გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის AMD, Pfizer, Caterpillar, Anheuser-Busch InBev და Wolfspeed.
AMD
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Advanced Micro Devices-მა (AMD) კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი ჩიპების მწარმოებელი კომპანიის აქციების ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 54%-ით არის გაუმჯობესებული.
მესამე კვარტალში AMD-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 4%-ით — $5.8 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $5.7 მილიარდი), ხოლო წმინდა მოგებამ $66 მილიონიდან $299 მილიონამდე მოიმატა. ანუ EPS $0.18 იყო (პროგნოზი — $0.20). ხოლო კორექტირებულმა EPS-მა $0.70 შეადგინა (უოლ სტრიტის პროგნოზი — $0.68).
AMD არის ჩიპების მწარმოებელთაგან ერთ-ერთი, რომელსაც შეუძლია შექმნას ისეთი მაღალი დონის გრაფიკული დამუშავების ერთეული (GPU), რომელიც საჭიროა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელების მოსამზადებლად და ჩასაშვებად. ამ ბაზარზე Nvidia დომინირებს. AMD-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანიის მომავალი AI ჩიპები — MI300A და MI300X მეოთხე კვარტალში გახდება ხელმისაწვდომი.
„ახლა ჩვენ ველით, რომ მეოთხე კვარტალში მონაცემთა ცენტრის GPU-ების შემოსავალი დაახლოებით $400 მილიონს შეადგენს, ხოლო 2024 წელს $2 მილიარდს გადააჭარბებს“ — განაცხადა AMD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ლიზა სუმ.
მენეჯმენტი მოელის, რომ მეოთხე კვარტალში AMD-ის მთლიანი შემოსავალი $6.1 მილიარდს მიაღწევს, რაც ჩამორჩება ანალიტიკოსების პროგნოზს — $6.37 მილიარდს.
AMD-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $98.50-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 27 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $133.75-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $155.00-ს, ხოლო მინიმალური — $95.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი AMD-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 36%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 27 ანალიტიკოსიდან 20-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Pfizer
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Pfizer-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ამერიკული ფარმაცევტული და ბიოტექნოლოგიური კომპანიის აქციების ფასი თითქმის უცვლელი დარჩა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 40%-ით არის შემცირებული.
მესამე კვარტალში Pfizer შემოსავალი წლიდან წლამდე 42%-ით — $13.23 მილიარდამდე შემცირდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $13.33 მილიარდი). წმინდა ზარალმა $2.38 მილიარდი შეადგინა, ანუ თითო აქციაზე ზარალი $0.42 იყო (პროგნოზი — -$0.51). გასული წლის იმავე კვარტალში კომპანიამ $8.61 მილიარდის ოდენობით წმინდა მოგება გამოიმუშავა (EPS — $1.51).
Pfizer-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მესამე კვარტალში კომპანიამ $5.6 მილიარდის მოცულობის ხარჯი გასწია ინვენტარის ჩამოწერისთვის Covid-ის პროდუქტების მოსალოდნელზე დაბალი გამოყენების გამო. აქედან $4.7 მილიარდი Paxlovid-ს (Covid-ის ანტივირუსული მედიკამენტი) ეკუთვნის, ხოლო $900 მილიონი Pfizer-ის ვაქცინას.
კომპანიის Covid ვაქცინის გაყიდვებმა გასულ მეოთხედში $1.31 მილიარდს მიაღწია, რაც 70%-ით ჩამორჩება გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელს. ანალიტიკოსების პროგნოზი $1.53 მილიარდს შეადგენდა.
Paxlovid-ის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი კი წლიდან წლამდე 97%-ით — $202 მილიონამდე შემცირდა. ეს მაჩვენებელი ძალიან ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $613.5 მილიონს.
მთლიანობაში ამ ორი პროდუქტის გაყიდვებმა კვარტალში დაახლოებით $1.5 მილიარდს მიაღწია, რაც გაცილებით ნაკლებია გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ შედეგზე — $12 მილიარდზე.
რაც შეეხება მომავალს, Pfizer-ის მენეჯმენტი მოელის, რომ სრული 2023 წლის გაყიდვები $58-$61 მილიარდს მიაღწევს, ხოლო კორექტირებული EPS — $1.45-$1.65-ს. კომპანიაში ასევე პროგნოზირებენ, რომ Pfizer-ის ვაქცინების გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი $11.5 მილიარდს შეადგენს, ხოლო Paxlovid-ის — $1 მილიარდს.
Pfizer-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $30.60-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $39.91-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $75.00-ს, ხოლო მინიმალური — $33.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Pfizer-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 31%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 13 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Caterpillar
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Caterpillar-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი სამშენებლო, სამთო და სხვა საინჟინრო აღჭურვილობის ამერიკული მწარმოებლის აქციების ფასი 6%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 5%-ით არის დაკლებული.
გასულ კვარტალში Caterpillar-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 12%-ით — $16.81 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $16.57 მილიარდი), ხოლო EPS-მა 40%-ით მოიმატა და $5.52 შეადგინა (პროგნოზი — $4.80).
