რა მოხდა?
გუშინ ელექტრომობილების მწარმოებელი ჩინური კომპანიის — Nio-ს აქციების ფასი კვლავ დაეცა — ამჯერად თითქმის 3%-ით. აქციები ისევ განიცდის ზეწოლას მენეჯმენტის მიერ პროგნოზების შემცირების გამო, რაც ზოგადად ელექტრომობილების სექტორის ვარდნას დაემთხვა.
და რა?
ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დაწყებამდე, Morgan Stanley-ს ანალიტიკოსმა — ტიმ ჰსაიომ ხაზი გაუსვა Nio-ს აქციების ყიდვის რეკომენდაციას და სამიზნე ფასს — $16,10-ს, რომელიც კომპანიის აქციების ამჟამინდელ ფასს 64%-ით აღემატება.
ჰსაიომ განაცხადა, რომ მენეჯმენტის მიერ პროგნოზების შემცირებამ შეიძლება Nio-ს აქციების წარმადობა შეასუსტოს, მაგრამ არა მკვეთრად. იგი მიიჩნევს, რომ ჩინეთის ხელახლა გახსნა სექტორისთვის გარდამავალი წერტილი იქნება.
სამშაბათ დილით ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ განაცხადა, რომ ქვეყანა შემომავალი მოგზაურებისთვის ნუკლეინის მჟავის ტესტის აღებისა და კარანტინის ვალდებულებას აუქმებს. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 8 იანვარს შევა.
ეს ზომები უფრო ფართო ღონისძიების ნაწილია, რომელიც COVID-ის პანდემიაზე ქვეყნის რეაგირების მართვას ისახავს მიზნად. ჩინეთი დაავადების კლასიფიკაციას A-დან B კლასამდე შეამცირებს. გარდა ზემოთ აღნიშნული წესების ცვლილებისა, შემსუბუქდება სხვა შეზღუდვებიც. ეს მოიცავს დაინფიცირებულების კონტაქტების მონიტორინგის აღმოფხვრას, აგრესიულ კარანტინს და რისკის ქვეშ მყოფი ზონების კლასიფიკაციას. ეს პანდემიის დაწყების შემდეგ, შეზღუდვების შემსუბუქების მიზნით, ჩინეთის მთავრობის მიერ გადადგმული ყველაზე დიდი ნაბიჯია.
ახლა რა?
Nio-მ მეოთხე კვარტლის მიწოდების პერსპექტივა მკვეთრად — 38,500-39,500 ერთეულამდე შეამცირა. წინა პროგნოზი, რომელიც მენეჯმენტმა 10 ნოემბერს, მესამე კვარტლის ანგარიშის წარდგენისას გამოავლინა, მეოთხე კვარტალში 43,000-48,000 ერთეულის მიწოდებას ითვალისწინებდა.
თუმცა ჰსაიოს მოსაზრება ლოგიკურია, რადგან ჩინეთის მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები სწორედ ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას და ჩინური კომპანიების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ამასთან, მნიშვნელოვანია, თუ როგორ წარიმართება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, რადგან ამ დროისთვის ჩინეთში დაინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება.