გუშინ Zoom Video Communications-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო საათების შემდეგ კი ქლაუდზე დაფუძნებული საკომუნიკაციო კომპანიის აქციების ფასი 10%-ზე მეტით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 6%-ით გაუმჯობესდა.
ქვემოთ მოცემულია Zoom-ის მეოთხე კვარტლის ფინანსური შედეგები და პროგნოზები, რომლებიც ხუთი ძირითადი მეტრიკის გარშემოა ფოკუსირებული.
- შემოსავალი წლიურად 2.6%-ით გაუმჯობესდა
ფისკალური 2024 წლის მეოთხე კვარტალში Zoom-ის შემოსავალი წლიურად 2.6%-ით — $1.15 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.13 მილიარდი). ეს შედეგი აღემატებოდა მენეჯმენტის მოლოდინსაც, რომელიც $1.125-$130 მილიარდს შეადგენდა.
ზრდა განპირობებული იყო Zoom-ის საწარმოთა ბიზნესით, რომლის შემოსავალიც წლიურად 4.9%-ით — $667.3 მილიონამდე გაუმჯობესდა. ონლაინ სეგმენტის შემოსავალი 0.5%-ით შემცირდა და $479.2 მილიონი შეადგინა.
საწარმოს ბიზნესის შემოსავლების წლიური ზრდა შენელებას განაგრძობდა. ფისკალური 2024 წლის პირველ, მეორე და მესამე კვარტლებში ეს მაჩვენებელი, შესაბამისად, 13%-ს, 10%-სა და 7.5%-ს შეადგენდა.
საწარმოების დონის შემოსავლის გაფართოების მაჩვენებელმა 101% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიის მომხმარებელმა საწარმოებმა Zoom-ის სერვისებზე დახარჯული ფული წელიწადში 1%-ით გაზარდეს. ეს არასახარბიელო შედეგია. ფისკალური 2024 წლის პირველ, მეორე და მესამე კვარტლებში ეს მაჩვენებელი, შესაბამისად, 112%-ს, 109%-სა და 105%-ს შეადგენდა.
გასული წლის განმავლობაში, მაკრო გარემოში არსებული გაურკვევლობის შედეგად, მრავალმა საწარმომ ხარჯები შეამცირა. მდგომარეობა 2024 კალენდარულ წელს გაუმჯობესდა, ამიტომ ფისკალური 2025 წლის შემოსავლის გაფართოების ტემპი უფრო ნათელ სურათს შექმნის იმის შესახებ, თუ რამდენად აფასებენ საწარმოები Zoom-ის შეთავაზებებს.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს 9.8%-ით გაზარდა იმ მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც კომპანიის სერვისებზე $100,000-ზე მეტს ხარჯავენ.
- კორექტირებული ოპერატიული შემოსავალი 9.6%-ით გაიზარდა
ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილმა საოპერაციო შემოსავალმა $168.5 მილიონი შეადგინა. შედარებისთვის, გასული წლის იმავე მეოთხედში Zoom-მა $129.9 მილიონის ოდენობით ზარალი დააფიქსირა. კორექტირებული საოპერაციო შემოსავალი კი 9.6%-ით — $443.7 მილიონამდე გაიზარდა.
- კორექტირებული EPS 16%-ით გაუმჯობესდა
GAAP-ის მიხედვით გამოთვლილმა წმინდა მოგებამ $298.8 მილიონს მიაღწია, ანუ EPS (მოგება თითო აქციაზე) $0.95 იყო. გასული წლის იმავე კვარტალში წმინდა მოგება $104.1 მილიონს, ანუ თითო აქციაზე $0.36 შეადგენდა. კორექტირებულმა წმინდა მოგებამ კი 16%-ით მოიმატა და $444 მილიონს მიაღწია, ანუ კორექტირებული EPS $1.42 იყო. შედარებისთვის, უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზი $1.15-ს შეადგენდა, ხოლო თავად Zoom-ის მენეჯმენტის მითითება — $1.13-$1.15-ს.
- საოპერაციო ფულადი ნაკადები 66%-ით გაიზარდა
გასულ კვარტალში საოპერაციო ფულადი ნაკადები წლიურად 66%-ით — $351.2 მილიონამდე გაიზარდა. თავისუფალმა ფულადმა ნაკადებმა კი 82%-ით მოიმატა და $332.7 მილიონი შეადგინა.
Zoom-ის ბალანსი კვლავ მტკიცეა. კომპანიამ კვარტალი დაასრულა $7 მილიარდის მოცულობის ხელმისაწვდომი ნაღდი ფულით, ფულადი სახსრების ეკვივალენტებით, ადვილად გაყიდვადი ფასიანი ქაღალდებით და გრძელვადიანი ვალის გარეშე.
- მოსალოდნელია, რომ ფისკალური 2025 წლის კორექტირებული EPS 6%-7%-ით შემცირდება
მენეჯმენტმა მიმდინარე კვარტლისთვის და სრული ფისკალური 2025 წლისთვის პროგნოზებიც გამოაქვეყნა.
მაჩვენებელი | ფისკალური 2025 წლის I კვარტლის პროგნოზი | წლიური ცვლილება (%) ფისკალური 2025 წლის I კვარტალში | სრული ფისკალური 2025 წლის პროგნოზი | წლიური ცვლილება (%) ფისკალურ 2025 წელს |
---|---|---|---|---|
შემოსავალი | $1.125 მილიარდი | 1.8% | $4.6 მილიარდი | 1.6% |
კორექტირებული EPS | $1.18-$1.20 | 15%-17% | $4.85-$4.88 | (6.9%)-(6.3%) |
ანალიტიკოსები მოელიან, რომ მიმდინარე კვარტალში შემოსავალი და კორექტირებული EPS, შესაბამისად, $1.3 მილიარდს და $1.3-ს შეადგენს. უოლ სტრიტზე ასევე პროგნოზირებენ, რომ მთელი ფისკალური წლის შემოსავალი $4.65 მილიარდს მიაღწევს, ხოლო კორექტირებული EPS — $4.71-ს.
ანალიტიკოსების შეფასებები
Zoom-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $63.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 26 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $76.25-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $100.00-ს, ხოლო მინიმალური — $60.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Zoom-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 21%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 9 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Zoom Video Communications-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.