რა მოხდა?
გუშინ Palo Alto Networks-ის აქციების ფასი 12%-ზე მეტით გაიზარდა. კატალიზატორი, რომელმაც კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის აქციებზე დადებითად იმოქმედა, იყო კომპანიის კვარტალური ფინანსური შედეგები, რომლებიც მოსალოდნელზე ბევრად უკეთესი აღმოჩნდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანიამ ამის მიღწევა რთულ ეკონომიკურ პირობებში მოახერხა.
და რა?
ფისკალური 2023 წლის მეორე კვარტალში (დასრულდა 31 იანვარს), Palo Alto Networks-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 26%-ით — $1.7 მილიარდამდე გაიზარდა, რაც გამოწვეული იყო არსებული მომხმარებლებისგან ძლიერი იმპულსით და ახლების დამატებით. კორექტირებულმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $1.05 შეადგინა. GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები) საფუძველზე, უკვე ზედიზედ მესამე კვარტალია, რაც კომპანია მომგებიანია და მენეჯმენტი მთელი მიმდინარე ფისკალური წლისთვის მოგების გამომუშავებას პროგნოზირებს.
კონტექსტისთვის, ანალიტიკოსების მოლოდინები ასეთი იყო: შემოსავალი — $1.65 მილიარდი; EPS — $0.78.
გარდა ამისა, იმ მომხმარებლების რაოდენობა, რომლებმაც გასული 12 თვის განმავლობაში კომპანიის სერვისებზე $1 მილიონზე მეტი დახარჯეს, 20%-ით გაიზარდა, ვინც $5 მილიონი დახარჯა — 84%-ით, ხოლო ვინც კომპანიას $10 მილიონი მოუტანა — 140%-ით.
ახლა რა?
Palo Alto Networks-ის პოზიტიურმა პროგნოზმა ასევე გააძლიერა ინვესტორების ენთუზიაზმი. ფისკალური მესამე კვარტლისთვის მენეჯმენტი მოელის, რომ შემოსავალი დაახლოებით $1.71 მილიარდს შეადგენს, რაც წლიდან წლამდე 24%-იანი ზრდაა. კომპანიაში ასევე პროგნოზირებენ, რომ განზავებული (წილის განზავება – ახალი აქციების გამოშვების შედეგად, ძველი აქციონერების ფლობის წილის პროცენტული რაოდენობის შემცირება) კორექტირებული EPS-ს $0.92-ს მიაღწევს.
რაც შეეხება ფისკალურ 2023 წელს, მენეჯმენტი მოელის, რომ Palo Alto Networks-ის შემოსავალი $6.88 მილიარდს შეადგენს, რაც წლიურად 25%-იანი ზრდაა.