გუშინ, ბაზრის გახსნამდე, McDonald’s-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი სწრაფი კვების გიგანტის აქციების ფასი თითქმის 4%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 12%-ით არის შემცირებული.
მთლიანობაში გასულმა კვარტალმა აჩვენა შემოსავლისა და მოგების წლიური შემცირება, რაც მიუთითებს წარმადობის გამოწვევებზე ფართო სტრატეგიული ცვლილებების ფონზე.
McDonald’s-ის ბიზნესის მოკლე მიმოხილვა
McDonald’s, სწრაფი კვების ინდუსტრიის გლობალური ლიდერი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 40,000-ზე მეტ რესტორანს მართავს. ის ცნობილია თავისი საკულტო მენიუს ელემენტებით, მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, მენიუს ინოვაციებსა და ციფრულ ტრანსფორმაციაზე ფოკუსირებით. ცოტა ხნის წინ კომპანიამ ყურადღება გაამახვილა ხელმისაწვდომ შეთავაზებებზე, ციფრულ ინტერფეისზე და საერთაშორისო გაფართოებაზე.
წარმატების ძირითადი ფაქტორები მოიცავს ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვების1 ზრდას, ფრენჩაიზებისა და კომპანიის საკუთრებაში არსებული ოპერაციების დაბალანსებას და საერთაშორისო ბაზრების გამოყენებას. McDonald’s-ის წარმატებაში ასევე დიდ როლს თამაშობს მუდმივი ფოკუსირება პროდუქტის დიფერენციაციაზე ინოვაციების მეშვეობით.
კვარტალური შედეგები
2024 წლის მეორე კვარტალში McDonald’s-ის შემოსავალი წლიურად 0.1%-ით — $6.49 მილიარდამდე შემცირდა, რაც ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $6.62 მილიარდს. წმინდა მოგებამ 12%-ით დაიკლო და $2.02 მილიარდი შეადგინა, ხოლო მოგებამ თითო აქციაზე (EPS) 11%-იანი ვარდნა განიცადა — $2.80-მდე. ეს მაჩვენებელი ასევე ჩამოუვარდება უოლ სტრიტის მოლოდინს — $3.07-ს.
მაჩვენებელი | 2024 წლის II კვ. | ანალიტიკოსების პროგნოზები | 2023 წლის II კვ. | წლიური ცვლილება |
---|---|---|---|---|
შემოსავალი | $6.49 მილიარდი | $6.62 მილიარდი | $6.498 მილიარდი | (0.1%) |
EPS | $2.80 | $3.07 | $3.15 | (11%) |
წმინდა მოგება | $2.02 მილიარდი | არ არის ცნობილი | $2.31 მილიარდი | (12%) |
საოპერაციო შემოსავალი | $2.92 მილიარდი | არ არის ცნობილი | $3.1 მილიარდი | (6%) |
2024 წლის მეორე კვარტალში McDonald’s-ის საოპერაციო შემოსავალი წლიურად 6%-ით, $3.1 მილიარდიდან $2.92 მილიარდამდე შემცირდა.
Comps-ის ზრდამ აჩვენა დამაეჭვებელი ტენდენცია, გლობალური მასშტაბით ეს მაჩვენებელი 1%-ით შემცირდა. აშშ-ის ბაზარზე comps-მა 0.7%-ით დაიკლო, 2023 წლის 10.3%-იანი მატებასთან შედარებით.
ფრენჩაიზირებული რესტორნებიდან მიღებულმა შემოსავალმა $3.94 მილიარდი შეადგინა (2023 წლის მეორე კვარტალში — $3.93 მილიარდი). თუმცა კომპანიის მფლობელობაში არსებული და მის მიერ ოპერირებული რესტორნების გაყიდვები წლიურად 1%-ით, $2.487 მილიარდიდან $2.461 მილიარდამდე შემცირდა.
საერთაშორისო მასშტაბით ზრდა განსხვავებული იყო — ლათინოამერიკასა და იაპონიაში დადებითი ტენდენციები დაფიქსირდა. თუმცა, ისეთი ბაზრები, როგორებიც არის საფრანგეთი, ჩინეთი და ახლო აღმოსავლეთი, გამოწვევებს წარმოადგენდა. ამ რყევების მიუხედავად, საოპერაციო ხარჯები შედარებით სტაბილური დარჩა.
McDonald’s-ის მენეჯმენტს მესამე კვარტლისთვის კონკრეტული პროგნოზები არ წარმოუდგენია, მაგრამ ხაზი გაუსვა მიმდინარე ციფრულ ინტეგრაციას და ინოვაციას, როგორც კომპანიის ძირითად სტრატეგიებს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები McDonald’s-ის აქციებს?
McDonald’s-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $253.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 27 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $302.96-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $357.00-ს, ხოლო მინიმალური — $265.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი McDonald’s-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 19.6%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 27 ანალიტიკოსიდან 19-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
McDonald’s-ის-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.