რა მოხდა?
აქტივისტ ინვესტორებს შეუძლიათ კომპანიის მენეჯერებს შფოთვისთვის ბევრი მიზეზი მისცენ, თუმცა ზოგჯერ მათი ჩართულობა აქციონერებისთვის ძალიან სასარგებლოა. გასულ კვირაში სწორედ ამ უკანასკნელ შემთხვევასთან ჰქონდა საქმე SaaS (პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც სერვისი) პროვაიდერს — Twilio-ს. შედეგად, S&P Global Market Intelligence-ის მონაცემების თანახმად, წინა კვირაში კომპანიის აქციების ფასი თითქმის 12%-ით გაიზარდა.
და რა?
ოთხშაბათს, ბიზნეს საინფორმაციო ვებგვერდმა — The Information-მა გაავრცელა სიახლე, რომ აქტივისტმა ფირმამ — Legion Partners-მა Twilio-ს დირექტორთა საბჭოსთან და მენეჯმენტთან რამდენიმე შეხვედრა გამართა. ვებგვერდის ცნობით, ამ მოლაპარაკებების საგანი ტექნოლოგიური კომპანიის ოპერაციების პოტენციური ცვლილებები იყო. განხილულ საკითხებს შორის ფიგურირებდა აქტივების შესაძლო გასხვისება და საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა.
როგორც ჩანს, შემთხვევითი არ არის, Twilio-ს აღმასრულებელი დირექტორი — ჯეფ ლოუსონის ხმის მიცემის წილი მალე ამჟამინდელი 22%-დან 4%-მდე შემცირდება. თეორიულად, ეს აქციონერთა ბლოკს გაუადვილებს იმ ცვლილებების განხორციელებას, რომლებსაც შესაძლოა მან წინააღმდეგობა გაუწიოს.
Twilio-ს ბოლო წლების განმავლობაში პრობლემები ჰქონდა. თებერვალში მენეჯმენტმა თანამდებობიდან გათავისუფლებისა და ოფისების დახურვის მნიშვნელოვანი რაუნდი დააანონსა. კომპანიის წარმატების კლებასთან ერთად, მისი აქციების ფასიც შემცირდა.
ახლა რა?
მიუხედავად იმისა, რომ Twilio-ს აქციების ფასის ზრდის მთავარი კატალიზატორი სწორედ ეს სიახლე იყო, ამ მაჩვენებელზე გავლენიანი ინვესტორების კომენტარებმაც იმოქმედა.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არის კეტი ვუდი, აქტივების მმართველი ფირმის — Ark Invest-ის დამფუძნებელი. იმავე დღეს, როდესაც The Information-ის ანგარიში გამოქვეყნდა, კეტიმ ბლუმბერგის სატელევიზიო ინტერვიუში აღფრთოვანება გამოთქვა სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიების საინვესტიციო პოტენციალის შესახებ. მან განსაკუთრებით გამოყო Twilio UiPath-თან და ტელემედიცინის კომპანია Teladoc-თან ერთად.