გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Foot Locker, PDD Holdings, Crowdstrike, NetApp და Pure Storage.
Foot Locker
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Foot Locker-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ამერიკული კომპანიის აქციების ფასი 16%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 25%-ით არის შემცირებული.
ფისკალური 2023 წლის მესამე კვარტალში, რომელიც 28 ოქტომბერს დასრულდა, Foot Locker-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 8.6%-ით — $1.99 მილიარდამდე შემცირდა, თუმცა ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.96 მილიარდს.
გარდა ამისა, კომპანიის წმინდა მოგებამ $28 მილიონი შეადგინა, რაც საგრძნობლად ჩამორჩება გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ $96 მილიონს. EPS (მოგება თითო აქციაზე) $0.3 იყო (პროგნოზი — $0.22).
Foot Locker-ის მენეჯმენტმა, გაყიდვების სტიმულირებისთვის, ფასების შემცირებას მიმართა. შედეგად, კომპანიის მთლიანმა მარჟამ 27.4% შეადგინა (გასული წლის მესამე კვარტალში — 32%).
მიუხედავად ამისა, Foot Locker-ის მესამე კვარტლის შედეგები იმაზე უკეთესი იყო, ვიდრე უოლ სტრიტი მოელოდა. აღმასრულებელმა დირექტორმა — მერი დილონმა კი ინვესტორებში ნდობა აღძრა იმით, რომ, მისი თქმით, მადლიერების კვირას კომპანიამ გაყიდვების ძლიერი შედეგების დაფიქსირება შეძლო.
რაც შეეხება მომავალს, Foot Locker-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ მეოთხე კვარტალში გაყიდვები წლიდან წლამდე 2%-4%-ით შემცირდება, ხოლო მთლიანი მოგების მარჟა 27%-ს შეადგენს.
Foot Locker-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $28.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $20.40-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $35.00-ს, ხოლო მინიმალური — $15.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Foot Locker-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 26%-იან შემცირებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 13 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 5-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
PDD Holdings
უკვე მეორე დღეა, რაც ელექტრონული კომერციის ჩინური კომპანიის და ფასდაკლებული საქონლით მოვაჭრე ვებგვერდების — Pinduoduo-სა და Temu-ს მფლობელის — PDD Holdings-ის აქციების ფასი იზრდება. გუშინდელმა მატებამ თითქმის 2% შეადგინა.
სამშაბათს კომპანიის აქციების ფასის ზრდა ძლიერ კვარტალურ ანგარიშთან იყო დაკავშირებული. გუშინდელი მატების მიზეზი კი უოლ სტრიტის რამდენიმე ანალიტიკოსის პოზიტიური შეფასება და Alibaba-ს თანადამფუძნებლის — ჯეკ მას განცხადება იყო.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვარტალში Pinduoduo-ს შემოსავალი წლიდან წლამდე 94%-ით — $9.44 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $7.42 მილიარდი). კორექტირებულმა წმინდა მოგებამ კი 37%-ით მოიმატა და $2.33 მილიარდი შეადგინა, ანუ კორექტირებული EPS (მოგება თითო აქციაზე) $1.63 იყო (პროგნოზი — $1.16). GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა კი $1.49-ს მიაღწია და ამ მაჩვენებელმა უოლ სტრიტის პროგნოზს $0.46-ით გადააჭარბა.
PDD-ის მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური ანგარიშის შემდეგ, სულ მცირე შვიდმა ანალიტიკოსმა შეუნარჩუნა კომპანიის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია, ხოლო სამიზნე ფასები გაზარდა.
ანალიტიკოსებმა ხაზი გაუსვეს Temu-ს სწრაფ ზრდას. Temu არის შეღავათიან ფასებზე ორიენტირებული ელექტრონული კომერციის ვებგვერდი, რომელიც ფოკუსირებულია საერთაშორისო ბაზრებზე. უკვე დიდი ხანია, რაც ის ჩინეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ აპლიკაცია ახლა სწრაფად ითვისებს აშშ-სა და სხვა ბაზრებს.
ჯეკ მას კომენტარებმა ასევე გააძლიერა PDD-ის აქციები, რადგან მან Alibaba-ს მენეჯმენტს მოუწოდა, ცვლილებებსა და რეფორმებზე ორიენტირდეს, რათა არ ჩამორჩეს ისეთ კონკურენტებს, როგორიც არის Pinduoduo.
PDD Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $142.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $151.60-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $190.00-ს, ხოლო მინიმალური — $111.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი PDD Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 7%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 16 ანალიტიკოსიდან 15-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
CrowdStrike
სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Crowdstrike-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის აქციების ფასი 10%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 127%-ით არის გაუმჯობესებული.
ფისკალური 2023 წლის მესამე კვარტალში Crowdstrike-ის შემოსავალი წლიდან წლამდე დაახლოებით 34%-ით — $786 მილიონამდე გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $777.31 მილიონს. კორექტირებული EPS 85%-ით — $0.82-მდე გაიზარდა (პროგნოზი — $0.74). GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა კი მხოლოდ $0.11 შეადგინა, თუმცა ამ მაჩვენებელმაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $0.04-ს.
