• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

ოქტომბერი 31, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის XPO, Pinterest, Microsoft, Western Digital, Overstock და On Semiconductor.

XPO

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, XPO-მ მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ტვირთების გადაზიდვის კომპანიის აქციების ფასი 15%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 140%-ით არის გაუმჯობესებული.

კომპანიას გასულ წელს რთული პერიოდი ჰქონდა, რადგან მენეჯმენტს ხარჯებთან დაკავშირებულ პრობლემებთან უწევდა გამკლავება, თუმცა, როგორც ჩანს, XPO ახლა სწორ გზაზე დგას.

მესამე კვარტალში ტვირთების გადაზიდვის კომპანიის შემოსავალმა $1.98 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.93 მილიარდი), ხოლო EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) — $0.88 (პროგნოზი — $0.64). კომპანიის საოპერაციო კოეფიციენტი (მომგებიანობის საზომი) კვარტალში 86.2%-მდე გაუმჯობესდა მოცულობის, ფასების და შრომის პროდუქტიულობის ზრდის წყალობით. ხოლო XPO-ს ტვირთების დაზიანების პრეტენზიების კოეფიციენტმა კომპანიისთვის საუკეთესო შედეგს — 0.4%-ს მიაღწია. ორი წლის წინ ეს მაჩვენებელი 1.2%-ს აჭარბებდა.

XPO

„XPO-ს მესამე კვარტლის შედეგებმა გადააჭარბა მოლოდინს, შემოსავლებისა და მომგებიანობის სოლიდური ზრდით, წინსვლის ძლიერი იმპულსით“, — თქვა აღმასრულებელმა დირექტორმა — მარიო ჰარიკმა განცხადებაში. „ამასთან კვარტლის განმავლობაში ჩვენ ბაზრის მეტი წილი მოვიპოვეთ, რადგან მომხმარებლები გამოეხმაურნენ ჩვენს ფოკუსს მომსახურებაზე და სიმძლავრის გაზრდაში ჩადებულ ინვესტიციებზე“.

XPO-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $77.50-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $83.06-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $89.00-ს, ხოლო მინიმალური — $68.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი XPO-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 7.2%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 18 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Pinterest

გუშინ, სავაჭრო დღის დაწყებამდე, Pinterest-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში სოციალური მედიის კომპანიის აქციების ფასი 3%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 10%-ით არის გაუმჯობესებული.

Pinterest-ის ძალისხმევა, თავის პლატფორმაზე გაზარდოს მომხმარებელთა ბაზის ჩართულობა, ასევე გააუმჯობესოს საზომი ხელსაწყოები და სარეკლამო პროდუქტები რეკლამის განმთავსებლებისთვის, კარგ შედეგს იძლევა. მესამე კვარტალში სოციალური ქსელის კომპანიის შემოსავალი წლიდან წლამდე 11%-ით — $763 მილიონამდე გაიზარდა. ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $743.94 მილიონს.

ასევე აღსანიშნავია Pinterest-ის მომგებიანობის გაუმჯობესება. მესამე კვარტალში კომპანიის წმინდა მოგებამ $6.7 მილიონი შეადგინა. გასული წლის იმავე მეოთხედში კი მან $65 მილიონის ოდენობით ზარალი დააფიქსირა. ეს ნიშნავს, რომ Pinterest-ის წმინდა მოგების მარჟა -10%-დან 1%-მდე გაუმჯობესდა.

ამასთან, მკვეთრად გაიზარდა Pinterest-ის კორექტირებული EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე). ამ მაჩვენებელმა 11%-დან (გასული წლის მესამე კვარტალში) 24%-მდე მოიმატა.

გარდა ამისა, კორექტირებულმა EPS-მა $0.28-ს მიაღწია. უოლ სტრიტის ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ ეს მაჩვენებელი $0.21-ს შეადგენდა.

