რა მოხდა?
გუშინ სავაჭრო დღის დაწყებიდან მალევე Meta Platforms-ის აქციების ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა, რაც შესაძლო ძლიერმა მოსალოდნელმა კვარტალურმა ანგარიშმა განაპირობა. ოთხშაბათს, აღმოსავლეთის დროით დილის 11:32 საათისთვის, Meta-ს აქციების ფასი1,8%-ით გაიზარდა მაშინ, როდესაც S&P 500-მა 0,15%-იანი ზარალი განიცადა.
სუსტი სარეკლამო ბაზრის ფონზე Meta-ს აქციების ფასი წლის დასაწყისიდან დღემდე 60%-ით შემცირდა. კომპანია მესამე კვარტლის შედეგებს 26 ოქტომბერს წარადგენს.
და რა?
სოციალური მედიის კომპანიები ეკონომიკურმა გაურკვევლობამ და მზარდმა კონკურენციამ დააზარალა, რადგან სულ უფრო მეტ კომპანიას გადააქვს რეკლამის ხარჯები ონლაინ სივრცეში. Snap-ის შემოსავალი წელს სწრაფად შენელდა და აგვისტოში მენეჯმენტმა გამოაცხადა, რომ სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლების დაახლოებით 20%-ს გაათავისუფლებს. Meta-მ გააკვირვა ინვესტორები, როდესაც გასულ კვარტალში შემოსავლების კლება დააფიქსირა.
იმავდროულად, Amazon-მა მეორე კვარტალში თავისი სარეკლამო შემოსავალი წლიდან წლამდე 21%-ით გაზარდა. რეკლამის განმთავსებლებისთვის აუცილებელი არ არის, რომ სოციალური მედიის პლატფორმებს დაეყრდნონ, რათა თავიანთი ბრენდები მომხმარებლებთან წარმოაჩინონ.
ახლა რა?
შესაძლოა, 2023 წელს სოციალური მედიისთვის მდგომარეობა გაუარესდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რეცესია დადგება, რაც რეკლამის განმთავსებლების მხრიდან ამ მიმართულებით ხარჯების შემცირებას გამოიწვევს.
მიუხედავად ამისა, მოლოდინი უკვე ძალიან დაბალია, ამიტომ, შესაძლოა, Meta კარგი გრძელვადიანი ინვესტიცია აღმოჩნდეს. კომპანიის საბოლოო ღირებულება ეყრდნობა ყოველდღიურად 2.8 მილიარდ აქტიურ მომხმარებელს მისი სხვადასხვა აპლიკაციების ფარგლებში.
აქციები იაფია, მაგრამ ინვესტორები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ, თუ შესუსტებული ეკონომიკის გამოწვევები შენარჩუნდება. ასევე არსებობს Apple-ის სარეკლამო შეზღუდვების პრობლემა iOS-ზე, რომელიც სოციალური მედიის კომპანიას ჯერ კიდევ არ გადაულახავს.