ამავდროულად, კომპანიის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს კონტრაქტებს, რომელთა საერთო ღირებულება $223.1 მილიონს შეადგენს, რაც წლიური განმეორებადი შემოსავლის (ARR) ზრდას უწყობს ხელს. ახალმა კონტრაქტების წყალობით, მთლიანმა ARR-მა მიაღწია $3.15 მილიარდს, რაც წლიდან წლამდე 35%-იან მატებაა.
რაც შეეხება მომავალს, Crowdstrike-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე ფისკალურ კვარტალში შემოსავალი $836.6-$840 მილიონს მიაღწევს, ხოლო კორექტირებული EPS — $0.81-$0.82-ს. უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზები კი, შესაბამისად, $836.6 მილიონს და $0.78-ს შეადგენს.
Crowdstrike-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $234.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 36 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $231.77-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $255.00-ს, ხოლო მინიმალური — $191.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Crowdstrike-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 36 ანალიტიკოსიდან 34-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
NetApp & Pure Storage
ორშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, NetApp-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი ინტელექტუალურ მონაცემთა ინფრასტრუქტურის კომპანიის აქციების ფასი მკვეთრად — თითქმის 15%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 47%-ით არის გაუმჯობესებული.
გასულ კვარტალში NetApp-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 6%-ით — $1.56 მილიარდამდე შემცირდა, თუმცა ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.53 მილიარდს. კორექტირებული მოგება კი 6.8%-ით გაიზარდა და $1.58 შეადგინა (პროგნოზი — $1.39). GAAP-ის მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა $1.10-ს მიაღწია და ამ მაჩვენებელმა ანალიტიკოსების მოლოდინს $0.14-ით აჯობა.
რაც შეეხება მომავალს, NetApp-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ მიმდინარე კვარტალში კომპანიის შემოსავალი $1.51-$1.67 მილიარდს, ხოლო EPS $1.64-$1.74-ს მიაღწევს. ამ ორივე დიაპაზონის შუა წერტილები მიუთითებს გაუმჯობესებაზე გასულ კვარტალთან შედარებით.
ეს შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ მონაცემთა ცენტრის შენახვის ბიზნესი, რომელმაც 2022 წელს ვარდნა დაიწყო, შეიძლება ახლა აღდგენის ფაზაში იყოს. ეს სასარგებლო იქნება NetApp-ის კონკურენტისთვის — Pure Storage-ისთვისაც, რომელმაც კვარტალური ანგარიში გუშინ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, წარადგინა. მანამდე კი კომპანიის აქციების ფასი, NetApp-ის ძლიერი შედეგებიდან გამომდინარე, დაახლოებით 6%-ით გაიზარდა. თუმცა სავაჭრო საათების შემდეგ, Pure Storage-ის აქციების ფასი დაახლოებით 15%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი თითქმის 40%-ით არის გაუმჯობესებული.
Pure Storage-ის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 12.8%-ით — $762.8 მილიონამდე გაიზარდა (უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზი — $761.49 მილიონი), ხოლო კორექტირებულმა EPS-მა $0.5 შეადგინა (პროგნოზი — $0.4). GAAP-ის მიხედვით გამოთვლილი EPS $0.21 იყო და ამ მაჩვენებელმაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $0.09-ს.
გამოწერის სერვისებიდან მიღებული შემოსავალი წლიდან წლამდე 26%-ით — $309.6 მილიონამდე გაიზარდა, ARR 26%-ით — $1.3 მილიარდამდე, ხოლო მომსახურების გაწევის დარჩენილმა ვალდებულებებმა 30%-იანი მატება განიცადა და $2 მილიარდი შეადგინა.
თუმცა Pure Storage-ის აქციების ფასზე ნეგატიურად იმოქმედა მომავლის პროგნოზებმა. კომპანიის მენეჯმენტი მოელის, რომ მეოთხე კვარტალში შემოსავალი $782 მილიონს შეადგენს, რაც საკმაოდ ჩამოუვარდება ანალიტიკოსების პროგნოზს — $919.40 მილიონს.
გარდა ამისა, კომპანიაში პროგნოზირებენ, რომ ფისკალური 2024 წლის განმავლობაში შემოსავალი $2.82 მილიარდს მიაღწევს, რაც, ფისკალურ 2023 წელთან შედარებით, მხოლოდ 0.7%-იანი ზრდა იქნება. ეს მაჩვენებელიც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ანალიტიკოსების პროგნოზს, რომელიც $2.96 მილიარდს შეადგენს.
NetApp-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $89.50-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $88.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $100.00-ს, ხოლო მინიმალური — $73.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი NetApp-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 2%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 15 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 10-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Pure Storage-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $38.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 12 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $45.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $58.00-ს, ხოლო მინიმალური — $38.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Pure Storage-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 19%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 12 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.