მზარდი პოტენციალის აქციებზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის, ჯერჯერობით რთული წელი იყო, მაგრამ მოდით ახალი საწყისი ხაზი გავავლოთ. ჯერ კიდევ უამრავი აქცია არსებობს, რომლის ფასებიც, შეიძლება, წლის ბოლომდე მიმდინარე დონიდან 3-ჯერ გაიზარდოს.
Celsius Holdings, Roku და fuboTV არის სამი კომპანია, რომელმაც ინვესტორების კეთილგანწყობა დაკარგა. ისინი ჯერ კიდევ განიცდის უზარმაზარ ზრდას, მაგრამ მოგების ხილვადობის ნაკლებობა და მომთხოვნი ბაზარი, რომელიც არასრულყოფილ აქციებს არ სწყალობს, ამ კომპანიის აქციების ფასებზე უარყოფითად მოქმედებს. ვნახოთ, რატომ შეიძლება მოცემული მომენტიდან 2022 წლის ბოლომდე ამ აქციების ფასების მინიმუმ სამჯერ გაიზარდოს.
- Celsius Holdings
Celsius Holdings ითვისებს სივრცეებს თაროებზე, ბაზრის წილს და ადგილს მომხმარებელთა გონებაში. ხილის არომატიზირებული დაკონსერვებული სასმელების დისტრიბუტორი, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი პროდუქტი, მეტაბოლიზმის ტემპის ზრდის საშუალებით, კალორიებს წვავს, საკმაოდ წარმატებულია. Celsius-ის საქმიანობა არ შემოიფარგლება ფიტნეს ცენტრებითა და ჯანმრთელობის მაღაზიებით, შედეგად, გაყიდვები მკვეთრად იზრდება.
- 2019 წელი: შემოსავალი 43%-ით გაიზარდა.
- 2020 წელი: შემოსავალი 74%-ით გაიზარდა.
- 2021 წელი: შემოსავალი 140%-ით გაიზარდა.
თუ Celsius-ის ზრდის მიმართულებით აღფრთოვანებული ხართ, შეიძლება გაგიკვირდეთ ის ფაქტი, რომ აქციების ფასი განსხვავებული კურსით მოძრაობს. 2021 წლის ნოემბერში პიკური მაჩვენებლის მიღწევის შემდეგ, აქციების ფასი განახევრდა.
ანალიტიკოსები თვლიან, რომ 2022 წელს შემოსავლების ზრდა 69%-მდე შენელდება, მაგრამ ეს ტემპი მაინც უფრო სწრაფია, ვიდრე 3 წლის წინანდელი მაჩვენებელი. ყოველთვის იარსებებს მოდური სასმელების გაქრობის რისკი, მაგრამ Celsius თავის წარმატებას ბუნების საჩუქრად არ თვლის. კომპანია პროდუქტის ახალი ხაზებისა და გასაღების ბაზრის წერტილების ზრდას აგრძელებს.
- Roku
Roku-ის აქციებმა ეს სავაჭრო კვირა გასული ზაფხულის ყველა დროის მაქსიმალურ მაჩვენებელთან შედარებით 80%-ით შემცირებული ფასით დაიწყო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოცემული დონიდან Roku-ის აქციის ფასი, შეიძლება, სამჯერ გაიზარდოს და ის გასული წლის პიკზე მაინც 40%-ით ნაკლები იქნება. კომპანია, რომელიც ქვეყნის წამყვანი სმარტ ტელევიზორების ოპერაციული სისტემის მიღმა დგას, საჯარო ასპარეზზე გამოსვლის შემდეგ (2017 წელი) ყოველწლიურად ყველა დროის უმაღლესი მაჩვენებლის დაფიქსირებას ახერხებდა, მიუხედავად ყოველი უმაღლესი წერტილის მიღწევის შემდეგ მინიმუმ 43%-ით შემცირებისა.
Roku-მ ეს წელი 60 მილიონზე მეტი გამომწერით დაიწყო. პლატფორმის გამოყენება უფასოა, თუ დააყენებთ სმარტ ტელევიზორს, რომელიც მოიცავს Roku-ის OS-ს (ოპერაციული სისტემა) ან მის ერთ-ერთ დანამატს შეიძენთ. Roku ფულს გამოიმუშავებს რეკლამების გაყიდვით და მის პლატფორმაზე ხელმისაწვდომი ათასობით აპლიკაციიდან ერთ-ერთზე რეგისტრაციის ხელშეწყობით. Rokus-ის აქტიურ მომხმარებელთა ბაზა გასული წლის განმავლობაში 17%-ით, ხოლო საშუალო შემოსავალი ერთ მომხმარებელზე 43%-ით გაიზარდა.
Roku ამ კვირაში, ხუთშაბათს, გამოაქვეყნებს პირველი კვარტლის შედეგებს და კომპანიას კარგი შანსი ეძლევა, რომ თავის კურსს დაუბრუნდეს.
- fuboTV
სწრაფად მზარდი ლაივ სატელევიზიო სტრიმინგის სერვისის აქციების ფასი 93%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც 16 თვის წინ პიკს მიაღწია.
ლაივ სატელევიზიო პლატფორმები საკაბელო ტელევიზიის პოპულარული ალტერნატივა გახდა. ტელევიზორის მოყვარულებს, რომლებიც უარს ამბობენ საკაბელო და სატელიტურ პროვაიდერებზე, კვლავ სწყურიათ პლატფორმის სიმარტივე, რომელიც გვთავაზობს ასზე მეტ პირდაპირი მაუწყებლობის ტელევიზიას და საკაბელო არხებს. FuboTV კი მომხმარებელთა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას ცდილობს. ამ კომპანიის მიერ მიწოდებული მომსახურება განსაკუთრებით მიმზიდველია სპორტის მოყვარულთათვის, რადგან მისი 30-ზე მეტი არხი მთელი მსოფლიოს მასშტაბით სპორტულ ტრანსლაციებს გვთავაზობს.
FuboTV-სთვის ზრდა პრობლემა არ არის. ვაჭრობის პირველი წლის განმავლობაში კომპანიამ ზრდა დააჩქარა და შემოსავლების სამნიშნა პროცენტული მაჩვენებლებით ზრდას განაგრძობს.
- 2020 წლის მესამე კვარტალი: შემოსავალი 71%-ით გაიზარდა
- 2020 წლის მეოთხე კვარტალი: შემოსავალი 98%-ით გაიზარდა
- 2021 წლის პირველი კვარტალი: შემოსავალი 135%-ით გაიზარდა
- 2021 წლის მეორე კვარტალი: შემოსავალი 196%-ით გაიზარდა
- 2021 წლის მესამე კვარტალი: შემოსავალი 156%-ით გაიზარდა
- 2021 წლის მეოთხე კვარტალი: შემოსავალი 120%-ით გაიზარდა
ამ წელს ზრდა შენელებას განაგრძობს, მაგრამ fuboTV-ის მენეჯმენტი წლის დახურვას 1.5 მილიონზე მეტი გამომწერით ელის. 2022 წელი კომპანიამ 1.1 მილიონი ანგარიშით დაიწყო. პირველ კვარტალში, სავარაუდოდ, გამომწერების რაოდენობის სეზონური თანმიმდევრული კლება დაფიქსირდება, მაგრამ ბოლოდროინდელმა ფასების ზრდამ, ერთი წლის განმავლობაში შემოსავლების ჯანსაღი დონის შენარჩუნება უნდა უზრუნველყოს.