რა მოხდა?
Carvana-სთვის კვირა არასტაბილურად დაიწყო. ორშაბათს კომპანიის აქციების ფასი შემცირდა მას შემდეგ, რაც მენეჯმენტმა თანამშრომლების გათავისუფლების მორიგი რაუნდის შესახებ განაცხადა და ანალიტიკოსებმა აქციის რეიტინგი დააქვეითეს. გუშინ კი Carvana-ს აქციების ფასი 16%-ზე მეტით გაიზარდა.
სამშაბათ ღამით ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) წარდგენილი განაცხადი აჩვენებს, რომ Carvana-ს მთავარმა პროდუქტის დირექტორმა — დენიელ გილმა ორშაბათს დაახლოებით $1 მილიონად Carvana-ს 133,000 აქცია შეიძინა და, როგორც ჩანს, სწორედ ამან გაამყარა მეორადი ავტომობილების ელექტრონული კომერციის კომპანიის აქციები.
და რა?
საიდუმლო არ არის, რომ Carvana ლიკვიდურობის კრიზისის შუაგულშია, რამაც შეიძლება კომპანიის გაკოტრება გამოიწვიოს. პარასკევს კომპანიის თანამშრომლების გათავისუფლების კიდევ ერთი რაუნდის შესახებ გახდა ცნობილი, მენეჯმენტმა 1,500 თანამშრომელი გაათავისუფლა, რადგან ის ხარჯების შემცირებას ცდილობს.
მეორადი მანქანების ფასები მკვეთრად ეცემა, რის გამოც Carvana-ს მილიარდობით დოლარის ღირებულების მარაგები აქვს, საპროცენტო განაკვეთები იზრდება, რაც მყიდველებისთვის ავტოსესხებს აძვირებს. ბოლო კვარტალური ანგარიშის წარდგენისას კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Carvana-ს $4 მილიარდზე მეტ ნაღდ ფულზე ჰქონდა წვდომა, მაგრამ ზოგიერთი ანალიტიკოსი მაინც ფიქრობს, რომ, შესაძლოა, კომპანიას ეს რესურსი წლის განმავლობაში უკვე ამოეწურა.
სესხის აღება შეიძლება კომპანიას გადარჩენაში დაეხმაროს, მაგრამ ეს კიდევ უფრო გაართულებს მომგებიანობის მიღწევის ამოცანას. გასული წლის განმავლობაში Carvana-მ დაახლოებით $1 მილიარდის ოდენობით თავისუფალი ფულადი ნაკადები (FCF) დაკარგა.
რაც შეეხება დენიელ გილის მიერ აქციების შესყიდვას, მისი კონკრეტული მოტივაცია გაურკვეველია, თუმცა ზოგადად, ინსაიდერის მიერ აქციების შეძენა დადებით ფაქტორად ითვლება, რადგან ის კომპანიას უკეთ იცნობს.
ახლა რა?
როდესაც მოსალოდნელია, რომ საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთები გაიზრდება და მეორადი მანქანების ფასები კვლავ მცირდება, უახლოეს პერსპექტივაში, Carvana-ს მდგომარეობა, სავარაუდოდ, გაუარესდება.
შარშანდელ პიკთან შედარებით კომპანიის აქციების ფასი ის 97%-ით შემცირდა და, როგორც ჩანს, ინვესტორები გაკოტრების მოლოდინში არიან. თუ Carvana გადარჩება, მის აქციებს ზრდის დიდი პოტენციალი ექნება, მაგრამ მომდევნო რამდენიმე თვე კომპანიისთვის, რბილად რომ ვთქვათ, რთული იქნება.