ვაჭრობა და ინვესტირება არის ორი ტერმინი, რომელიც, საინვესტიციო სამყაროს შესახებ საკმარისი ინფორმაციის არ ქონის შემთხვევაში, შესაძლოა, სინონიმებად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ასე არ არის.
რა არის ინვესტირება?
ინვესტირების მიზანია გრძელვადიან პერსპექტივაში, კარგად დივერსიფიცირებული პორტფელის შექმნით, სიმდიდრის დაგროვება. ინვესტორმა, შესაძლოა, საინვესტიციო პორტფელი მიზნებად დაყოს, სადაც თითოეული სექცია რისკის სხვადასხვა დონეს ატარებს. მაგალითად:
- ინვესტირება საპენსიო ფონდებში, როგორიც არის 401(k) (კვალიფიციური მოგების გაზიარების გეგმა, რომელიც თანამშრომელს თავისი ხელფასის ნაწილის ინდივიდუალურ ანგარიშზე შეტანის საშუალებას აძლევს) ან IRA (საგადასახადო უპირატესობების მქონე საპენსიო შემნახველი ანგარიში)
- თანხის დაზოგვა ახალი მანქანისთვის ან სახლისთვის
- საკუთარი თავისთვის ან შვილებისთვის კოლეჯის ფონდის შექმნა
მოვაჭრეებისგან განსხვავებით, ინვესტორები თავიანთ პოზიციებს უსიამოვნების პირველი ნიშნისთანავე, არ ყიდიან, მაშინაც კი, თუ მათი პორტფელი მნიშვნელოვან დარტყმას მიიღებს. სამაგიეროდ, შესაძლოა, მათ დაღმავალი ტენდენციის დროს, კიდევ უფრო მეტი შესყიდვა განახორციელონ, რათა თავიანთ პორტფელს ახალი პოზიციები იაფად დაამატონ.
ინვესტორები, ტრეიდერებისგან განსხვავებით, იცავენ მანტრას: „ბაზარი ყოველთვის იმუშავებს“.
რა არის ვაჭრობა?
მეორეს მხრივ, ვაჭრობის მიზანი არის „ბაზრის დამარცხება“. გრძელი პოზიციების შეძენის და პორტფელში შენარჩუნების ნაცვლად, ტრეიდერები, მოგების მიღების მიზნით, რაც შეიძლება სწრაფად ყიდულობენ და ყიდიან პოზიციებს.
მაგალითად, S&P 500 ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ყოველწლიურად დაახლოებით 10%-ს გამოიმუშავებდა, რაც მრავალი ინვესტორისთვის სტანდარტია. თუმცა ტრეიდერებმა 10%-იანი მოგება, შესაძლოა, ყოველთვიურად გამოიმუშაონ. მოგების მისაღებად, ტრეიდერები ფასების მოკლევადიანი რყევებით სარგებლობენ. ზარალის შესამცირებლად, იმის ნაცვლად, რომ ბაზარზე ვარდნას დაელოდონ, ტრეიდერებს შეუძლიათ stop-loss ბრძანება გამოიყენონ, რათა ავტომატურად გაყიდონ თავიანთი აქტივები, თუ ფასი წინასწარ განსაზღვრულ ნიშნულს ქვემოთ დაეცემა.
რა განსხვავებაა ინვესტირებასა და ვაჭრობას შორის?
მოცდის პერიოდი
როგორც უკვე ვთქვით, ინვესტორები, ჩვეულებრივ, თავიანთ პოზიციებს წლების და ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებენ. მეორეს მხრივ, ტრეიდერები თავიანთ პოზიციებს მხოლოდ დღეების, საათების ან თუნდაც წუთების განმავლობაში ფლობენ. განასხვავებენ ტრეიდერების ოთხ ტიპს იმის მიხედვით, თუ რამდენი ხნის განმავლობაში ფლობენ ისინი თავიანთ აქტივებს:
- სკალპ ტრეიდერები – იკავებენ პოზიციებს წამების ან წუთების განმავლობაში და არასოდეს მეორე დღემდე
- დღიური ტრეიდერები – ინარჩუნებენ პოზიციებს საათობით, თუმცა, როგორც წესი, არა მეორე დღემდე
- სვინგ ტრეიდერები – ინახავენ თავიანთ აქტივებს დღეების ან კვირების განმავლობაში
- პოზიციური ტრეიდერები – ისინი ყველაზე მეტად ჰგვანან ინვესტორებს, რადგან პოზიციებს თვეების ან წლების განმავლობაში ინარჩუნებენ.
