გუშინ აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიურომ სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) უახლესი მონაცემები გამოაქვეყნა — ივლისში ის წლიურად 2.9%-ით გაიზარდა. 2021 წლის მარტის შემდეგ ეს იყო ყველაზე ნელი წლიური ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც უფრო დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე ექსპერტების მოლოდინი — 3%. შედარებისთვის, ივნისში CPI-ის წლიურმა მატებამ სწორედ 3%-ს მიაღწია.
შენელებული ინფლაცია უკეთეს მდგომარეობაში აყენებს შინამეურნეობების ბიუჯეტებს, რომლებმაც ზეწოლა განიცადეს წლების განმავლობაში მაღალ ფასებთან გამკლავების შემდეგ. ეს სიახლე ასევე ზრდის ალბათობას, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკი (Fed) საპროცენტო განაკვეთებს სექტემბერში შეამცირებს.
„ივლისის CPI-ის ანგარიში უერთდება „კარგი მონაცემების“ რიგს, რომლის დანახვაც Fed-ს სურს საპროცენტო განაკვეთების შემცირების დაწყებამდე“ — წერს კომენტარში ეკონომიკური კვლევების ფირმა Pantheon Macroeconomics-ის მთავარი ეკონომისტი, იან შეფერდსონი.
აღსანიშნავია, რომ სამშაბათს გამოქვეყნდა ინფლაციის კიდევ ერთი მაჩვენებელი — მწარმოებელთა ფასების ინდექსის (PPI) მონაცემები, რომლებმაც აჩვენა, რომ ივლისში შეერთებულ შტატებში ფასების ზრდა შემცირდა. ინდექსმა წლიურად 2.2%-ით მოიმატა, ხოლო ფასების თვიურმა ზრდამ 0.1% შეადგინა. ეს ორივე მაჩვენებელი უფრო დაბალი იყო, ვიდრე — ანალიტიკოსების პროგნოზები.
შედარებისთვის, ივნისში PPI ინდექსის მიხედვით გაზომილი ფასები წლიურად 2.6%-ით გაიზარდა, ხოლო თვიურად — 0.2%-ით.
ინფლაციის მონაცემები უფრო დეტალურად
„ძირითადი“ ინფლაცია, რომელიც გამორიცხავს სურსათისა და ენერგიის არასტაბილურ ფასებს, წლიურად 3.2%-მდე შემცირდა. შედარებისთვის ამ მაჩვენებელმა ივნისში 3.3% შეადგინა. ფედერალური სარეზერვო ბანკის ოფიციალური პირები უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ „ძირითად“ ინფლაციას, რადგან მასზე ნაკლებად ზემოქმედებს ისეთი მოვლენა, როგორიც არის, მაგალითად, ამინდი, რამაც შეიძლება გაზარდოს/შეამციროს საკვებისა და ბუნებრივი აირის ფასები ინფლაციის ფართო ტენდენციებზე ზემოქმედების გარეშე.
თვიურად კი „ძირითადი“ ინფლაციის მაჩვენებელი ივლისში 0.2%-ით გაიზარდა. შედარებისთვის, ივნისში ეს მაჩვენებელი თვიურად 0.1%-ით შემცირდა. მთლიანი ფასების ზრდის თითქმის 90% განპირობებული იყო ივლისში თავშესაფრის ხარჯების 0.4%-იანი მატებით (ივნისში 0.2%-იანი ზრდა).
მომხმარებლებისთვის ერთ-ერთი ნათელი წერტილი არის მეორადი ავტომობილებისა და სატვირთო მანქანების ფასები, რომლებიც ივლისში თვიურად 2.3%-ით შემცირდა, ხოლო წლიურად — 10.9%-ით. ივლისში ბუნებრივი აირის ფასები უცვლელი დარჩა, ხოლო ბოლო 12 თვის განმავლობაში 2.2%-ით შემცირდა.
ფედერალური ბანკის თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა და მისმა კოლეგებმა განაცხადეს, რომ განაკვეთების შემცირება შესაძლებელია სექტემბრის შუა რიცხვებში, ფედერალური სარეზერვო ბანკის ღია ბაზრების კომიტეტის (FOMC) მომდევნო შეხვედრაზე. თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი მონაცემები გამოქვეყნდება მანამდე.
იმისათვის, რომ ინფლაცია წლიურ სამიზნე მაჩვენებლამდე — 2%-მდე შემცირდეს, უკვე ერთ წელზე მეტია, რაც კომიტეტი საპროცენტო განაკვეთებს 5.25%-5.5%-ის დიაპაზონში ინარჩუნებს. ამან, როგორც ეკონომიკის გაგრილებისა და ინფლაციის შემცირების მცდელობის ნაწილმა, მნიშვნელოვანი ზეწოლა იქონია მომხმარებლებსა და ბიზნესებზე. ეს მაჩვენებელი ზრდის საპროცენტო გადასახადს ყველა სახის სესხზე, მათ შორის იპოთეკაზე, საკრედიტო ბარათებზე და ავტო სესხებზე. სესხის აღების გაზრდილი ღირებულება მიზნად ისახავს მომხმარებლების მიერ ხარჯების შეზღუდვას, რაც ამცირებს მოთხოვნას და, თავის მხრივ, ანელებს ფასების ზრდას.