11 ივლისს Gap-მა ინვესტორები გააოგნა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის – სონია სინგალის მოულოდნელი და დაუყოვნებლივი წასვლის შესახებ ახალი ამბით. მისი წასვლის მიზეზი არ დასახელებულა. ეს ყველაფერი ტანსაცმლის საცალო ვაჭრობის კომპანიის მომავლის შესახებ შემაშფოთებელ კითხვებს აჩენს.
პრობლემური კომპანიის მართვა
სინგალის წინამორბედი – არტ პეკი 2019 წლის ბოლოს გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც ის ოთხის წლის განმავლობაში კომპანიის დუნე ბიზნესის გამოსასწორებლად იბრძოდა. ფისკალურ 2015 და 2019 წლებში მისი შემოსავალი 1%-ზე ნაკლები კომბინირებული წლიური ზრდის ტემპით (CAGR) გაიზარდა, რადგან მისი კორექტირებული შემოსავალი 5%-ის ტოლი CAGR-ით შემცირდა.
პეკის დროს Gap-ის თანამოსახელე ბრენდი და Banana Republic ცდილობდა, რომ არ ჩამორჩენოდა ისეთ კონკურენტებს, როგორიც არის H&M და Inditex’s Zara.
Gap-ის ერთ-ერთი მიმართულება Athleta, რომელიც სპორტული ტანსაცმლის ბაზარზე Lululemon-ს უწევს კონკურენციას უკეთესად გამოიყურებოდა, მაგრამ მისი დიდი ბრენდის ვარდნის ასანაზღაურებლად ეს საკმარისი არ იყო. Gap ფასის შემცირების საშუალებით მყიდველების დაბრუნებას და ჭარბი მარაგებისგან გათავისუფლებას ცდილობდა, მაგრამ ამ სასოწარკვეთილმა სტრატეგიამ კომპანიის საოპერაციო მარჟა 9.6%-დან (2015 წელი) 3.5%-მდე (2019 წელი) შეამცირა.
სინგალმა – Old Navy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, Gap-ის მუდმივი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა 2020 წლის მარტში დაიკავა. მან სადავეები პანდემიის დარტყმისთანავე აიღო და ფისკალურ 2020 წელს Gap-ის შემოსავალი 16%-ით – $13.8 მილიარდამდე დაეცა. Old Navy-ში გაყიდვები 6%-ით დაეცა, Gap-ში – 27%-ით, ხოლო Banana Republic-ში – 42%-ით. მთელი წლის განმავლობაში კომპანიამ წმინდა ზარალი დააფიქსირა.
სინგალის “Power Plan 2023”
2020 წლის ოქტომბერში სინგალმა, Gap-ის ბიზნესის გადატვირთვის მიზნით, ახალი “Power Plan 2023” სტრატეგია გამოაქვეყნა. იმ დროს სინგალმა განაცხადა, რომ Gap-ს შეეძლო ყოველწლიურად გაეზარდა თავისი გაყიდვები დაბლიდან საშუალო ერთნიშნა პროცენტული მაჩვენებლებით. ამ გეგმის მიხედვით, კომპანიას 2023 წლისთვის მინიმუმ 10%-ის ტოლი ოპერაციული ზღვრის მიღწევა შეუძლია.
ამ მიზნის განსახორციელებლად, სინგალმა, ნაკლებად მჭიდროდ დასახლებულ ბაზრებზე, 2023 წლის ბოლოსთვის Gap-ისა და Banana Republic-ის 350 მაღაზიის დახურვა და ყოველწლიურად 30-40 Old Navy-ის და 20-30 Athleta-ს მაღაზიის გახსნა დაგეგმა.
ასევე, სინგალს სჯეროდა, რომ Athleta-სა და Old Navy-ის წლიური შემოსავალი ფისკალური 2023 წლისთვის მთლიანი წლიური შემოსავლის 70%-ს მიაღწევდა. კონკრეტულად, სინგალს სურდა, რომ ფისკალური 2023 წლისთვის Old Navy-სა და Athleta-ს, შესაბამისად, $10 მილიარდისა და $2 მილიარდის ოდენობით წლიური შემოსავალი გამოემუშავებინა.
