საფონდო ბირჟაზე მიმდინარე მასიური გაყიდვების ფონზე ჭკვიანურ საინვესტიციო იდეებს ეძებთ? მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ინვესტორების აქტივობების გაანალიზება კარგი დასაწყისია.
ალბათ გახსოვთ, თუ როგორ დაიძაბა ბაზარი 2022 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში. სანამ ინვესტორების უმეტესობა ინვესტიციებიდან თავის დაღწევას ცდილობდა, მსოფლიოს საუკეთესო ინვესტორები თავიანთი საყვარელი კომპანიების აქციებს ყიდულობდნენ. ამ სტატიაში მოცემულია უორენ ბაფეტის, რეი დალიოსა და მაიკლ ბერის უმსხვილესი შესყიდვები, რომლებიც მათ ბაზრის ვარდნისას განახორციელეს.
უორენ ბაფეტი და Chevron
პირველ კვარტალში, უორენ ბაფეტის ჰოლდინგური კომპანიის – Berkshire Hathaway-ის ყველაზე დიდი შენაძენი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მწარმოებელი გიგანტის – Chevron-ის აქციები იყო.
ბაფეტმა Chevron-ში დიდი ინვესტიციების ჩადება მანამ დაიწყო, სანამ რუსეთი, მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი, უკრაინაში შეიჭრებოდა, რამაც აგრესორის წინააღმდეგ სანქციების დაწესება გამოიწვია. 2022 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში მან Berkshire-ის წილი Chevron-ში 5-ჯერ – $25.9 მილიარდამდე გაზარდა. ახლა ეს არის Berkshire-ის მეოთხე უდიდესი წილობრივი ჰოლდინგი.
Chevron-ის აქციები გვთავაზობს დივიდენდს, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში 31%-ით გაიზარდა. ამჟამად, აქციას გააჩნია 3.8%-ის ტოლი დივიდენდური სარგებელი, რომელიც, შეიძლება, 2022 წელს და შემდგომ პერიოდში უფრო სწრაფი ტემპით გაიზარდოს. ამ წლის დასაწყისში, Chevron-ის წარმომადგენლებმა ინვესტორებს განუცხადეს, რომ კომპანიას შეუძლია ოპერაციებიდან საკმარისი ფულადი სახსრების გამომუშავება, რათა გადაიხადოს დივიდენდები, დაფაროს დაგეგმილი კაპიტალური ხარჯები და გამოისყიდოს აქციების 25%-ზე მეტი, თუ ნედლი ნავთობის ფასი 2026 წლამდე ბარელზე $75 იქნება.
ბოლო დროს Brent-ის ნავთობის ფასი ბარელზე $110-ს აჭარბებდა. არავინ იცის, თუ როდის დაიკლებს ისევ ფასები, თუმცა, შეიძლება, ეს მდგომარეობა წლების განმავლობაში შენარჩუნდეს.
რეი დალიო და Medtronic
რეი დალიო მრავალი თვალსაზრისით ყველაზე წარმატებული ჰეჯ-ფონდის მენეჯერია. Bridgewater Associates – ფონდი, რომელიც მან თავის ბინაში 1975 წელს დააარსა, ფოკუსირებულია მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე. მან 2008 წლის საბინაო ბაზრის კრახი იწინასწარმეტყველა და ამ მოვლენისთვის წინასწარ მოემზადა. დალიოს ფონდმა იმ წელს 9.5%-იანი ზრდა დააფიქსირა მაშინ, როცა თითქმის ყველა მისმა კოლეგამ ზარალი განიცადა.
ბიზნესი, რომელზეც დალიომ პირველ კვარტალში ყველაზე დიდი ფსონი გააკეთა, იყო Medtronic – სამედიცინო მოწყობილობების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელი. მასშტაბის ეკონომია საშუალებას აძლევს მას ფასწარმოქმნის თვალსაზრისით კონკურენცია უფრო მცირე კონკურენტებს გაუწიოს და, იმავდროულად, ჯანსაღი მოგება გამოიმუშაოს.
Medtronic-ის აქციების შეძენა შესანიშნავი გზაა გლობალური ჯანდაცვის ხარჯების ზრდის სასარგებლოდ ფსონის გასაკეთებლად, რადგან მსოფლიოს თითქმის ყველა საავადმყოფოში შეხვდებით ამ კომპანიის პროდუქტებს. გარდა ამისა, Medtronic-ის აქციები, დივიდენდებზე ორიენტირებული ინვესტორების ოცნებაა. მაისში 45 წელი შესრულდა, რაც კომპანია ყოველწლიურად დივიდენდურ ანაზღაურებას ზრდის. ეს ფაქტი კი Medtronic-ს დივიდენდ არისტოკრატად აქცევს.
მაიკლ ბერი და Booking Holdings
მაიკლ ჯ. ბერი, მაიკლ ლუისის ბესტსელერში – The Big Short – როლის წყალობით, ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინვესტორი გახდა. ცოტა ხნის წინ, GameStop-ში მისმა თამამმა ინვესტიციამ გამოიწვია ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მოკლე შეკუმშვა, რომელიც უოლ სტრიტს ოდესმე უნახავს.
ბერის საინვესტიციო პორტფელში წელს ყველაზე დიდი დამატება Booking Holdings იყო. ამ კომპანიის აქციების ყიდვასთან ერთად, მან უოლ სტრიტზე Apple-ის წინააღმდეგ დიდი ფსონი გააკეთა. ეს უკანასკნელი კომპანია კი Berkshire Hathaway-ის პორტფელში ყველაზე დიდი სააქციო ჰოლდინგია.
Booking Holdings მოგზაურობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ბიზნესებს ფლობს, მათ შორის არის: Booking.com, Priceline, Rentalcars.com, Kayak და OpenTable.
Booking Holdings ახლა შესანიშნავ საინვესტიციო შესაძლებლობად გამოიყურება, რადგან გლობალური მოგზაურობის ტენდენციები კვლავ იზრდება. კომპანიამ პირველ კვარტალში $27 მილიარდის მოცულობის მთლიანი ჯავშნები დააფიქსირა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 129%-ით მეტია და კომპანიის ახალი რეკორდია. ეს განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო იმის ფონზე, რომ მარტის დასაწყისში კომპანიამ რუსეთსა და ბელორუსიაში მომსახურება შეაჩერა.
წარმატებული ინვესტორების ბრმად მიყოლამ, შესაძლოა, კატასტროფამდე მიგვიყვანოს, მაგრამ, როგორც ჩანს, ბერის აქ სწორი იდეა ამოძრავებს. თუ ევროპაში კოვიდ-19-თან დაკავშირებული ორ-წლიანი ჩაკეტვა და ომი Booking-ის ბიზნესის ეფექტურობას ვერ შეაჩერებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს სხვა რამემ შეძლოს.