გუშინ „Magnificent Seven“1 (შესანიშნავი შვიდეული) ჯგუფის აქციების ფასი მკვეთრად შემცირდა მას შემდეგ, რაც Tesla-სა (TSLA) და Alphabet-ის (GOOGL) კვარტალურმა ანგარიშებმა გააჩინა ეჭვები ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტების შემოსავლების ზრდის შენელებასთან დაკავშირებით.
გუშინდელი სავაჭრო დღის განმავლობაში Roundhill Magnificent Seven ETF-ის (MAGS) აქციების ფასი 6%-ზე მეტით შემცირდა, რაც ყველაზე დღიური ვარდნაა ამ ETF-ის შექმნის (2023 წლის აპრილი) შემდეგ. Roundhill Magnificent Seven ETF არის ფონდი, რომელშიც თანაბარი წონით არის წარმოდგენილი „შესანიშნავი შვიდეულის“ აქციები — Alphabet (GOOGL; GOOG), Amazon (AMZN), Apple (AAPL), Meta Platforms (META), Microsoft (MSFT), NVIDIA (NVDA) და Tesla (TSLA).
სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულებისთვის, „შესანიშნავი შვიდეულის“ ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით $16 ტრილიონს შეადგენდა, ხოლო გუშინ ეს მაჩვენებელი $15.223 ტრილიონამდე შემცირდა. საბოლოოდ ამან დიდი გავლენა იქონია ძირითად საფონდო ინდექსებზე — გუშინ S&P 500 128 პუნქტზე მეტით შემცირდა, რაც ყველაზე დიდი დღიური ვარდნაა 2022 წლის სექტემბრის შემდეგ. აქედან კი „Magnificent Seven“ დაახლოებით 85-პუნქტიან დაღმასვლაზე იყო პასუხისმგებელი.
რაც შეეხება Nasdaq Composite-ს, გუშინ ის 655 პუნქტით, ანუ 3.65%-ით შემცირდა — ეს ყველაზე დიდი დღიური ვარდნაა მას შემდეგ, რაც ინდექსი 2022 წლის 7 ოქტომბერს 3.9%-ით შემცირდა. პუნქტების თვალსაზრისით კი, გუშინ Nasdaq Composite-ისთვის ყველაზე ცუდი დღე იყო 2020 წლის 16 მარტის შემდეგ.
გუშინდელმა ვარდნამ Nasdaq Composite-ის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით $985 მილიარდით შეამცირა.
Tesla და Alphabet
„შესანიშნავი შვიდეულის“ ჯგუფისთვის კვარტალური ანგარიშების სეზონი არც ისე კარგად დაიწყო — Tesla-ს მოგება მოლოდინებს ჩამორჩა. ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ გასულ მეოთხედში მოგება წლიურად 45%-ით შემცირდა, რადგან ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარების ხარჯები გაიზარდა და ავტომობილების საშუალო გასაყიდი ფასები დაეცა. გუშინ Tesla-ს აქციების ფასი 12%-ზე მეტით შემცირდა.
მასშტაბურმა AI ინვესტიციებმა ასევე ნეგატიურად იმოქმედა გუშინ Alphabet-ის აქციებზე მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის კვარტალურმა შედეგებმა უოლ სტრიტის პროგნოზებს გადააჭარბა. Alphabet-ის ფინანსურმა დირექტორმა — რუთ პორატმა თქვა, რომ Alphabet-ის კაპიტალურმა ხარჯებმა მეორე კვარტალში $13 მილიარდი შეადგინა. კომპანიაში კი მოელიან, რომ 2024 წლის დარჩენილი პერიოდისთვის ეს მაჩვენებელი კვარტალურად $12 მილიარდს მიაღწევს. გუშინ Alphabet-ის აქციების ფასი 5%-ით შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები ვარაუდით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები AI-ზე ერთობლივად $1 ტრილიონზე მეტს დახარჯავენ. ეს კი ბევრ ინვესტორში აჩენს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მოუტანს AI ინვესტიციები ამ კომპანიებს სასურველ შედეგებს.
შემდეგი კვარტალური ანგარიშები
მომდევნო კვირაში კვარტალურ შედეგებს „შესანიშნავი შვიდეულიდან“ კიდევ 4 კომპანია გამოაქვეყნებს — Microsoft, Meta Platforms, Apple და Amazon.
Bank of America-ს ანალიტიკოსების აზრით, „Magnificent Seven“ ჯგუფის ჯამური მოგება მეორე კვარტალში წლიურად 30%-ით გაიზრდება, რაც ბევრად აღემატება S&P 500-ისთვის პროგნოზირებულ 10%-იან ზრდას. თუმცა, პროგნოზის გამართლების შემთხვევაში, ჯგუფისთვის ეს იქნება ზრდის შენელება ზედიზედ მეორე კვარტალში.
ტექნოლოგიური გიგანტების აქციების ფასებმა გუშინდელ ვარდნამდე დაიწყო კლება, რადგან ბოლო პერიოდში ინვესტორები უფრო მეტად ფოკუსირდნენ პატარა კომპანიებში ინვესტირებაზე. მიზეზი ის არის, რომ ასეთი ფირმები, სავარაუდოდ, ყველაზე მეტად ისარგებლებენ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკის (Fed) მიერ საპროცენტო განაკვეთების მოსალოდნელი შემცირებით.
აღსანიშნავია, რომ, მიუხედავად მკვეთრი კლებისა, „Magnificent Seven“-ის ყველა კომპანიის აქციის ფასი, Tesla-ს გარდა, წლის დასაწყისიდან გაუმჯობესებულია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.