გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Pinduoduo, JD.com, Alibaba და Citi Trends.
Pinduoduo & JD.com
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Pinduoduo-მ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ელექტრონული კომერციის ჩინური კომპანიის აქციების ფასი მკვეთრად — 18%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 64%-ით არის გაუმჯობესებული.
გასულ კვარტალში Pinduoduo-ს შემოსავალი წლიდან წლამდე 94%-ით — $9.44 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $7.42 მილიარდი). კორექტირებულმა წმინდა მოგებამ კი 37%-ით მოიმატა და $2.33 მილიარდი შეადგინა, ანუ კორექტირებული EPS (მოგება თითო აქციაზე) $1.63 იყო (პროგნოზი — $1.16). GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა კი $1.49-ს მიაღწია და ამ მაჩვენებელმა უოლ სტრიტის პროგნოზს $0.46-ით გადააჭარბა.
შემოსავლის შთამბეჭდავი ზრდა განპირობებულია კომპანიის ონლაინ მარკეტინგის მომსახურების და ტრანზაქციის სერვისების სეგმენტებით. პირველი მათგანის გაყიდვები წლიდან წლამდე 39%-ით გაიზარდა და დაახლოებით $5.44 მილიარდს მიაღწია, ხოლო ტრანზაქციების სერვისების შემოსავალმა 315%-ით — $4 მილიარდამდე მოიმატა.
მესამე კვარტალში Pinduoduo-ს შესანიშნავი წარმადობა ძირითადად გამოწვეული იყო კომპანიის ელექტრონული კომერციის პლატფორმაზე — Temu-ზე დაფიქსირებული ძლიერი მოთხოვნით. Temu აერთიანებს სოციალური შოპინგის ელემენტებს და ხშირად აძლევს მომხმარებლებს საშუალებას, საქონელი, ალტერნატიულ პლატფორმებთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინონ. უკვე დიდი ხანია, რაც Temu ჩინეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ აპლიკაცია ახლა სწრაფად ითვისებს აშშ-სა და სხვა ბაზრებს.
მთლიანობაში, ეს იყო შთამბეჭდავი კვარტალი ელექტრონული კომერციის სპეციალისტისთვის.
Pinduoduo-ს ძლიერი კვარტალური ანგარიშის შემდეგ ჩინეთის უდიდესი ონლაინ საცალო მოვაჭრის — JD.com-ის აქციების ფასი თითქმის 1%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 51%-ით არის დაკლებული.
JD.com მართავს პრემიუმ პროდუქციაზე ორიენტირებულ ელექტრონული კომერციის ბიზნესს. მეორეს მხრივ, Pinduoduo-ს Temu პლატფორმა ორიენტირებულია ფასდაკლებულ შეთავაზებებზე.
მიუხედავად იმისა, რომ ორი კომპანია მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან, პოტენციური მომხმარებელთა ბაზისა და ელექტრონული კომერციის სივრცეში მთლიანი მოთხოვნის თვალსაზრისით მაინც არსებობს თანაკვეთა. აღსანიშნავია, რომ Pinduoduo სწრაფად ვითარდება, ხოლო JD-ის ზრდა ბოლო დროს ბევრად მცირე იყო. შედარებისთვის, JD-ის შემოსავალი მესამე კვარტალში წლიდან წლამდე 1.7%-ით გაიზარდა.
Pinduoduo-ს მესამე კვარტლის შესანიშნავი შედეგები სულაც არ წარმოადგენს აუცილებელ საფრთხეს JD-სთვის. თუმცა Pinduoduo სწრაფად ზრდის ბაზრის წილს და JD-ის ინვესტორებმა თვალი უნდა ადევნონ ორივე კომპანიის საერთო ტრაექტორიებს.
Pinduoduo-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $139.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 16 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $140.93-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $173.00-ს, ხოლო მინიმალური — $111.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Pinduoduo-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1.4%-იან ზრდას გულისხმობს.
JD.com-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $28.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $40.67-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $80.00-ს, ხოლო მინიმალური — $27.47-ს. საშუალო სამიზნე ფასი JD.com-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 44.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 18 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Alibaba
რამდენიმე დღის წინ Alibaba-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Cloud Intelligence Group-ის სპინოფი აღარ შედგება და მას შემდეგ უკვე ზედიზედ მესამე სავაჭრო დღეა, რაც Alibaba Group-ის აქციების ფასი მცირდება. გუშინ ამ მაჩვენებელმა 1%-ზე მეტით დაიკლო. მიმდინარე წლის განმავლობაში კი Alibaba-ს აქციების ფასი დაახლოებით 17%-ით არის შემცირებული.
