გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Amazon, Bank of America, Johnson & Johnson, United Airlines და Northern Trust.
Amazon
გუშინ Amazon Web Services-ის (AWS) წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ Claude 3 Opus, კომპანიის პარტნიორის — Anthropic-ის ყველაზე ძლიერი AI (ხელოვნური ინტელექტი) მოდელი, ხელმისაწვდომია Amazon Bedrock-ზე, რამაც შეიძლება ბაზარზე ელექტრონული კომერციის გიგანტის პოზიცია გააძლიეროს.
გასულ თვეში Anthropic-მა წარადგინა თავისი ხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელის — Claude 3-ის უახლესი თაობა. კომპანიის წარმომადგენლების თქმით ის შემეცნებითი ამოცანების ფართო სპექტრში ინდუსტრიის ახალ საორიენტაციო ნიშნულებს აყალიბებს.
Anthropic-მა წარმოადგინა ხელოვნური ინტელექტის სამი უახლესი მოდელი შესაძლებლობების აღმავალი თანმიმდევრობით: Claude 3 Haiku, Claude 3 Sonnet და Claude 3 Opus. თითოეული შემდეგი მოდელი მომხმარებლებს სთავაზობს უფრო მძლავრ წარმადობას, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თავიანთი კონკრეტული აპლიკაციისთვის ინტელექტის, სიჩქარისა და ღირებულების ოპტიმალური ბალანსი შეარჩიონ.
Anthropic-ის მტკიცებით, Claude 3 Opus-მა მათემატიკაში, ცოდნასა და კოდში აჯობა Microsoft-ის მიერ მხარდაჭერილ OpenAI-ის GPT-4-ს და Alphabet-ის Google Gemini Ultra-ს.
ახლა უკვე Claude 3 Opus ხელმისაწვდომია Amazon Bedrock-ში — სრულად მართულ სერვისში, რომელიც გვთავაზობს მაღალი ხარისხის ფუნდამენტურ მოდელებს (FM) ერთი აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისის (API) მეშვეობით და AWS-ის მომხმარებელი საწარმოებისთვის გენერაციული AI აპლიკაციების შესაქმნელად.
Anthropic-ის Claude მოდელის უახლესი თაობა გამოვიდა მაშინ, როდესაც Amazon, Google და Microsoft, ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე, ამ სფეროში თავიანთი პოზიციების გამყარებაზე მუშაობენ.
მათმა AI-სთან დაკავშირებულმა ინვესტიციებმა ასევე მიიპყრო ანტიმონოპოლიური მარეგულირებლების ყურადღება — იანვარში ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ (FTC) წამოიწყო გამოძიება Google-ის, Amazon-ის, Anthropic-ის, Microsoft-ისა და OpenAI-ის გენერაციული AI ინვესტიციებისა და პარტნიორობების შესახებ.
Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $183.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 41 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $212.21-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $230.00-ს, ხოლო მინიმალური — $198.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16%-იან ზრდას გულისხმობს.
Bank of America
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Bank of America-მ კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ბანკის აქციების ფასი 3%-ზე მეტით შემცირდა. როგორც ჩანს, შემოსავალსა და მოგებაზე მეტად ინვესტორები ფოკუსირებულნი არიან გაზრდილ ხარჯებზე და უიმედო სესხების ჩამოწერაზე, რომლებმაც მოლოდინებს გადააჭარბა.
მიმდინარე წლის განმავლობაში კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 2%-ით არის გაუმჯობესებული.
პირველ კვარტალში Bank of America-ს შემოსავალი წლიურად 2%-ით — $25.82 მილიარდამდე შემცირდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $25.49 მილიარდი). თითო აქციაზე მოგებამ (EPS) კი $0.83 შეადგინა (პროგნოზი — $0.76).
სამომხმარებლო საბანკო სეგმენტში შემოსავალი 5%-ით შემცირდა, საშუალო დეპოზიტები კი — 7%-ით, მაგრამ ბევრად აღემატება პანდემიამდელ დონეს. ბანკს კვარტალში 245,000 ახალი მიმდინარე ანგარიში დაემატა, გლობალური მასშტაბით ძლიერი ზრდა დაფიქსირდა სიმდიდრის მართვის, საბანკო და საბაზრო განყოფილებებში.
„ჩვენ ძლიერი კვარტალი გვქონდა, რადგან კომპანია კარგად მუშაობდა, შეიძინა ახალი კლიენტები და გააღრმავა ურთიერთობები“ — აღნიშნა აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრაიან მოინიჰანმა განცხადებაში.
თუმცა იყო გარკვეული მინიშნებები უწყვეტი ეკონომიკური გაურკვევლობის შესახებ. უიმედო სესხების ჩამოწერამ $1.5 მილიარდი შეადგინა, რაც 2023 წლის ბოლო სამი თვის მაჩვენებელზე 26%-ით მეტია და მნიშვნელოვნად აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.26 მილიარდს.