Pinterest

შემოსავლების ზრდა შესანიშნავია, მაგრამ ეს შეიძლება ხანმოკლე იყოს, თუ მომხმარებლების ძირითადი ტენდენციები არ უმჯობესდება. Pinterest-ის აქციონერებისთვის საბედნიეროდ, ამ ფრონტზეც კარგი მდგომარეობაა. მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანიის ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების (MAU) რაოდენობა წლიდან წლამდე 8%-ით — 482 მილიონამდე გაიზარდა. სამი თვის წინ ეს მაჩვენებელი 465 მილიონს შეადგენდა. მომხმარებელთა კარგი ჩართულობა არის ის, რაც ხელს უწყობს პლატფორმაზე რეკლამის განმთავსებლების დაბრუნებას, ასე რომ, ეს ტენდენცია კარგად მეტყველებს კომპანიის შემოსავლის პოტენციალზე.

რაც შეეხება მომავალს, Pinterest-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მეოთხე კვარტალში კომპანიის შემოსავალი წლიდან წლამდე 11%-13%-ით გაიზრდება და $974-$991 მილიონს მიაღწევს. მესამე კვარტლის შედეგთან შედარებით ეს უზარმაზარი ზრდა იქნება. უოლ სტრიტის ანალიტიკოსები კი პროგნოზირებენ, რომ ეს მაჩვენებელი $976.10 მილიონს მიაღწევს.

Pinterest-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $25.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 28 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $33.08-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $45.00-ს, ხოლო მინიმალური — $24.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Pinterest-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 32%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 28 ანალიტიკოსიდან 17-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 11-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Microsoft

გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლეების შემდეგ, ტექნოლოგიური გიგანტის — Microsoft-ის აქციების ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 41%-ით არის გაუმჯობესებული.

გუშინ Microsoft-თან დაკავშირებით ბევრი სპეციფიკური სიახლე არ გავრცელებულა, მაგრამ Piper Sandler-მა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა Microsoft 365 Copilot-ის დაგეგმილ გამოშვებას. საინვესტიციო ბანკში მიიჩნევენ, რომ ამ პროდუქტის დანერგვა იქნება საკვანძო ნაბიჯი Microsoft-ისთვის, რათა გენერაციულ AI-ში (ხელოვნური ინტელექტი) თავისი პიონერული უპირატესობა გამოიყენოს.

ამასთან, Piper Sandler-ში პროგნოზირებენ, რომ Microsoft-ის შემოსავალი ხელოვნური ინტელექტიდან გრძელვადიან პერსპექტივაში $100 მილიარდს ან უფრო მეტს მიაღწევს.

Microsoft

გარდა ამისა, როგორც ჩანს, ტექნოლოგიურ სექტორზე ფოკუსირებულ ინვესტორებს მოეწონათ თეთრი სახლის აღმასრულებელი ხელისუფლების დირექტივა, რომელიც აწესებს სტანდარტებს AI-ის უსაფრთხოებისთვის, ხელს უწყობს ინოვაციას და კონკურენციას, ხაზს უსვამს კონფიდენციალურობის სახელმძღვანელო პრინციპებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში Microsoft-მა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური ანგარიში წარადგინა. ტექნოლოგიური გიგანტის შემოსავალი წლიდან წლამდე 13%-ით გაიზარდა და $56.5 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $54.53 მილიარდი). წმინდა მოგებამ კი 27%-ით — $22.3 მილიარდამდე მოიმატა, ანუ კორექტირებული EPS (მოგება თითო აქციაზე) $2.99 იყო (პროგნოზი — $2.65).

Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $337.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $405.64-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $450.00-ს, ხოლო მინიმალური — $298.10-ს. საშუალო სამიზნე ფასი Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 20%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 35 ანალიტიკოსიდან 33-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Western Digital

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Western Digital-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში მონაცემთა შენახვის ამერიკული კომპანიის აქციების ფასი 7%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 33%-ით არის გაუმჯობესებული.