მისი შეფასებით, მთელ კომპანიას, ფისკალური 2023 წლის ბოლოსთვის ონლაინ და სავაჭრო ცენტრებს გარეთ არსებული ლოკაციების საშუალებით, შეეძლო შემოსავლის დაახლოებით 80% გამოემუშავებინა, ასევე, ფიზიკური მაღაზიების დახურვით და ამ გაყიდვების ნაწილის ონლაინ გადატანით, ხარჯები $100 მილიონით შეემცირებინა.
მიაღწია სინგალმა ამ მიზნებს?
ფისკალურ 2021 წელს Gap-ის შემოსავალი 21%-ით – $16.7 მილიარდამდე გაიზარდა. პანდემიის დროს დროებითი ვარდნის გამოკლებით, კომპანიის შემოსავალი, ფისკალურ 2019 წელთან შედარებით, 2%-ით გაიზარდა. შესადარებელი მაღაზიის მთლიანი გაყიდვებმა მთელი წლის განმავლობაში 6%-ით მოიმატა, მაგრამ კორექტირებული საოპერაციო მარჟა 90 საბაზისო პუნქტით 5.5%-მდე შემცირდა.
ფისკალური 2022 წლისთვის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Gap-ის შემოსავალი 5%-ით – $15.8 მილიარდამდე შემცირდება, რადგან მისი კორექტირებული საოპერაციო მარჟა 1.8%-მდე დაიკლებს. ეს შენელება, შეიძლება, ინფლაციურ წინააღმდეგობებს, მარაგების შეფერხებას, ჩინეთში Gap-ის პროდუქტების ნელ გაყიდვებს, ასევე ზომისა და ასორტიმენტის პრობლემებს მიწეროს.
ფისკალური 2023 წლისთვის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ შემოსავალი 3%-ით – $16.3 მილიარდამდე გაიზრდება, რადგან მისი კორექტირებული საოპერაციო მარჟა 3.6%-ს მიაღწევს. ეს პროგნოზები გულისხმობს, რომ Gap საბოლოოდ თავის ამჟამინდელ პრობლემებს მოაგვარებს, მაგრამ ის, სავარაუდოდ, ვერ გაამართლებს სინგალის პროგნოზს 10%-ის ტოლ კორექტირებულ საოპერაციო მარჟასთან დაკავშირებით.
2020 და 2022 წლის ფისკალურ პირველ კვარტლებს შორის Gap-მა მაღაზიების მთლიანი რაოდენობა 3,911-დან 3,414-მდე შეამცირა. დაპირებისამებრ, ამ დახურვის უმეტესი ნაწილი Gap-ისა და Banana Republic-ის მაღაზიები იყო. გარდა ამისა, Old Navy-ს მაღაზიების რაოდენობა 1,208-დან 1,258-მდე, ხოლო Athleta-ს მაღაზიების რაოდენობა 191-დან 231-მდე გაიზარდა.
მაგრამ ფისკალურ 2021 წელს Old Navy-მ და Athleta-მ, შესაბამისად, მხოლოდ $9.08 მილიარდისა და $1.45 მილიარდის მოცულობის შემოსავალი გამოიმუშავა და ერთად მათ Gap-ის შემოსავლის 63% შეადგინა. სინგალის “Power Plan 2023”-ის განსახორციელებლად ფისკალურ 2023 წლამდე Old Navy-სა და Athleta-ს შემოსავალი, შესაბამისად, 5% და 17% CAGR-ით უნდა გაიზარდოს. ამ მიზნების მიღწევა, პროდუქტის შერჩევისა და მიწოდების ჯაჭვის გამოწვევების პრობლემების ფონზე, რთული იქნება.
და ბოლოს, 2022 წლის პირველ კვარტალში Gap-მა ონლაინ თავისი შემოსავლის მხოლოდ 39% გამოიმუშავა, რაც წინა წლის 40%-იანი ნიშნულიდან უმნიშვნელო კლებას წარმოადგენს.
Gap-ს ახლა გაურკვეველი მომავალი ელის
შესაძლოა, Gap იმიტომ გადადგა, რომ “Power Plan 2023” მიზნებს ვერ მიაღწია. აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობას აღმასრულებელი თავმჯდომარე – ბობ მარტინი შეასრულებს მანამ, სანამ არ მოიძებნება მუდმივი მემკვიდრე, მაგრამ თუ მალე უკეთეს მიმართულებას ვერ იპოვის კომპანია ჩაძირვას გააგრძელებს.