გუშინ Intel-მა წარადგინა თავისი უახლესი AI ჩიპი — Gaudi 3, რომელიც, კომპანიის მენეჯმენტის თქმით, Nvidia-ს H100-ზე უკეთესია.
Intel-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Gaudi 3-ს საშუალოდ 50%-ით უკეთესი დასკვნები გამოაქვს და ის 40%-ით უკეთეს ენერგოეფექტურობას გვთავაზობს, ვიდრე Nvidia-ს H100.
2024 წლის მეორე კვარტალში უახლესი Intel AI ჩიპი ხელმისაწვდომი იქნება ზოგიერთი ორიგინალური აღჭურვილობის მწარმოებლისთვის (OEM). მათ შორის არიან Dell Technologies, Hewlett Packard Enterprise, Lenovo და Super Micro Computer.
Intel-მა ეს ნაბიჯი გადადგა იმის ფონზე, რომ ჩიპების მწარმოებელი ცდილობს, კონკურენცია გაუწიოს სხვა ნახევარგამტარულ ფირმებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ AI ბუმს. ასეთი კომპანიებია Nvidia და AMD.
Intel-მა თავისი უახლესი ჩიპი შეადარა Nvidia-ს H100-ს, რომელიც პირველად 2022 წელს დაანონსდა. თუმცა Nvidia-მ მას შემდეგ წარადგინა Blackwell პლატფორმა, კომპანიის AI ტექნოლოგიის უახლესი ვერსია, რომელსაც ანალიტიკოსებმა უწოდეს „ყველაზე ამბიციური პროექტი სილიკონ-ველიზე“.
Nvidia-ს წარმომადგენლების თქმით, კომპანიის უახლესი ჩიპის — GB200-ის წარმადობა 30-ჯერ აღემატება NVIDIA H100 Tensor Core GPU-ების შედეგებს და Blackwell-ის არქიტექტურას შეუძლია, გენერაციული AI-ის დიდი ენობრივი მოდელი (LLM) დაახლოებით 25-ჯერ ნაკლები ხარჯითა და ენერგიით ამუშაოს.
კომპანიის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ GB200 ასევე ხელმისაწვდომი იქნება NVIDIA DGX™ Cloud-ზე, AI პლატფორმაზე, რომელიც ქლაუდ სერვისის წამყვან პროვაიდერებთან ერთად არის შექმნილი. ის საწარმოების დეველოპერებს უზრუნველყოფს წვდომით ინფრასტრუქტურასა და პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომელიც საჭიროა მოწინავე გენერაციული AI მოდელების შესაქმნელად და მიმოქცევაში ჩასაშვებად.
Nvidia იტყობინება, რომ მრავალი წამყვანი AI კომპანია უკვე აპირებს გამოიყენოს Blackwell სისტემა. მათ შორის არიან: Amazon, Microsoft და Alphabet-ის Google.
ჩიპების მწარმოებლის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Blackwell-ის პროდუქტები, კომპანიის პარტნიორების მეშვეობით, მიმდინარე წლის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი.
ანალიტიკოსების შეფასებები
Intel-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $38.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 33 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $45.05-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $68.00-ს, ხოლო მინიმალური — $17.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Intel-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 17.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 33 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 24-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 4-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $853.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 41 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $989.53-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,400.00-ს, ხოლო მინიმალური — $620.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 41 ანალიტიკოსიდან 39-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.