ფისკალურ პირველ კვარტალში, რომელიც 2023 წლის 29 სექტემბერს დასრულდა, Western Digital-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 26%-ით — $2.75 მილიარდამდე შემცირდა, მაგრამ ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $2.66 მილიარდს. კორექტირებულმა წმინდა ზარალმა კი $554 მილიონს მიაღწია, ანუ თითო აქციაზე — $1.76-ს (პროგნოზი — -$1.91).

Western Digital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — დევიდ გოკელერმა ასეთი შედეგები მიაწერა გუნდის ძალისხმევას, გაეძლიერებინა ბიზნესის სწრაფად მოქმედების უნარი, ასევე საბოლოო ბაზრების ფართო სპექტრში დიფერენცირებული და ინოვაციური პროდუქტების განვითარებას.

რაც შეეხება მომავალს, Western Digital-ის მენეჯმენტი მოელის, რომ კომპანიის შემოსავალი $2.85-$3.05 მილიარდს მიაღწევს, ხოლო ზარალი თითო აქციაზე $1.35-$1.05-ს შეადგენს. ამ ორივე დიაპაზონის საშუალო მაჩვენებლები ბევრად აღემატებოდა უოლ სტრიტის პროგნოზებს, რომლებიც, შესაბამისად, $2.92 მილიარდს და -$1.39-ს შეადგენს.

Western Digital

დაბოლოს, გუშინ დილით ცალკე პრესრელიზში Western Digital-ის მენეჯმენტმა გამოაცხადა, რომ კომპანიის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, Western Digital-ის მყარი დისკისა და ფლეშ ბიზნესები ორ დამოუკიდებელ, საჯარო კომპანიად ჩამოყალიბდება. ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, საშუალებას მისცემს თითოეული კომპანიის მენეჯმენტს, გააუმჯობესოს ფოკუსი და უფრო ეფექტიანად განახორციელოს პროდუქტის განვითარებისა და ზრდის გეგმები.

Western Digital-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $42.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $47.06-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $60.00-ს, ხოლო მინიმალური — $31.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Western Digital-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 12.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 18 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Overstock

გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლის შემდეგ, ინტერნეტ საცალო ვაჭრობის ამერიკული კომპანიის — Overstock-ის აქციების ფასი 12%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 17%-ზე მეტით არის შემცირებული.

დირექტორები ან აღმასრულებლების მიერ თავიანთი კომპანიის აქციების შეძენა ცნობილია, როგორც ინსაიდერული ვაჭრობა. ყველა ინსაიდერული ვაჭრობა უკანონო არ არის. ბუნებრივია, ინსაიდერებს საკუთარი კომპანიის შესახებ აქვთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მანამ, სანამ ეს ფართო საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი და მათ უფლება აქვთ, იყიდონ და გაყიდონ აქციები. ხოლო ინსაიდერის მიერ აქციების შეძენას (როგორც ეს Overstock-ის დირექტორმა — მარკუს ლემონისმა გააკეთა) ბაზარი პოზიტიურად აღიქვამს.

27 ოქტომბერს მარკუსმა Overstock-ის 40,000-ზე მეტი აქცია შეიძინა, თითო $14.79-ად. ტრანზაქციის ღირებულებამ თითქმის $596,000 შეადგინა. ამ მომენტისათვის მთლიანობაში იგი კომპანიის 147,293 აქციას ფლობს.

Overstock

მიუხედავად იმისა, რომ ტრანზაქცია პარასკევს შედგა, მარკუს ლემონისს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიაში (SEC) დოკუმენტაცია კვირამდე არ წარუდგენია. სწორედ ამიტომ გაიზარდა გუშინ Overstock-ის აქციების ფასი.

Overstock არის ელექტრონული კომერციის კომპანია, რომელიც ახლა რთულ მდგომარეობაშია. მესამე კვარტალში მისი შემოსავალი წლიდან წლამდე 19%-ით შემცირდა, ხოლო წმინდა ზარალმა $63 მილიონს მიაღწია. თუმცა, Overstock-მა Bed Bath & Beyond ბრენდი გაკოტრების შედეგად შეიძინა და მენეჯმენტი იმედოვნებს, რომ ამ ნაბიჯს ბიზნესის აღორძინებისთვის გამოიყენებს.

