რა მოხდა?
ორშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის სერვისების კომპანიამ — HealthEquity-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი მისი აქციების ფასი 11%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 8%-ზე მეტით არის გაზრდილი და ამჟამად $65-ს აჭარბებს.
და რა?
HealthEquity არის უმსხვილესი ჯანდაცვის შემნახველი ანგარიშის (HSA) მეურვე კომპანია აშშ-ში. მისი კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 19%-ით — $244.4 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $239.39 მილიონი). წმინდა შემოსავალმა კი $4.1 მილიონი შეადგინა, გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ $13.6 მილიონის მოცულობის წმინდა ზარალთან შედარებით. გარდა ამისა, HealthEquity-ის EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $0.5-ს მიაღწია, რაც ასევე აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს — $0.41-ს. წინა წლის ანალოგიურ კვარტალში კი EPS-მა $0.16 შეადგინა.
აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯონ კესლერმა გაუმჯობესებული მაჩვენებლების მიზეზებად ბოლო შესყიდვები, ასევე ანგარიშებისა და აქტივების ზრდა დაასახელა.
ახლა რა?
HealthEquity-ის ზრდისთვის საკვანძო ფაქტორი ის არის, რომ კომპანია განაგრძობს მომხმარებლების დამატებას, მათ შორის გასულ კვარტალში 134,000 ახალი HSA წევრი შეიძინა. პანდემიის დროს HealthEquity-ის შემოსავალი შემცირდა, მაგრამ ახლა კომპანია პოზიციებს იბრუნებს. მენეჯმენტმა განაცხადა, რომ HealthEquity-ის აქვს 15 მილიონი ანგარიში, მათ შორის 8 მილიონი HSA და 7 მილიონი მომხმარებლებზე მიმართული სხვა ანგარიში. ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე 4%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება მომავალს HealthEquity-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ 2023 წლის განმავლობაში შემოსავალი $975-$985 მილიონს შეადგენს. შედარებისთვის, 2022 წელს ამ მაჩვენებელმა $861.7 მილიონს მიაღწია. კომპანიაში ასევე მოელიან, რომ მოგება $9-$14 მილიონს შეადგენს, რაც 2022 წელს დაფიქსირებულ $26.1 მილიონის მოცულობის ზარალს ბევრად აღემატება.
HealthEquity-ის ამჟამად 9 ანალიტიკოსი აფასებს — საშუალო სამიზნე ფასი $80.00-ს შეადგენს, მაქსიმალური — $89.00-ს, ხოლო მინიმალური — $69.00-ს.