რა მოხდა?
ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დაწყებამდე Nvidia-მ მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი კომპანიის აქციების ფასი 14%-ით გაიზარდა.
და რა?
ფისკალური 2023 წლის მეოთხე კვარტალში (დასრულდა 29 იანვარს) Nvidia-ს შემოსავალი წლიდან წლამდე 21%-ით — $6.05 მილიარდამდე შემცირდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $6.01 მილიარდი). გეიმინგთან დაკავშირებულმა გაყიდვების (პანდემიის დასაწყისში ძლიერი ზრდის შემდეგ ბოლო კვარტლებში შენელდა) მკვეთრმა ვარდნამ ჩიპების მწარმოებელი ტიტანის შედეგებზე გავლენა იქონია. EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) — $0.88 (პროგნოზი — $0.81) შეადგინა.
თუმცა ინვესტორების ყურადღება Nvidia-ს მონაცემთა ცენტრების ბიზნესის (რომელიც კომპანიის AI შეთავაზებებს შეიცავს) სოლიდურმა ზრდამ მიიქცია. ამ სეგმენტში კვარტალური გაყიდვები წლიდან წლამდე 11%-ით გაიზარდა და $3.62 მილიარდს მიაღწია.
ქლაუდ გამოთვლების და ხელოვნურ ინტელექტზე (AI) მომუშავე აპლიკაციებზე მზარდი მოთხოვნა ხელს უწყობს Nvidia-ს ზრდას. ამ საჭიროების უკეთ დასაკმაყოფილებლად, Nvidia უშვებს ახალ AI ქლაუდ სერვისებს ქლაუდ ინფრასტრუქტურის ისეთ წამყვან პროვაიდერებთან პარტნიორობით, როგორიცაა Microsoft, Alphabet და Oracle. ეს მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, უფრო ადვილად მიიღონ წვდომა Nvidia-ს AI სუპერკომპიუტერზე, პროგრამულ უზრუნველყოფასა და გენერაციულ AI მოდელებზე.
ახლა რა?
გენერაციული AI არის უახლესი ტექნოლოგია, რომელიც იყენებს ალგორითმებს ტექსტის, სურათების და ახალი კონტენტის სხვა ფორმების შესაქმნელად. ახალმა აპლიკაციებმა, რომლებიც ამ მოწინავე ტექნოლოგიას იყენებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებლების ყურადღება მიიქცია. ნოემბერში დებიუტიდან OpenAI-ს ChatGPT-ს უკვე 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, რაც მას ყველა დროის ყველაზე სწრაფად მზარდ აპლიკაციად აქცევს.
ChatGPT-ს და სხვა ინოვაციური AI აპლიკაციების წარმოუდგენელი პოპულარობა იწვევს მოთხოვნის ზრდას ჩიპებზე, რომლებიც მათი მუშაობისთვის გამოიყენება. ეს ასევე უბიძგებს უფრო მეტ ბიზნესს, აითვისოს ეს ტექნოლოგია, რათა მოვლენებს არ ჩამორჩეს. ეს ტენდენციები, სავარაუდოდ, Nvidia-ს დიდ სარგებელს მოუტანს.