რა მოხდა?
S&P Global Market Intelligence-ის მონაცემების თანახმად, გასული კვირის განმავლობაში Dillard’s Inc.-ის აქციების ფასი 12.3%-ით გაიზარდა. კომპანიის აქციების ფასი ამჟამად ოდნავ აჭარბებს $352-ს და ამ მაჩვენებელმა წლის დასაწყისიდან თითქმის 11%-ით მოიმატა.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში ბაზრის ყველა ძირითადი ინდექსი შემცირდა: S&P 500 — 2.7%-ით, Dow Jones Industrial Average — 3%-ით, ხოლო Nasdaq Composite — 3.3%-ით.
და რა?
საცალო ვაჭრობის კომპანია — Dillard’s გასული წლის განმავლობაში, ინფლაციისა და შენელებული ეკონომიკის ფონზე, საკმაოდ გამძლე იყო. ფისკალურ მეოთხე კვარტალში, რომელიც 2023 წლის 28 იანვარს დასრულდა, Dillard’s-მა $2.16 მილიარდის მოცულობის წმინდა გაყიდვები გამოიმუშავა, რაც, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ძირითადად უცვლელი იყო. მოგება წლიდან წლამდე დაახლოებით 10%-ით — $289 მილიონამდე შემცირდა (ანუ მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $16.89 შეადგინა) უფრო მაღალი ხარჯებისა და გაყიდვების ღირებულების გამო.
მთლიანმა მარჟამ კვარტალში 38.7%-ს მიაღწია და ეს კომპანიისთვის მეორე ყველაზე მაღალი კვარტალური მაჩვენებელი იყო, მაგრამ ის გასული წლის იმავე მეოთხედთან შედარებით — 41.4%-დან შემცირდა.
სრული 52-კვირიანი პერიოდისთვის, რომელიც 28 იანვარს დასრულდა, წმინდა გაყიდვები, გასულ წელთან შედარებით, 5.6%-ით — $6.87 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო წმინდა მოგებამ 3.5%-ით მოიმატა და $882 მილიონს მიაღწია, ანუ EPS-მა $50.81 შეადგინა.
მენეჯმენტმა ასევე განაცხადა, რომ პირველ კვარტალში სამი ლოკაცია დახურა — ფლორიდაში, არიზონასა და ნებრასკაში.
ახლა რა?
Dillard’s-ის აქციების ფასის ვარდნა შეიძლება ასევე დაკავშირებული იყოს JPMorgan Chase-ის ანალიტიკოსის — მეთიუ ბოსის მიერ გასულ კვირაში რეიტინგის დაქვეითებასთან. მეთიუმ კომპანიის აქციებს გაყიდვის რეკომენდაცია მიანიჭა და სამიზნე ფასი $345-დან $286-მდე შეამცირა.
გარდა ამისა, Dillard’s-ის მენეჯმენტმა 2024 წლის გაზაფხულზე სამხრეთ დაკოტაში პირველი ლოკაციის გახსნა დააანონსა.