ლეგენდარულმა ინვესტორმა — უორენ ბაფეტმა თავისი საინვესტიციო წარმატება აქციების სწორად შერჩევის უნარის საშუალებით შექმნა. როგორც Berkshire Hathaway-ის თავმჯდომარემ, მან, ხარისხიან კომპანიებში ინვესტირების წყალობით, 57 წლის განმავლობაში თითქმის 20%-იანი საშუალო წლიური ანაზღაურების გამომუშავება შეძლო. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი რჩევა, რომელსაც იგი ინვესტორებს აძლევს, აქციების შერჩევას არ ეხება.
იგი გვთავაზობს მარტივ სტრატეგიას, რომელიც არ საჭიროებს ბაზრის და მისი კონკრეტული მოთამაშეების შესწავლას ან აქციების შესაფერის მომენტში ყიდვა-გაყიდვას. ეს მეთოდი გრძელვადიან პერსპექტივაში ერთ აქტივში რეგულარულად ინვესტირებას გულისხმობს. დაგვეხმარება თუ არა ეს რჩევა, გავხდეთ მილიონერი? მოდით, გავარკვიოთ.
მიჰყვება ბაფეტი საკუთარ რჩევას?
უორენ ბაფეტი ინვესტორებს ურჩევს, ინვესტიციები ჩადონ საინდექსო ფონდებში, რომლებიც იმეორებს S&P 500 ინდექსის წარმადობას. მას თავადაც აქვს ფული დაბანდებული ორ ასეთ ფონდში — SPDR S&P 500 ETF Trust და Vanguard S&P 500 ETF. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, ლეგენდარული ინვესტორი ამ სტრატეგიის მნიშვნელობაზე თავის ანდერძშიც საუბრობს. 2013 წელს Berkshire Hathaway-ის აქციონერებისადმი მიწერ წერილში იგი ამბობს:
„რასაც აქ გირჩევთ, არსებითად იდენტურია გარკვეული ინსტრუქციებისა, რომლებიც ჩემს ანდერძში დავწერე. ანდერძი ითვალისწინებს, რომ ნაღდი ფული გადაეცემა ნდობით აღჭურვილ პირს ჩემი მეუღლის სასარგებლოდ. (ინდივიდუალური ანდერძებისთვის ნაღდი ფული უნდა გამოვიყენო, რადგან ჩემს საკუთრებში არსებული Berkshire-ის აქციები სრულად გადანაწილდება გარკვეულ ფილანთროპიულ ორგანიზაციებზე ჩემი ანდერძის ამოქმედების შემდეგ ათი წლის განმავლობაში). ჩემი რჩევა, ნდობით აღჭურვილი პირისთვის, მარტივია: განათავსეთ ფულის 10% მოკლევადიან სახელმწიფო ობლიგაციებში, ხოლო 90% — ძალიან დაბალ ხარჯიან S&P 500 ინდექსის ფონდში (რეკომენდაციას ვუწევ Vanguard-ს.) მე მჯერა, რომ ამ სტრატეგიის გრძელვადიანი შედეგები უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ის, რასაც ინვესტორების უმეტესობა მიაღწევს, იქნება ეს საპენსიო ფონდები, ინსტიტუტები, თუ კერძო პირები“.
იდეა იმაში მდგომარეობს, რომ S&P 500-ში ერთიანდება აშშ-ის 500 ყველაზე მსხვილი კომპანია, ამიტომ, მის საინდექსო ფონდში ინვესტირებით შეგიძლიათ, ამ ფირმების ზრდისგან სარგებელი თქვენც მიიღოთ. ეს სტრატეგია გთავაზობთ წვდომას ამ ლიდერებზე, ისევე როგორც მყისიერ დივერსიფიკაციას ინდუსტრიების მიხედვით — S&P 500 მოიცავს აშშ-ის 11 სექტორს.
გარდა ამისა, ისტორია გვიჩვენებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ინდექსი მუდმივად იზრდება. როგორც ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე ვხედავთ ის, რთული პერიოდების შემდეგაც კი, ზრდას აფიქსირებს. გრძელვადიან პერსპექტივაში S&P 500-ის საშუალო წლიური ანაზღაურება დაახლოებით 10%-ს შეადგენს.
როგორ შეიძლება ამ სტრატეგიამ იმუშაოს თქვენთვის?
ახლა ვნახოთ, რა შედეგს მოგვცემს ასეთ ფონდში ინვესტირება გრძელვადიან პერსპექტივაში. მაგალითისთვის გამოვიყენოთ SPDR S&P 500 ფონდი და ვივარაუდოთ, რომ საანგარიშო პერიოდში მისი საშუალო წლიური ანაზღაურება 10%- იქნება. თუ ფონდში 35 წლის განმავლობაში ყოველთვიურად $350-ს დავაბანდებთ, ამ პერიოდის ბოლოს ჩვენი ინვესტიციის ღირებულება მთლიანობაში $1.1 მილიონს გადააჭარბებს. აქედან ჩვენ მიერ ფონდში დაბანდებული თანხა იქნება მხოლოდ $147,000, ხოლო ინვესტიციიდან გამომუშავებული ფული — $991,000-ზე მეტი. ეს მართლაც შესანიშნავი შედეგია.
თუ ინვესტორს თვეში $350-ის დაბანდების საშუალება არ აქვს, შეუძლია უფრო მცირე ინვესტიცია ჩადოს. სასურველი შედეგის მისაღებად, მნიშვნელოვანი ფაქტორია გრძელვადიან პერსპექტივაზე ფოკუსირება და რეგულარულად ინვესტირება.
ზემოთ ნახსენებ ETF-ებში ინვესტირება საქართველოს ბანკის მობილბანკის საშუალებით შეგიძლიათ ბმულზე.
კონტენტი მოწოდებულია საინფორმაციო მიზნით და არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას. ყველა ინვესტიცია შეიცავს რისკს, ამიტომ აუცილებელია, ინვესტირებამდე საკუთარი კვლევა ჩაატაროთ.