ღირებულება
მიუხედავად იმისა, რომ არც ინვესტირებისთვის და არც ვაჭრობისთვის არ არსებობს სტანდარტიზებული საწყისი თანხა, კანონები არეგულირებს კაპიტალის ოდენობას, რომელიც ვაჭრობისთვის უნდა გქონდეთ.
ტრეიდერები, თავიანთი ტრანზაქციების გასაადვილებლად, ბროკერს იყენებენ და, როგორც წესი, ბროკერები მოგთხოვენ შეინარჩუნოთ გარკვეული თანხა ანგარიშზე ან მარჟა. ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია (SEC) ტრეიდერებისგან, რომლებიც 5 დღიდან 4-ჯერ ან უფრო მეტჯერ ვაჭრობენ, მარჟის ანგარიშზე $25,000-ის შენარჩუნებას მოითხოვს. გარდა ამისა, ბევრი ბროკერი ყოველი ტრანზაქციისთვის ფიქსირებულ ან პროცენტზე დაფუძნებულ საკომისიო მოითხოვს.
ბროკერიდან გამომდინარე, ინვესტორები, როგორც წესი, იხდიან საკომისიოს მათი AUM-ისთვის (მართვაში არსებული აქტივები). ეს, შეიძლება, უფასოც იყოს და ასევე შეადგენდეს 1%-ს ან უფრო მეტს. ზოგიერთმა ინვესტიციამ, როგორიც არის ურთიერთდახმარების ფონდები, შესაძლოა, ინვესტორს ასევე დააკისროს აქციების გაყიდვის, გამოსყიდვის, ანგარიშის და/ან შესყიდვის საკომისიო.
კვლევა
ტრეიდერები და ინვესტორები ასევე სხვადასხვა ტიპის და მოცულობის კვლევას ატარებენ თავიანთი პოზიციების შესარჩევად.
მაგალითად, ტრეიდერები იყენებენ ტექნიკურ ანალიზს იმის დასადგენად, თუ რა ნაბიჯი უნდა გადადგან საფონდო ბირჟაზე. მოძრავი საშუალო მაჩვენებლები, სტოქასტიკური ოსცილატორები და უახლესი ამბები არის ის, რაც ტრეიდერებს მათთვის საინტერესო ინფორმაციას აწვდის.
ინვესტორები კი, როგორც წესი, ყურადღებას საბაზრო საფუძვლებზე ამახვილებენ. ისინი ემყარებიან ისეთ ინფორმაციას, როგორიც არის P/S (ფასი/მოგება) კოეფიციენტი, წინსვლის მიმართულებები, კომპანიის ისტორია და ა. შ. ინვესტორებმა ასევე, შეიძლება, არჩევანი გააკეთონ იმის მიხედვით, იხდის და თანმიმდევრულად ზრდის თუ არა კომპანია დივიდენდებს.
საინვესტიციო მექანიზმები
ხშირად, ინვესტორები და მოვაჭრეები, თავიანთი მიზნების მისაღწევად, სხვადასხვა საშუალებებს იყენებენ.
მაგალითად, ინვესტორები მიდრეკილნი არიან აირჩიონ ფონდები და აქტივები, რომელთა ფასების ზრდასაც ისინი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ელიან. მეორეს მხრივ, ტრეიდერები ტრანზაქციებს უფრო ხშირად და ბევრი გზით ახორციელებენ. მაგალითად, მათ შეუძლიათ გახსნან და დახურონ პოზიციები მომენტალურად. მათ, შეიძლება, ასევე ინვესტიცია ჩადონ უფრო რისკიან პოზიციებში, რომლებსაც აქვთ ვადის გასვლის თარიღი, როგორიც არის ფიუჩერსები და ოფციონები.
რისკი და ჯილდო
რაც უფრო მცირეა თქვენი მოცდის დრო, მით უფრო მეტია შანსი, რომ ინვესტიცია დაკარგოთ. მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორებს გარკვეული რისკი ემუქრება, პოზიციების წლების განმავლობაში დაკავება მათ ინვესტიციებს ასევე აძლევს შანსს, რომ დანაკარგები აღადგინოს. ინვესტორები და ტრეიდერები, მათი სავაჭრო საქმიანობის მიხედვით, ასევე სხვადასხვა სახის (და ოდენობის) ჯილდოს იღებენ. როგორც წესი, რაც უფრო დიდია რისკი მით უფრო დიდია ჯილდო.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.