გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Wix.com-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ვებგვერდების შემქმნელი კომპანიის აქციების ფასმა თითქმის 24%-ით მოიმატა და ახალ 52-კვირიან მაქსიმუმს მიაღწია. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 42%-ით არის გაუმჯობესებული.
კვარტალური მაჩვენებლები
2024 წლის პირველ კვარტალში Wix.com-ის შემოსავალი 12%-ით — $419.8 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $1.29-ს მიაღწია. ამ მაჩვენებლებმა გადააჭარბა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზებს, რომლებიც, შესაბამისად, $417.9 მილიონს და $1.03-ს შეადგენდა.
ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა კი $0.41 შეადგინა, რამაც ანალიტიკოსების მოლოდინს $0.30-ით გადააჭარბა.
გარდა ამისა, წლის პირველ მეოთხედში Wix.com-ის თავისუფალმა ფულადმა ნაკადებმა (FCF) $100 მილიონს გადააჭარბა. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ კომპანია ხარჯებს აკონტროლებს და მომხმარებლები უფრო მეტს ხარჯავენ მის პროდუქტებზე, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, Wix.com-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მთელი წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალი 11%-13%-ით გაიზრდება, ხოლო FCF $450 მილიონს მიაღწევს (ძველი პროგნოზი — მაქსიმუმ $400 მილიონი). შედარებისთვის უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წელს თავისუფალმა ფულადმა ნაკადებმა მხოლოდ $182 მილიონი შეადგინა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Wix.com-ის აქციებს?
Wix.com-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $171.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 17 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $168.27-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $200.00-ს, ხოლო მინიმალური — $143.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Wix.com-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1.6%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 17 ანალიტიკოსიდან 14-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Wix.com-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.