რა მოხდა?
გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლეების შემდეგ, ელექტრომობილების (EV) მწარმოებელი ჩინური კომპანიის — Nio-ს აქციების ფასი დაახლოებით 9%-ით გაიზარდა.
და რა?
კომპანიამ პარასკევს, სავაჭრო დღის დაწყებამდე, კვარტალური ანგარიში წარადგინა. შემოსავალმა $10.68 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $11.93 მილიარდი), ხოლო ზარალმა თითო აქციაზე — $2.51 (პროგნოზი — $2.63).
გუშინდელი ზრდა მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც Nio-ს მენეჯმენტმა გამოაცხადა, რომ ავტომობილების ფასებს და ხარჯებს ამცირებს. Reuters-ის ცნობით, კომპანია ფასებს ყველა მოდელზე შეამცირებს, თუმცა ახალ მყიდველებს ბატარეის გაცვლის უფასო სერვისებს აღარ შესთავაზებს.
დღეიდან Nio-ს ყველა მოდელი მყიდველებს დაახლოებით $4,200-ით ნაკლები დაუჯდებათ, რაც კომპანიის ელექტრომობილების ხაზისთვის 6%-9%-იან ვარდნას წარმოადგენს. როგორც ჩანს, ინვესტორები თვლიან, რომ საბოლოო ჯამში ეს დადებითი მოვლენაა.
ახლა რა?
ამ წლის დასაწყისში Nio-ს აღმასრულებელმა დირექტორმა — უილიამ ლიმ განაცხადა, რომ კომპანია ჩინეთში ელექტრომობილების ფასების შემცირებაში Tesla-ს ნაბიჯებს არ გაჰყვებოდა. თუმცა პირველ კვარტალში (2022 წლის მეოთხე მეოთხედთან შედარებით) ავტომობილების მიწოდება 20%-ზე მეტით შემცირდა. გარდა ამისა, მეორე კვარტლის მიწოდება ჩამორჩება გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს.
ინვესტორები, რომლებიც Nio-ს მზარდ კომპანიად მიიჩნევენ, ამ მაჩვენებლით კმაყოფილნი არ იყვნენ. როგორც ჩანს, მათ სურთ, რომ ელექტრომობილების მწარმოებელი გაყიდვების გაზრდის ახალი გეგმის მიმართულებით წავიდეს.
გასული კვირის ბოლოს აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ კომპანია კაპიტალდაბანდებების, ასევე ზოგიერთი კვლევისა და განვითარების (R&D) მიმართულებით ხარჯებს ამცირებს.