Nvidia-ს დაარსება მიზნად ისახავდა 3D კომპიუტერული გრაფიკის რევოლუციას სათამაშო და მულტიმედიური სექტორებისთვის. თავდაპირველად კომპანიამ წარმატებას მიაღწია სხვადასხვა ჩიპების გამოშვებით. მან მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთა 1999 წელს მსოფლიოში პირველი გრაფიკული დამუშავების ერთეულის (GPU) — Nvidia GeForce 256-ის დანერგვით.
კომპანიამ ამ ეტაპის კულმინაციას მიაღწია უახლესი GeForce RTX 40 სერიით, რომელსაც შეუძლია ციფრულ კონტენტში რეალური სამყაროს მსგავსი გრაფიკის შექმნა Nvidia-ს წარმოუდგენელი ინოვაციის — Deep Learning Super Sampling-ის (DLSS) დახმარებით. DLSS იყენებს ხელოვნურ ინტელექტს (AI) ვიდეოთამაშებში გამოსახულების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
ფისკალურ 2022 წლამდე (დასრულდა 2022 წლის 30 იანვარს), ვიდეოთამაშები Nvidia-ს შემოსავლების მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. იმ წელს სეგმენტმა კომპანიას $12.5 მილიარდის ოდენობით გაყიდვები მოუტანა, რაც Nvidia-ს მთლიანი შემოსავლის 46%-ს შეადგენდა. მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა — თუ როგორ, ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე ნახავთ.
ხელოვნური ინტელექტი მონაცემთა ცენტრებს გარდაქმნის
მონაცემთა ცენტრები ადრე იყო სივრცე, სადაც კომპანიები ღირებულ ინფორმაციას ინახავდნენ, მაგრამ მას შემდეგ ისინი გარდაიქმნა ონლაინ ოპერაციების ცენტრალიზებულ ჰაბებად (სხვაგვარად ცნობილი როგორც ქლაუდ გამოთვლები). დღეს, მონაცემთა ცენტრებში განთავსებულია ძლიერი ჩიპები, რომლებიც Nvidia-ს მიერ AI სამუშაო პროცესებთან გასამკლავებლად არის შექმნილი.
ცვლილება დაიწყო 2016 წელს, როდესაც Nvidia-მ OpenAI-ს გადასცა პირველი AI სუპერკომპიუტერი, რომელიც გამოყენებულ იქნა ადრეული გენერაციული AI მოდელების შესამუშავებლად. ეს პროცესი კი ცნობილი ონლაინ ჩეთბოტის — ChatGPT-ის შექმნით დაგვირგვინდა.
ახლა Nvidia-ს წამყვანი H100 მონაცემთა ცენტრის GPU-ები დაახლოებით $40,000-ად იყიდება. ხოლო ისეთი კომპანიები, როგორებიც არის Microsoft და Amazon, Nvidia-ს ათიათასობით ასეთ GPU-ს უკვეთავენ, რათა ქლაუდ გამოთვლების სეგმენტის მომხმარებლები უზრუნველყონ შესაბამისი სიმძლავრით, რომელიც მათ ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის სჭირდებათ.
შედეგად ფისკალური 2024 წლის მესამე კვარტალში (დასრულდა გასული წლის 29 ოქტომბერს) Nvidia-ს მონაცემთა ცენტრებიდან გამომუშავებული შემოსავალი წლიურად 279%-ით გაუმჯობესდა და $14.51 მილიარდს მიაღწია. შედარებისთვის, ფისკალური 2023 წლის იმავე მეოთხედში ეს მაჩვენებელი მხოლოდ $3.83 მილიარდს შეადგენდა. ამჟამად მონაცემთა ცენტრების სეგმენტი Nvidia-ს მთლიანი შემოსავლის 80%-ზეა პასუხისმგებელი.
Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაცია ახლა დაახლოებით $1.8 ტრილიონს აღწევს და საინტერესო ის არის, რომ ამ ღირებულებიდან $1 ტრილიონი მხოლოდ ბოლო 12 თვის განმავლობაში შეიქმნა.
აღსანიშნავია, რომ Nvidia ფისკალური 2024 წლის მეოთხე კვარტლის ანგარიშს ხვალ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, წარადგენს. უოლ სტრიტის ანალიტიკოსები მოელიან, რომ Nvidia-ს კვარტალური შემოსავალი წლიურად 209%-ით — $18.7 მილიარდამდე გაიზრდება, ხოლო EPS (მოგება თითო აქციაზე) $4.17-ს შეადგენს.
ანალიტიკოსების შეფასებები
Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $726.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 40 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $746.91-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,200.00-ს, ხოლო მინიმალური — $560.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 40 ანალიტიკოსიდან 37-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Nvidia-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.