გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Amazon, Wyndham Hotels & Resorts, Pfizer, Bank of New York Mellon და VF Corp.
Amazon
გუშინ, ანალიტიკოსების ნეგატიური შეფასებების შემდეგ, ტექნოლოგიური გიგანტის — Amazon-ის აქციების ფასი დაახლოებით 1%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 53%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.
გუშინ დილით Truist Bank-მა Amazon-ის აქციების სამიზნე ფასი $174-მდე შეამცირა, ხოლო UBS-მა — $178-მდე.
Truist-ის ანალიტიკოსებმა ხაზი გაუსვეს Amazon-ის ვებგვერდზე რეკლამის ფასების ზრდის ნაკლებობას, ასევე გაყიდვებს, რომლებიც უოლ სტრიტის პროგნოზზე ოდნავ დაბალი აღმოჩნდა. UBS-ში დასძინეს, რომ Amazon-ის ულტრა მომგებიანი ქლაუდ გამოთვლითი განყოფილების — Amazon Web Services-ის (AWS) ზრდა სექტემბერში კომპანიისთვის რთული ჩანდა.
Truist-მა და UBS-მა Amazon-ის აქციების სამიზნე ფასები შეამცირეს, თუმცა ორივემ შეინარჩუნა აქციების ყიდვის რეკომენდაცია. გარდა ამისა, მათი ახალი სამიზნე ფასები გულისხმობს, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში Amazon-ის აქციები ფასი 32%-ით (Truist) ან 35%-ით (UBS) გაიზრდება.
როდესაც საკითხს ასე შევხედავთ, შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ სიახლეები უოლ სტრიტიდან არც ისე ნეგატიურია.
Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $131.50-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 42 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $176.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $230.00-ს, ხოლო მინიმალური — $140.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 34%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 42 ანალიტიკოსიდან 41-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Wyndham Hotels & Resorts
გუშინ Wyndham Hotels & Resorts-ის აქციების ფასი თითქმის 9%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც სასტუმროების კომპანიამ შესყიდვის კიდევ ერთი წინადადება მიიღო Choice Hotels International-ისგან. ამჯერად შეთავაზება ამ უკანასკნელის მიერ Wyndham-ის თითო აქციისთვის $90-ის გადახდას გულისხმობს ნაღდი ფულით და აქციებით. კომპანიის მენეჯმენტმა Choice Hotels International-ის წინა შეთავაზებაზე უარი თქვა. საინტერესოა, ამჯერად თუ მიიღწევა შეთანხმება.
სასტუმროს ინდუსტრია საკმაოდ ფრაგმენტირებულია, რამაც ბოლო წლებში შერწყმისა და შესყიდვის აქტივობებს ხელი შეუწყო. ინვესტორებისთვის უკეთესი ზრდის უზრუნველსაყოფად, სასტუმროს ბრენდები ცდილობენ, გაერთიანდნენ სასტუმროს სხვა ოპერატორებთან, რათა გააფართოონ თავიანთი მომხმარებლების ბაზა, სასტუმროს შეთავაზებები და ლოიალობის პროგრამები, ამასთან, შეამცირონ ხარჯები უფრო მაღალი მოგების მისაღებად.
ეს ორი კომპანია თითქმის თანაბარია. ბოლო 12 თვის განმავლობაში Wyndham-მა $1.4 მილიარდის ოდენობით შემოსავალი და $294 მილიონის მოცულობის წმინდა მოგება გამოიმუშავა. Choice-ის შემთხვევაში კი ამ მაჩვენებლებმა, შესაბამისად, $1.5 მილიარდი და $296 მილიონი შეადგინა.
თუმცა, Wyndham მართავს 9,100 სასტუმროს. მათ შორის არის Days Inn, Howard Johnson და La Quinta. Choice-ის ბაზა კი უფრო მცირეა, კომპანია ბაზარზე 7,500 სასტუმროთია წარმოდგენილი.
Choice-ის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ ამ ორი კომპანიის კომბინაცია უფრო მეტ შემოსავალს მოიტანს და მოგზაურთათვის უფრო მნიშვნელოვან ფასეულობას შექმნის. Choice-ის წარმომადგენლების თქმით, გაერთიანებულმა კომპანიამ შეიძლება ყოველწლიურად $150 მილიონი დაზოგოს და შემოსავლების ზრდა დააჩქაროს.
Wyndham-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $75.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 7 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $87.14-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $95.00-ს, ხოლო მინიმალური — $81.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Wyndham-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16%-იან ზრდას გულისხმობს.
Choice-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $116.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 8 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $134.25-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $145.00-ს, ხოლო მინიმალური — $121.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Choice-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 15%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 8 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Pfizer
გუშინ, ანალიტიკოსების ნეგატიური შეფასებების შემდეგ, ფარმაცევტული გიგანტის — Pfizer-ის აქციების ფასი 1.5%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 36%-ით არის დაკლებული.
