დრესდღეობით ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე რამდენიმე ფაქტორი ზემოქმედებს. მაგალითად, აშშ-ის საპროცენტო განაკვეთების მოსალოდნელი ზრდა ინვესტორებს თავიანთი ფულის მაღალი ღირებულების ზრდადი პოტენციალის მქონე აქციებიდან გატანას აიძულებს. ამასობაში, გეოპოლიტიკური დაძაბულობაც უარყოფით გავლენას ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფრის ფონზე ძნელია სიმშვიდის შენარჩუნება, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ „ყიდვა-შენარჩუნების“ სტრატეგია (გრძელვადიანი პასიური სტრატეგია, როდესაც ინვესტორები, მოკლევადიანი რყევების მიუხედავად, გარკვეული დროის განმავლობაში შედარებით სტაბილურ პორტფელს ინარჩუნებენ) მუშაობს.
ქარიშხლისგან თავის დაღწევა და შესაძლოა ჩინებულ კომპანიებში თქვენი პოზიციების დამატებაც, ბაზრის ვარდნის დროს სწორი მოქმედებაა. ამის გათვალისწინებით, მოდით გადავხედოთ ორ აქციას, რომელთა ყიდვაც ღირს, მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება მომდევნო რამდენიმე კვირაში: Vertex Pharmaceuticals და Airbnb.
- Vertex Pharmaceuticals
ბიოტექნოლოგიურმა გიგანტმა – Vertex Pharmaceuticals-მა ამ წელს საუკეთესო შედეგები აჩვენა. კომპანიის აქციების ფასი წლის დასაწყისიდან დაახლოებით 5%-ით გაიზარდა. შედარებისთვის ამავე პერიოდში S&P 500 დაახლოებით 10%-ით შემცირდა.
არსებობს კარგი მიზეზები, რომ Vertex-ის მომავლის მიმართ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი. პირველ რიგში, ის კვლავ წინ მიიწევს თავის ყველაზე მნიშვნელოვან სამიზნე ბაზარზე: კისტოზური ფიბროზის (CF) მქონე პაციენტების პოპულაცია ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და ავსტრალიაში. ამ რეგიონებში 83 000 CF პაციენტიდან 25 000-ზე მეტია ის, ვისაც კომპანიის მედიკამენტებით მკურნალობა შეუძლია, მაგრამ ჯერ მკურნალობა არ დაუწყია.
10 წელია, რაც Vertex Pharmaceuticals ამ ბაზარზე მონოპოლიას ფლობს და მას ჯერ კიდევ აქვს ზრდის შესაძლებლობა. გარდა ამისა, ბიოტექნოლოგიური კომპანია ამჟამად სხვა თერაპიაზე მუშაობს, იმ 5000 პაციენტისთვის, რომლებიც მისი ამჟამინდელი მედიკამენტებით მკურნალობას არ ექვემდებარებიან. კომპანიას ასევე შეუძლია იამაყოს CTX001-ით, პოტენციური თერაპიით გარკვეული იშვიათი სისხლის დაავადებებისთვის.
Vertex Pharmaceuticals CTX001-ს CRISPR Therapeutics-თან თანამშრომლობით ავითარებს და წლის ბოლოსთვის ეს ორი კომპანია მარეგულირებელი განაცხადის წარდგენას გეგმავს. Vertex ასევე მუშაობს პირველი ტიპის დიაბეტის თერაპიაზე, სახელწოდებით VX-880, თუმცა ეს პროგრამა ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე იმყოფება. შემდეგ არის VX-548, მწვავე ტკივილის პოტენციური მკურნალობისთვის.
ამ წელს კომპანიის მიმდინარე კლინიკური კვლევებიდან ინვესტორები, სულ მცირე, ღირებულ მონაცემებს უნდა მოელოდნენ და შთამბეჭდავი შედეგები Vertex-ის აქციებზე დადებითად იმოქმედებს. რაც მთავარია, კომპანია ცდილობს გააფართოვოს საქმიანობა და მხოლოდ CF სეგმენტზე არ იყოს ორიენტირებული. ეს კი ინვესტორებისთვის მისასალმებელი უნდა იყოს. გრძელვადიან პერსპექტივაში, მიუხედავად საფონდო ბაზრის არასტაბილურობისა, სავარაუდოა, რომ ბიოტექნოლოგიურ კომპანია შესანიშნავი შედეგების დაფიქსირებას განაგრძნობს.
- Airbnb
Airbnb თავისი პლატფორმის საშუალებით, მომხმარებლებს სახლის გაქირავებასა და მრავალფეროვან გამოცდილებას სთავაზობს. არჩევანი, რომლითაც Airbnb მომხმარებლებს უზრუნველყოფს ხშირად ტრადიციულ სასტუმროებზე უფრო იაფია.
რაც უფრო მეტი სახლის გამქირავებელი უერთდება Airbnb-ის პლატფორმას, მით უფრო მიმზიდველი ხდება ის მომხმარებლისთვის, რადგან არჩევნის მრავალფეროვნება იზრდება. პლატფორმაზე მომხმარებლების რაოდენობის ზრდა კი, თავის მხრივ, მეტ გამქირავებელს იზიდავს.
მეოთხე კვარტალში Airbnb-ს შემოსავალი 78%-ით – $1.5 მილიარდამდე გაიზარდა. ეს მოხდა იმის მიუხედავად, რომ კოვიდ-19-ის ომიკრონ ვარიანტმა ეკონომიკასა და ტურისტულ აქტივობაზე უარყოფითი გავლენა იქონია. გარდა ამისა, Airbnb-ის მეოთხე კვარტლის შემოსავალი 2019 წლის ამავე პერიოდის შემოსავალზე 38%-ით მეტი იყო.
მეოთხე კვარტალში Airbnb-ის წმინდა მოგება $55 მილიონი იყო. კომპანიამ 2020 და 2019 წლების შესადარებელ პერიოდებში წმინდა ზარალი განიცადა. მნიშვნელოვანია, რომ Airbnb გრძელვადიანი ჯავშნების რაოდენობის ზრდას ახერხებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპანიის მომხმარებლების საშუალო მოგზაურობის ხანგრძლივობა 15%-ით გაიზარდა. ასევე, 28 ან მეტი ღამით დარჩენის კატეგორია ყველაზე სწრაფად მზარდია.
ეს არის ზუსტად ის, რასაც Airbnb გრძელვადიან პერსპექტივაში იმედოვნებს. კომპანია ამაყობს იმით, რომ მომხმარებლებს სთავაზობს სახლს, სახლიდან მოშორებით. Airbnb, თავისი შეთავაზებების საერთო სპექტრში, $3.4 ტრილიონის სიდიდის პოტენციურ ბაზარს ხედავს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ამ ბაზრის მთლიანად დაკავებას ვერ შეძლებს, 10%-იანი სეგმენტიც კი Airbnb-ის მომავალ ზრდას ძალიან შეუწყობს ხელს. ამიტომ ამ ტექნოლოგიური გიგანტის აქცია შესანიშნავი არჩევანია.