Caterpillar-ის მენეჯმენტმა წლიდან წლამდე შემოსავლის $1.8 მილიარდიანი ზრდიდან $1.3 მილიარდი ფასების ზრდას მიაკუთვნა, $350 მილიონი გაყიდვების უფრო მაღალ მოცულობას, ხოლო დანარჩენი სავალუტო კორექტირებებს და ფინანსური პროდუქტების შემოსავლებს.
კორექტირებულმა საოპერაციო მოგების მარჟამ 20.8%-შეადგინა, რაც მცირედით ჩამორჩება მეორე კვარტალში დაფიქსირებულ 21.3%-ს.
სამშენებლო ინდუსტრიის გაყიდვები 12%-ით გაიზარდა, ხოლო რესურსების ინდუსტრიაში ამ მაჩვენებელმა 9%-ით მოიმატა. ენერგეტიკისა და სატრანსპორტო მრეწველობის გაყიდვები 11%-ით გაიზარდა.
მეორე კვარტალთან შედარებით შეკვეთები $2.6 მილიარდით შემცირდა.
რაც შეეხება მომავალს, Caterpillar-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მეოთხე კვარტალში საოპერაციო მარჟა, გასულ მეოთხედთან შედარებით, შემცირდება. გაყიდვები კი, 2022 წლის მეოთხე კვარტალში დაფიქსირებულ $16.6 მილიარდს ოდნავ გადააჭარბებს.
Caterpillar-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $226.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $287.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $350.00-ს, ხოლო მინიმალური — $210.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Caterpillar-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 27%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 14 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Anheuser-Busch InBev
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Anheuser-Busch InBev-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში ლუდის მწარმოებელი გიგანტის აქციების ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 6%-ით არის შემცირებული.
AB InBev-ის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 5%-ით — $15.57 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $15.71 მილიარდი), რაც განპირობებული იყო ფასების ხელსაყრელი მოქმედებებით, ასევე „პრემიუმიზაციის“1 და შემოსავლების მართვის სხვა ინიციატივებით. მოგებამ კი $1.735 მილიარდი შეადგინა, ანუ EPS (მოგება თითო აქციაზე) $0.86 იყო (პროგნოზი — $0.84). გასული წლის იმავე კვარტალში ეს მაჩვენებელი $0.84-ს შეადგენდა.
AB InBev-ის შემოსავალი გაიზარდა კომპანიის ბაზრების დაახლოებით 80%-ზე. გარდა ამისა, კომპანიის გლობალური ბრენდების — Budweiser, Stella Artois, Corona და Michelob Ultra — შემოსავლებში 15.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა საშინაო ბაზრებს გარეთ.
აღმასრულებელმა დირექტორმა — მიშელ დუკერისმა კომპანიის ძლიერი კვარტალური ანგარიში გლობალური მასშტაბით ბრენდის სიძლიერეს მიაწერა და დასძინა, რომ მენეჯმენტი განაგრძობს ინვესტიციებს კომპანიის სტრატეგიულ გრძელვადიან პრიორიტეტებში.
რაც შეეხება მომავალს, 2023 წლის სრული წლისთვის AB InBev-ის მენეჯმენტი მოელის, რომ კორექტირებული EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) 4%-8%-ით მოიმატებს, ხოლო შემოსავლის ზრდის ტემპი ამ მაჩვენებელს ოდნავ გადააჭარბებს. ანალიტიკოსები კი პროგნოზირებენ, რომ მთელი წლის შემოსავალი 5.5%-ით გაიზრდება.
AB InBev-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $57.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 7 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $69.78-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $76.00-ს, ხოლო მინიმალური — $66.30-ს. საშუალო სამიზნე ფასი AB InBev-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 22.7%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 7 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Wolfspeed
ორშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Wolfspeed-მა ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი ნახევარგამტარების მწარმოებლის აქციების ფასი მკვეთრად — 22%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 50%-ით არის შემცირებული.
Wolfspeed-ის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 4.2%-ით — $197.4 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $196.21 მილიონი). კორექტირებულმა წმინდა ზარალმა თითო აქციაზე $0.53-ს მიაღწია (პროგნოზი — -$0.67). გასული წლის იმავე კვარტალში ამ მაჩვენებელმა -$0.24 შეადგინა.
Wolfspeed-ის სილიციუმის კარბიდის და გალიუმის ნიტრიდის ჩიპებს უნიკალური თვისებები აქვს. მაგალითად, სილიციუმის კარბიდის პროცესორებს უკიდურესად მაღალი ტემპერატურის პირობებში მუშაობა შეუძლია, რაც სასარგებლოა ელექტრომობილების ბატარეებში ენერგიის ნაკადის მართვისთვის. მეორე მხრივ, გალიუმის ნიტრიდის ნახევარგამტარები შესანიშნავია 5G ანტენის სისტემებისთვის და სხვა რადიოსიხშირული აპლიკაციებისთვის.
Wolfspeed-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $34.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 17 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $45.60-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $60.00-ს, ხოლო მინიმალური — $34.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Wolfspeed-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 35%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 17 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
[1] ქმედება ან პროცესი, რომლის მიზანია, ბრენდი ან პროდუქტი მომხმარებლებისთვის მიმზიდველი გახადოს მისი უმაღლესი ხარისხისა და ექსკლუზიურობის ხაზგასმით.