Truist Financial-ის ანალიტიკოსმა — რობინ კარნაუსკასმა Pfizer-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა, თუმცა სამიზნე ფასი $62-დან $42-მდე შეამცირა. გაცილებით ნაკლებად დრამატული ცვლილება განახორციელა ტერენტ ფლინმა Morgan Stanley-დან. რობინის მსგავსად ფარმაცევტული კომპანიის აქციებს მანაც ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა, ხოლო სამიზნე ფასი მცირედით — $40-დან $39-მდე შეამცირა.
ანალიტიკოსებმა ეს ნაბიჯი გადადგეს მას შემდეგ, რაც Pfizer-მა 2023 წლის პროგნოზები შეამცირა.
ფარმაცევტული გიგანტის მენეჯმენტი ახლა მოელის, რომ სრული 2023 წლის განმავლობაში კომპანია $58-$61 მილიარდის ოდენობით შემოსავალს გამოიმუშავებს, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება წინა პროგნოზს — $67-$70 მილიარდს. Pfizer-ში ასევე შეამცირეს მომგებიანობის პროგნოზი — ახლა მენეჯმენტი თვლის, რომ კომპანიის წლიური კორექტირებული EPS (მოგება თით აქციაზე) $1.45-$1.65-ს შეადგენს (წინა პროგნოზი — $3.25-$3.45).
Pfizer-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $33.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $39.92-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $75.00-ს, ხოლო მინიმალური — $33.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Pfizer-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 22%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 14 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Bank of New York Mellon
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, საინვესტიციო ბანკმა — Bank of New York Mellon-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 4%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 6%-ზე მეტით არის შემცირებული.
საინვესტიციო ბანკის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 2%-ით — $4.37 მილიარდამდე გაიზარდა, რაც აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს — $4.33 მილიარდს. წმინდა საპროცენტო შემოსავალმა 10%-ით — $1.02 მილიარდამდე მოიმატა, ხოლო საკომისიო შემოსავალი უცვლელი — $3.36 მილიარდი დარჩა.
საშუალო სესხები 6%-ით შემცირდა და $63.5 მილიარდი შეადგინა, ხოლო საშუალო დეპოზიტები 9%-ით დაეცა — $288.5 მილიარდამდე. კორექტირებული EPS კი 5%-ით გაიზარდა და $1.27-ს მიაღწია. ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.16.
Bank of New York Mellon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $43.40-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 9 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $51.06-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $62.00-ს, ხოლო მინიმალური — $44.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Bank of New York Mellon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 17.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 9 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
VF Corp
გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლის შემდეგ, VF Corp-ის აქციების ფასი თითქმის 14%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 34%-ით არის შემცირებული.
VF Corp არის ისეთი ცნობილი ტანსაცმლის ბრენდების მშობელი კომპანია, როგორებიც არის Vans, North Face და Timberland.
The Wall Street Journal-ის მოხსენების თანახმად, აქტივისტი ინვესტორი — Engaged Capital აგროვებს წილს VF-ში და გეგმავს რიგი ცვლილებების ადვოკატირებას, მათ შორის ხარჯების აგრესიულ შემცირებას. Engaged-ის წარმომადგენლებს სჯერათ, რომ კომპანიას შეუძლია, ხარჯები ყოველწლიურად $300 მილიონით შეამციროს და ის ასევე მიზნად ისახავს, სტრატეგიული შესაძლებლობებისკენ სწრაფვას, რომელიც მოიცავს არაძირითადი აქტივების და უძრავი ქონების გაყიდვას. შესაძლოა, Engaged საბჭოში ახალი დირექტორების დანიშვნასაც შეეცადოს.
Engaged-ის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ VF-ს გააჩნია პოტენციალი, მომდევნო სამი წლის განმავლობაში აქციების ფასი სამჯერ გაზარდოს. ტანსაცმლის კომპანიას კი ამაში ხარჯების შემცირება და გამოთავისუფლებული ფულის Vans-ის ბრენდის განახლებაში ინვესტირება დაეხმარება.
VF ცნობილი იყო, როგორც დივიდენდების გადახდის დიდი ისტორიის მქონე კომპანია, მაგრამ მიმდინარე წელს მან დივიდენდური ანაზღაურება 41%-ით — $0.30-მდე (კვარტალური) შეამცირა. VF-ს შეიძლება დაემუქროს დივიდენდების კიდევ ერთი შემცირების რისკი, რადგან მისი სარგებელი გაიზარდა 7%-ზე მეტით, მიუხედავად იმისა, რომ მოგება კვლავ მცირდება.
ბოლო კვარტალში VF-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 8%-ით — $21 მილიარდამდე შემცირდა და კომპანიამ $61 მილიონის ოდენობით კორექტირებული ზარალი დააფიქსირა.
VF Corp-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $18.50-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $21.71-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $33.00-ს, ხოლო მინიმალური — $18.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი VF Corp-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 18%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 15 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 10-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.