გუშინ დილით Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Alibaba ხურავს თავის კვანტურ გამოთვლით კვლევით ლაბორატორიას (რომელიც ხელოვნური ინტელექტის (AI) მიმართულებით კომპანიის ძალისხმევის ნაწილი იყო) და აღჭურვილობას საჩუქრად ჟეჯიანგის უნივერსიტეტს გადასცემს.
ჯერ არ არის ცნობილი, შეძლებს თუ არა Alibaba ამ გადაწყვეტილების წყალობით გარკვეული საგადასახადო შეღავათების მიღებას, როგორც ეს ამერიკული კომპანიების შემთხვევებში ხდება.
Alibaba-ს წარმომადგენლებმა Cloud Intelligence Group-თან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას ხაზი გაუსვეს აშშ-ის ექსპორტის კონტროლის ახალ წესებს და განაცხადეს: „ჩვენ გვჯერა, რომ ამ ახალმა შეზღუდვებმა შეიძლება მატერიალურად და ნეგატიურად იმოქმედოს Cloud Intelligence Group-ის უნარზე, ბაზარს შესთავაზოს პროდუქტები და სერვისები, ამასთან შეასრულოს არსებული კონტრაქტები. ეს კი უარყოფითად იმოქმედებს ჩვენს შედეგებსა და ფინანსურ მდგომარეობაზე“. როგორც ჩანს, ამ შეზღუდვებმა ნეგატიურად იმოქმედა კომპანიის უნარზე, ჩაატაროს მაღალი დონის AI კვლევები და კომპანიას ასევე გაურთულა წინსვლა კვანტური გამოთვლების სფეროში.
თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს Alibaba-სთვის დიდი დანაკარგი არ არის. Reuters-ის ცნობით, კვანტურ კვლევით განყოფილებას მხოლოდ 30-მდე მკვლევარი ჰყავდა და ეს კომპანიის საერთო R&D (კვლევა და განვითარება) გუნდის მცირე ნაწილი იყო. თუმცა ამ მიმართულებით განვითარების შეწყვეტა, როგორც ჩანს, შეანელებს Alibaba-ს პოტენციური ზრდის ტემპს.
მეორე მხრივ, სასიხარულო ამბავი ის არის, რომ CIG მთლიანობაში Alibaba-სთვის წარმატებული მიმართულება არ ყოფილა. CIG-ს მომგებიანობისთვის არასოდეს მიუღწევია და შარშან მან Alibaba-ს $750 მილიონის ოდენობით ზარალი მოუტანა. ამ ბიზნესის მინიმუმ ერთი ნაწილის დახურვით Alibaba ნაკლებ ფულს დაკარგავს.
უფრო მეტიც, კომპანიის მენეჯმენტი აპირებს, მეტად ფოკუსირდეს Alibaba-ს მომგებიან ძირითად საცალო ბიზნესზე, რომელმაც გასულ წელს $25 მილიარდზე მეტი მოგება გამოიმუშავა.
Alibaba-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $77.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 20 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $126.32-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $150.00-ს, ხოლო მინიმალური — $93.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alibaba-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 65%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 20 ანალიტიკოსიდან 19-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Citi Trends
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Citi Trends-მა მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი 12%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 14%-ით არის დაკლებული.
Citi Trends არის საცალო ვაჭრობის ამერიკული ქსელი, რომელიც ფასდაკლებულ ტანსაცმელს ყიდის. კომპანია ძირითადად ქალაქში მცხოვრებ მომხმარებლებზეა ორიენტირებული.
გასულ კვარტალში Citi Trends-ის გაყიდვები წლიდან წლამდე 6.7%-ით — $179.5 მილიონამდე შემცირდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $187.2 მილიონი), ხოლო კორექტირებულმა ზარალმა თითო აქციაზე $0.47 შეადგინა (პროგნოზი — -$0.05). GAAP-ის მიხედვით კომპანიამ თითო აქციაზე $0.56-ის ოდენობით ზარალი განიცადა (უოლ სტრიტის პროგნოზი — -$0.18).
Citi Trends-ის მთლიანი მარჟა 170 საბაზისო პუნქტით შემცირდა და 38.2% შეადგინა.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა — დევიდ მაკუენმა აღწერა ტანსაცმლის გაყიდვის გარემო, როგორც „ძალიან რთული“, განსაკუთრებით კომპანიის „ძირითადად დაბალი შემოსავლის მქონე მომხმარებელთა ბაზისთვის“. მაგრამ მან დასძინა, რომ Citi Trends კვლავ გამოიმუშავებს ძლიერ მთლიან მარჟას (თუნდაც ოდნავ ნაკლებს, ვიდრე შარშან) და, ამავდროულად, უცვლელ დონეზე ინარჩუნებს საოპერაციო ხარჯებს.
Citi Trends-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $23.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 3 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $30.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $35.00-ს, ხოლო მინიმალური — $26.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Citi Trends-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 31.4%-იან ზრდას გულისხმობს.