რა მოხდა?
საკმაოდ არასტაბილური ჩინური კომპანიისთვის — TAL Education Group-ისთვის სავაჭრო კვირა ძალიან კარგად დაიწყო. გუშინ, ორი განსხვავებული ანალიტიკოსის მიერ რეკომენდაციების განახლების შემდეგ, კომპანიის აქციების ფასი თითქმის 8%-ით გაიზარდა.
და რა?
Bank of America-ს ანალიტიკოსმა — ლუსი იუმ TAL-ის აქციების რეკომენდაცია „გაყიდვიდან“ „ნეიტრალურით“ შეცვალა. გარდა ამისა, მან კომპანიის აქციების სამიზნე ფასი $4.30-დან $4.70-მდე გაზარდა.
ანალიტიკოსი სასიამოვნოდ გააკვირვა TAL-ის ფისკალური 2023 წლის მეორე კვარტლის შედეგებმა, რომელიც კომპანიამ გასულ პარასკევს გამოაქვეყნა. მისი აზრით, ანგარიში „სოლიდური“ იყო. ეს, მიუხედავად იმისა, რომ TAL-ის შემოსავალი ფისკალური 2022 წლის ანალოგიურ კვარტალში დაფიქსირებული $1,4 მილიარდზე მეტიდან $294 მილიონამდე შემცირდა.
რაც შეეხება მოგებას, ამ მხრივ შედეგი განსხვავებული იყო — TAL-ის არა-GAAP (მოგება, რომელიც არ არის გამოთვლილი GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით) წმინდა შემოსავალმა თითქმის $27 მილიონი შეადგინა მაშინ, როდესაც გასული წლის იმავე მეოთხედში კომპანიამ $760 მილიონის ოდენობით ზარალი დააფიქსირა.
იმავდროულად, CICC-ს ანალიტიკოსმა — ლიპინგ ჟაომ გააუმჯობესა თავისი რეკომენდაცია TAL-ის აქციების შესახებ. ჟაომ „ნეიტრალური“ რეკომენდაცია „ყიდვით შეცვალა“, ხოლო მისი სამიზნე ფასი ამჟამად $6-ს შეადგენს.
ახლა რა?
შემოსავლების შემცირება თითქმის მთლიანად შეიძლება გამოწვეული იყოს ჩინეთის მთავრობის მიერ სასკოლო ასაკის სტუდენტებისთვის განკუთვნილ კომერციულ რეპეტიტორულ სერვისებზე განხორციელებული რეპრესიებით, რომლებიც გასულ წელს დაიწყო. ამან TAL-ის ბიზნესს მძიმე დარტყმა მიაყენა, მაგრამ, როგორც ჩანს, კომპანიის მენეჯმენტი სათანადო ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ მდგომარეობა გამოასწოროს.