გასულ კვირას ამავე ჭრილში ვისაუბრეთ შემდეგი კომპანიების შესახებ: Coca-Cola, Blue Apron და Tencent Music Entertainment. პროგნოზები გამართლდა და მათი აქციების ფასები, შესაბამისად, 7%-ით, 16%-ითა და 1%-ით შემცირდა. დღეს განვიხილავთ კიდევ 3 კომპანიას, რომელსაც ამ კვირაში თავი უნდა აარიდოთ.
Alibaba
ერთ-ერთი მსხვილი კომპანია, რომელიც ამ კვირაში კვარტალურ ანგარიშს წარადგენს არის Alibaba. მისი შედეგები ხუთშაბათს [26 მაისი] გახდება ცნობილი.
Alibaba წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მზარდი პოტენციალის აქცია იყო, მაგრამ ბოლო დროს ის საკმაოდ ცუდად გამოიყურება. წინა კვარტალში კომპანიის შემოსავალი მხოლოდ 9.7%-ით გაიზარდა, რაც მის საჯარო ვაჭრობის ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ორნიშნა მაღალი ზრდის დაფიქსირება ვერ შეძლო. ხუთშაბათის ანგარიშის პერსპექტივა კიდევ უფრო უარესი ჩანს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ წლიური შემოსავლების ზრდა 2%-მდე შენელდება, ხოლო მოგება თითო აქციაზე (EPS – earnings per share) მკვეთრად დაიკლებს.
არის თუ არა უოლ სტრიტი Alibaba-ს მიმართ ზედმეტად პესიმისტური? ზრდაზე ორიენტირებულ ინვესტორებს შეუძლიათ იმედი ჰქონდეთ, რომ ბაზარი ცდება, მაგრამ ანალიტიკოსები კომპანიის მიმართ ზედმეტად გულუხვები იყვნენ. ბოლო ოთხი კვარტლიდან ნახევარში Alibaba-მ საბაზრო მოგების მიზნებს ვერ მიაღწია და ანალიტიკოსები თავიანთ უახლოეს პროგნოზებს ამცირებენ. პანდემიასთან დაკავშირებული შანხაის ლოკდაუნი თანდათან მსუბუქდება, მაგრამ ამ კალენდარული წლის პირველი სამი თვის განმავლობაში სიტუაცია რთული იყო. მოსალოდნელია, რომ Alibaba-ს მდგომარეობა მომავალში გამოსწორდება, მაგრამ, სავარაუდოდ, ამ კვირის ანგარიში ბაზრის იმედებს გააცრუებს.
Tesla
Tesla-ს აქციები ბოლო დროს უკუსვლით მოძრაობს. კომპანიის აქციის ფასმა პარასკევს [20 მაისი] 10 თვის მინიმუმს მიაღწია და ნოემბრის პიკიდან მოყოლებული, თავისი ღირებულების თითქმის ნახევარი დაკარგა.
ტესლამ ელექტრომობილების პოპულარიზაციის მიმართულებით დიდი სამუშაო შეასრულა. აქციების მაღალი შეფასება მოწმობს, რომ კომპანია თავის ნიშაში ლიდერია. მართალია ტესლა უფრო მეტია ვიდრე ილონ მასკი, მაგრამ ეს კომპანია დიდწილად არის დამოკიდებული მასკის პიროვნებაზე, სწორედ ამიტომ აქციების ფასის კლება, სავარაუდოდ, მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან არის დაკავშირებული. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ეს მოკლევადიანი პრობლემაა და გრძელვადიან პერსპექტივაში ტესლა აღდგენას შეძლებს.
Nordstorm
მაღალი კლასის უნივერმაღების ქსელი მზადაა შედეგების გამოქვეყნებისთვის. Nordstorm კვარტალურ ფინანსურ შედეგებს დღეს, ვაჭრობის დახურვის შემდეგ ავრცელებს. შესაძლოა, ეს პრობლემური განახლება აღმოჩნდეს.
ჩვენ ვნახეთ, რომ მასობრივი ბაზრის საცალო მოვაჭრეებმა, გასულ კვირას გულდასაწყვეტი კვარტალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, დიდი დარტყმა მიიღო. თუ გაყიდვების ზრდა მაღალი მარჟის მქონე საქონლის საწინააღმდეგოდ დაბალი მარჟის პირველადი მოხმარების საგნებზე გახდება დამოკიდებული – Nordstorm-ს გაუჭირდება.
სამართლიანია აღინიშნოს, რომ Nordstorm-ის აქციების ფასი 38%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ 2 თვის წინ სადღესასწაულო კვარტლის შესანიშნავი შედეგები გამოაქვეყნა. თუმცა, ბოლო თვეების განმავლობაში საცალო მოვაჭრეების აქციების მდგომარეობა გაუარესდა.
თუ თქვენ უსაფრთხო აქციებს ეძებთ, ნაკლებად სავარაუდოა რომ მათ ამ კვირაში Alibaba-ში, Tesla-ში ან Nordsorm-ში აღმოაჩენთ.