გუშინ, ანალიტიკოსების დადებითი შეფასებების შემდეგ, ჩიპების მწარმოებელი გიგანტის — Nvidia-ს (NVDA) აქციების ფასი თითქმის 2%-ით გაიზარდა. უოლ სტრიტის ანალიტიკოსებმა ამერიკული კომპანიის აქციების სამიზნე ფასები გაზარდეს Nvidia-ს მომავალ Blackwell პლატფორმაზე „ზედმეტად ძლიერი“ მოთხოვნის მოტივით.
წლის დასაწყისიდან ჩიპების მწარმოებელი კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 166%-ით არის გაუმჯობესებული.
UBS-ის ანალიტიკოსებმა Nvidia-ს აქციების სამიზნე ფასი $120-დან $150-მდე გაზარდეს, ხოლო Wolfe Research-ის წარმომადგენლებმა — $125-დან $150-მდე.
„ზედმეტად ძლიერი“ მოთხოვნა Nvidia-ს Blackwell-ზე
UBS-ის ანალიტიკოსების თქმით, მიწოდების ჯაჭვზე დაკვირვებები აჩვენებს, რომ მოთხოვნის იმპულსი Blackwell-ის მასშტაბის სისტემებზე კვლავ ძალიან ძლიერია. Nvidia კი მისი მიწოდების გაზრდაზე მუშაობს.
ანალიტიკოსებმა დასძინეს, რომ Nvidia-ს მონაცემთა ცენტრების კომპონენტებზე მოთხოვნა ნაწილობრივ განპირობებულია ენერგიის გაზრდილი ეფექტიანობით იმ ეჭვების ფონზე, რომ ენერგიის შეზღუდვები ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოთვლებზე ზემოქმედებს.
Wolfe Research-ის ანალიტიკოსებმა ასევე განაცხადეს, რომ მათი მოლოდინები გაუმჯობესდა. ამის მიზეზია მიწოდების ჯაჭვის ბოლოდროინდელი შემოწმებები, რომლებიც აჩვენებს, რომ 2025 წლისთვის Nvidia-ს GPU–ებისთვის კონტენტის ზრდის 50%-იანი და უფრო მაღალი პერსპექტივა არსებობს.
ტექნოლოგიური გიგანტების მზარდი AI ხარჯები ხელს უწყობს მოთხოვნის ზრდას
UBS-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ Nvidia-ს მონაცემთა ცენტრების გამოთვლითი ერთეულებისთვის შეკვეთების მასშტაბი მატერიალურად უფრო დიდია, ვიდრე სულ რაღაც ორი თვის წინ.
Microsoft-ის (MSFT), Alphabet-ის (GOOGL), Meta Platforms-ისა (META) და Amazon-ის (AMZN) წარმომადგენლებმა ინვესტორებს განუცხადეს, რომ ზრდიან კაპიტალურ ხარჯებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, კონკრეტულად კი მონაცემთა ცენტრებზე, რათა AI სივრცეში ძლიერი პოზიცია დაიკავონ და ტექნოლოგიის გამოთვლითი მოთხოვნები დააკმაყოფილონ. ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაში ასეთი კომპანიების ინვესტიციები ხელს უწყობს მათ წვდომას იმ გამოთვლით ტექნოლოგიაზე, რომელიც AI-ის წინსვლისთვის არის საჭირო.
Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში ტექნოლოგიური გიგანტები AI-ზე ერთობლივად $1 ტრილიონზე მეტს დახარჯავენ.
UBS-ის ანალიტიკოსებმა ხაზი გაუსვეს Microsoft-ს, როგორც Nvidia-ს Blackwell AI მონაცემთა ცენტრის კომპონენტების მთავარ მომხმარებელს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Nvidia-ს აქციებს?
Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $128.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 41 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $136.45-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $200.00-ს, ხოლო მინიმალური — $90.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 41 ანალიტიკოსიდან 37-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Nvidia-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.