გასულ კვარტალში Bank of America-ს ერთჯერად წინაღობებთანაც მოუწიათ გამკლავება. მათ შორის იყო $700 მილიონის ოდენობის „სპეციალური მოსაკრებელი“, რომელიც დაწესებულია დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაციის (FDIC) მიერ, რისი მიზანიც პოტენციური ზარალის დაზღვევაა.
Bank of America-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $35.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 20 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $39.29-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $46.00-ს, ხოლო მინიმალური — $33.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Bank of America-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 20 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Johnson & Johnson
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Johnson & Johnson-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ჯანდაცვის კომპანიის აქციების ფასი 2%-ზე მეტით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 10%-ით არის დაკლებული.
პირველ კვარტალში Johnson & Johnson-ის შემოსავალი წლიურად 2%-ზე მეტით — $21.38 მილიარდამდე გაიზარდა, მაგრამ ეს მაჩვენებელი ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $21.4 მილიარდს. კორექტირებული წმინდა მოგება კი თითქმის 4%-ით — $6.58 მილიარდამდე გაიზარდა, ანუ კორექტირებული EPS $2.71 იყო (პროგნოზი — $2.64).
რაც შეეხება მომავალს, Johnson & Johnson-ის მენეჯმენტი ახლა მოელის, რომ მთელი წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალი $88-$88.4 მილიარდს მიაღწევს (ძველი პროგნოზი — $87.8-$88.6 მილიარდი). კომპანიაში ასევე მოელიან, რომ კორექტირებული EPS $10.57-$10.72-ს შეადგენს (წინა პროგნოზი — $10.55-$10.75).
Johnson & Johnson-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $144.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 12 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $179.17-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $215.00-ს, ხოლო მინიმალური — $160.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Johnson & Johnson-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 24%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 12 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
United Airlines
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, United Airlines-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ავიაკომპანიის აქციების ფასი 1%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2%-ით არის გაუმჯობესებული.
31 მარტს დასრულებული სამთვიანი პერიოდის განმავლობაში, ჩიკაგოში დაფუძნებულმა ავიაკომპანიამ შემოსავალი წლიურად თითქმის 10%-ით — $12.54 მილიარდამდე გაზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $12.45 მილიარდი). კორექტირებულმა ზარალმა თითო აქციაზე კი 0.15 შეადგინა (პროგნოზი — -$0.57).
United Airlines-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ იანვარში Max 9 თვითმფრინავების დროებითი გაჩერება (ფრენის დროს კარის სარქვლების აფეთქების გამო) კომპანიას დაახლოებით $200 მილიონი დაუჯდა. ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა დასძინეს, რომ გასულ კვარტალში United Airlines მოგებას გამოიმუშავებდა, რომ არა ეს შეფერხება.
რაც შეეხება მომავალს, ავიაკომპანიის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე კვარტალში EPS $3.75-$4.25-ს მიაღწევს. ამ დიაპაზონის შუა წერტილი კი აჭარბებს ანალიტიკოსების პროგნოზს — $3.76-ს. United Airlines-ის წარმომადგენლებმა ასევე გაიმეორეს 2024 წლის EPS-ის პროგნოზი — $9-$11.
United Airlines-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $41.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $58.27-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $75.00-ს, ხოლო მინიმალური — $40.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი United Airlines-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 40.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 15 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Northern Trust
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Northern Trust-მა მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ამერიკული ფინანსური მომსახურების კომპანიის აქციების ფასი თითქმის 5%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 6%-ით არის დაკლებული.
Northern Trust-ის კვარტალური შემოსავალი წლიურად 6%-ით — $1.65 მილიარდამდე შემცირდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.78 მილიარდი). წმინდა მოგება კი 36%-ით დაეცა და დაახლოებით $215 მილიონი შეადგინა, ანუ მოგება თითო აქციაზე $0.96 იყო (პროგნოზი — $1.45).
გასულ კვარტალში ჩიკაგოში დაფუძნებული ფინანსური სერვისების კომპანიის არასაპროცენტო ხარჯები 6%-ით გაიზარდა. წარმადობაზე ასევე გავლენა იქონია $184 მილიონის ოდენობით ზარალმა სავალო ფასიან ქაღალდებზე, რაც კომპანიის პორტფელის რეპოზიციონირებასთან არის დაკავშირებული. კარგი ამბავი ის არის, რომ Northern Trust-ის მართვაში არსებული მთლიანი აქტივები (AUM) 13%-ით გაიზარდა, რაც ამ ტიპის მრავალი კომპანიისთვის მთავარ მაჩვენებელს წარმოადგენს.
Northern Trust-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $80.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $88.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $98.00-ს, ხოლო მინიმალური — $75.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Northern Trust-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 11.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 14 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 10-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.