Overstock-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $16.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 7 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $22.83-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $41.00-ს, ხოლო მინიმალური — $16.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Overstock-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 46%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 7 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

On Semiconductor

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, On Semiconductor-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ავტომობილების ჩიპების სპეციალისტის აქციების ფასი დაახლოებით 22%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 6%-ით არის გაუმჯობესებული.

მიმდინარე წელს On Semiconductor შესანიშნავი წარმადობით გამოირჩეოდა, რადგან როგორც ავტო, ისე სამრეწველო ჩიპებზე მოთხოვნა სტაბილური იყო. ეს ჩიპები იყო მათ შორის, რომლებიც ყველაზე ნაკლები მიწოდებით ხასიათდებოდა 2021 წლის მიწოდების ჯაჭვის გამოწვევების დროს და მათზე მოთხოვნა 2022 წელსაც კი ძლიერი იყო.

ამ ზაფხულს ფინანსურ მედიაში რამდენიმე ცნობა გავრცელდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ელექტრომობილების (EV) გაყიდვები მნიშვნელოვნად შენელდა. ამის უკან, სავარაუდოდ, სხვადასხვა ფაქტორის ერთობლიობა დგას. ყველაზე თვალსაჩინოა მაღალი საპროცენტო განაკვეთები, რაც ართულებს მანქანების შეძენას, ისევე როგორც ბაზრის შესაძლო გაჯერება ელექტრომობილების ადრეულ მფლობელებს შორის. აღსანიშნავია, რომ ელექტრო მანქანები უფრო მეტ ნახევარგამტარებს იყენებს, ვიდრე შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილები, ამიტომ EV-ების გაყიდვების შენელება ავტო ჩიპების მწარმოებლებზეც მოქმედებს. On-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ჰასან ელ-ხურიმ აღნიშნა, რომ ელექტრომობილების ჩიპების შემცველობა 14-ჯერ აღემატება შიდა წვის ძრავის მანქანების იმავე მაჩვენებელს.

On Semiconductor

On თავის შემოსავლის ნახევარზე მეტს ავტომობილების ჩიპების გაყიდვიდან გამოიმუშავებს და მისი კვარტალური შედეგები, როგორც ჩანს, EV სექტორის შენელებას ადასტურებს. მიუხედავად იმისა, რომ მესამე კვარტალში კომპანიის შემოსავალმა $2.18 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $2.15 მილიარდი), ხოლო კორექტირებულმა EPS-მა — $1.39 (პროგნოზი — $1.34), მენეჯმენტის მეოთხე კვარტლის პროგნოზები სუსტია.

კომპანიაში მოელიან, რომ მეოთხე კვარტალში შემოსავალი $1.95-$2.05 მილიარდს მიაღწევს, ხოლო კორექტირებული EPS — $1.13-$1.27-ს. ეს მაჩვენებლები გაცილებით ჩამოუვარდება ანალიტიკოსების პროგნოზებს, რომლებიც, შესაბამისად, $2.18 მილიარდს და $1.36-ს შეადგენს.

მენეჯმენტმა შენელება მიაწერა ევროპის ზოგიერთ მსხვილ ავტომწარმოებელს და ფართო შენელებას ინდუსტრიულ სექტორში.

On Semiconductor-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $65.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $103.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $130.00-ს, ხოლო მინიმალური — $78.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი On Semiconductor-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 58%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 18 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

რას ნიშნავს სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნეს სამყაროში?

შემდეგი

Apple-მა ახალი თაობის M3 ჩიპებით აღჭურვილი კომპიუტერები წარადგინა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Apple-მა ახალი თაობის M3 ჩიპებით აღჭურვილი კომპიუტერები წარადგინა

Apple-მა ახალი თაობის M3 ჩიპებით აღჭურვილი კომპიუტერები წარადგინა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved