაიზარდა, წლის დასაწყისიდან კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 7%-ით არის გაუმჯობესებული.
Informatica-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $31.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $38.92-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $45.00-ს, ხოლო მინიმალური — $30.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Informatica-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 23.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 13 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Salesforce-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $274.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 38 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $338.61-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $380.00-ს, ხოლო მინიმალური — $260.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Salesforce-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 24%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 38 ანალიტიკოსიდან 28-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 10-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.