რა მოხდა?
S&P Global Market Intelligence-ის მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, დეკემბერში Salesforce-ის აქციების ფასი 17.3%-ით შემცირდა.
ამ ვარდნის გათვალისწინებით, მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის (CRM) პლატფორმის პროვაიდერმა 2022 წლისთვის აქციების ღირებულების თითქმის 50% დაკარგა.
და რა?
Salesforce-მა 2023 წლის ფისკალური მესამე კვარტლის (დასრულდა 31 ოქტომბერს) ანგარიში ნოემბრის ბოლოს წარადგინა. ამ პერიოდში შემოსავალი წლიდან წლამდე 14%-ით — $7,8 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო დარჩენილმა ვალდებულებებმა 11%-ით — $20,9 მილიარდამდე მოიმატა. საოპერაციო მარჟამ 5.9% შეადგინა, რაც ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელს მხოლოდ 0.6%-ით აღემატებოდა. თავისუფალმა ფულადმა ნაკადებმა ჯანსაღი დონე შეინარჩუნა და $120 მილიონი შეადგინა, თუმცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი $250 მილიონს აღწევდა.
ინვესტორები შეაშინა მეოთხე კვარტლისთვის Salesforce-ის მენეჯმენტის სუსტმა პროგნოზებმა. პროგნოზირებულია, რომ შემოსავალი $7,9-$8 მილიარდს მიაღწევს, რაც წლიდან წლამდე მხოლოდ 9%-იან ზრდას წარმოადგენს. ეს პროგნოზი არა მხოლოდ დაბალია 2023 წლის მესამე კვარტალთან შედარებით, არამედ მნიშვნელოვნად ჩამორჩება ფისკალური 2022 წლის მეოთხე კვარტალში შემოსავლების 26%-იან ზრდას.
გარდა ამისა, Salesforce-ის ვიცე-თავმჯდომარემ და თანა-აღმასრულებელმა დირექტორმა — ბრეტ ტეილორმა განაცხადა, რომ იგი კომპანიას 31 იანვარს დატოვებს. ამასთან, Slack-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — სტიუარტ ბატერფილდმა ასევე დააანონსა თანამდებობიდან გადადგომა. შეგახსენებთ, რომ Salesforce-მა მყისიერი შეტყობინებების კომპანია — Slack დაახლოებით 2 წლის წინ შეიძინა. ამ სიახლეებმაც უარყოფითად იმოქმედა CRM პლატფორმის პროვაიდერის აქციებზე.
ახლა რა?
ამ კვირის დასაწყისში Salesforce-მა შეამცირა სამუშაო ადგილები მას შემდეგ, რაც მენეჯმენტმა განაცხადა, რომ გაათავისუფლებს თანამშრომლების მეათედს და დახურავს ზოგიერთ ოფისს. აღმასრულებელმა დირექტორმა — მარკ ბენიოფმა აღიარა, რომ ამის მიზეზი იყო უფრო რთული ეკონომიკური გარემო, რომლის ფონზეც კლიენტები შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას დიდ დროს ანდომებენ. მან ასევე თქვა, რომ პანდემიის დროს ფირმამ „ზედმეტად ბევრი ადამიანი“ დაიქირავა და თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით პირად პასუხისმგებლობას იღებს. ეს ნაბიჯი გამოიწვევს დაახლოებით $800 მილიონიდან $1 მილიარდამდე ხარჯების დაფიქსირებას მეოთხე კვარტალში.
2022 წლის სექტემბერში Salesforce-ის მენეჯმენტმა ივარაუდა, რომ 2026 წლისთვის კომპანიის მთლიანი პოტენციური ბაზარი $290 მილიარდს მიაღწევდა. მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის ეს ზომა შემდგომი ზრდის შესაძლებლობებს იძლევა, არსებობს მნიშვნელოვანი მოკლევადიანი წინააღმდეგობები, რომლებსაც კომპანია უნდა გაუმკლავდეს მანამ, სანამ ზრდის მაღალი მაჩვენებლების დაფიქსირებას შეძლებს.