გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Fastenal, Chewy, AT&T, Hormel Foods და Broadcom.
Fastenal
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, ამერიკულმა ინდუსტრიულმა მიმწოდებელმა — Fastenal-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი 7%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 27%-ით არის გაუმჯობესებული.
მესამე კვარტალში Fastenal-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 2.4%-ით — $1.85 მილიარდამდე გაიზარდა, რაც შეესაბამებოდა ანალიტიკოსების პროგნოზს. EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) კი $0.52 შეადგინა (უოლ სტრიტის პროგნოზი — $0.5).
Fastenal ბაზარს ამარაგებს სამრეწველო პროდუქციით დაახლოებით 3,400 ფილიალიდან. ეს ნიშნავს, რომ კომპანია, თავისი შემოსავლების ზრდის გასაძლიერებლად, მრავალი ბიზნეს სექტორის წარმატებას ეყრდნობა. წარმოების სექტორი არის მიმართულება, რომელშიც Fastenal-მა მესამე კვარტალში ყველაზე დიდი ზრდა დააფიქსირა.
მიუხედავად იმისა, რომ მძიმე მრეწველობის გაყიდვები 9%-ით გაიზარდა, არასაცხოვრებელი შენობების გაყიდვები კვარტალში 7.2%-ით შემცირდა. მაგრამ მშენებლობა Fastenal-ის გაყიდვების 10%-ზე ნაკლებს შეადგენს, ხოლო მძიმე მრეწველობა კომპანიის ყველაზე დიდი სამომხმარებლო სეგმენტია.
გარდა ამისა, Fastenal 1991 წლიდან დივიდენდებს იხდის. ამ წელს, მიუხედავად დივიდენდების მიმდინარე კურსის შენარჩუნებისა, ეს მაჩვენებელი მაინც წარმოადგენს 13%-იან ზრდას წლიდან წლამდე.
Fastenal-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $60.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 8 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $57.86-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $64.00-ს, ხოლო მინიმალური — $50.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Fastenal-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 8 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Chewy
გუშინ, ანალიტიკოსის ნეგატიური შეფასების შემდეგ, შინაური ცხოველების საკვების ელექტრონული კომერციის ლიდერის — Chewy-ის აქციების ფასი 7%-ზე მეტით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 51%-ით არის დაკლებული.
გავლენიანი საინვესტიციო ბანკის — Goldman Sachs-ის ანალიტიკოსმა — ერიკ შერიდანმა Chewy-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა, თუმცა სამიზნე ფასი $50-დან $45-მდე შეამცირა.
კვლევითი ჩანაწერი, რომელმაც ანალიტიკოსს ამ ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგა, არ გამოქვეყნებულა. მიუხედავად ამისა, ეს არის დარტყმა Chewy-სთვის და ბოლო პერიოდში სხვა მსგავსი შეფასებებიც დაფიქსირდა.
მაგალითად, ოქტომბრის დასაწყისში, Barclays-ის ანალიტიკოსმა — ტრევორ იანგმა Chewy-ის აქციებს ნეიტრალური რეიტინგი შეუნარჩუნა და სამიზნე ფასი მკვეთრად — $28-დან $20-მდე შეამცირა.
იანგის აზრით, შინაური ცხოველების მოვლის ინდუსტრიაში ზრდა ნორმალიზდება და კონკურენცია იმატებს — ეს კომბინაცია კი Chewy-ისთვის მომგებიანი არ არის.
გარდა ამისა, სექტემბრის ბოლოს რუპეშ პარიკმა Oppenheimer-დან Chewy-ის აქციების ყიდვის რეკომენდაცია ნეიტრალური რეიტინგით შეცვალა.
Chewy-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $17.40-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 19 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $36.94-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $52.00-ს, ხოლო მინიმალური — $20.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Chewy-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 113%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 19 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
AT&T
გუშინ, ანალიტიკოსის ნეგატიური შეფასების შემდეგ, სატელეკომუნიკაციო კომპანიის — AT&T-ს აქციების ფასი 2%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 24%-ით არის დაკლებული.
გუშინ, სავაჭრო დღის დაწყებამდე, JPMorgan Chase-ის ანალიტიკოსმა — ფილიპ კუსიკმა AT&T-ს აქციებს ნეიტრალური რეკომენდაცია შეუნარჩუნა და სამიზნე ფასი მცირედით — $18-დან $17-მდე შეამცირა.
ფილიპ კუსიკის ნაბიჯის მიზეზი მაშინვე ნათელი არ იყო, თუმცა ეს გადაწყვეტილება შეიძლება ბოლო დროს სატელეკომუნიკაციო კომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით აიხსნას.
გასულ კვირას Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ AT&T-ის მენეჯმენტმა დაიწყო DirecTV-ის 70%-იანი წილის გასხვისების ვარიანტების შესწავლა. სატელეკომუნიკაციო გიგანტი DirecTV-ს ფლობს კერძო საინვესტიციო ფირმასთან — TPG-სთან ერთად ერთობლივი საწარმოს მეშვეობით, რომელიც 2021 წელს ჩამოყალიბდა. DirecTV იმ დროისთვის დაახლოებით $16 მილიარდად იყო შეფასებული და ამ ერთობლივი საწარმოს პირობები მოიცავდა სამწლიან ვალდებულებას, რაც AT&T-ს ანიჭებს უფლებას, გაყიდოს თავისი წილი 2024 წლის 31 ივლისის შემდეგ.
ზოგადად, თუ ძირითადი აქტივი კარგი წარმადობით ხასიათდება და მისი უდიდესი წილის მფლობელი ცუდ მდგომარეობაში არ არის, ამ უკანასკნელს, როგორც წესი, ნაკლებად სჭირდება ასეთი ნაბიჯების განხილვა.
ამასთან, ბოლო კვარტლის მონაცემებით, AT&T-ს მთლიანმა სესხებმა $162 მილიარდი შეადგინა. ამ პერიოდში სატელეკომუნიკაციო კომპანიამ $30 მილიარდის ოდენობით შემოსავალი გამოიმუშავა მაშინ, როდესაც მისი საერთო სააქციო კაპიტალი ოდნავ ჩამოუვარდებოდა $102 მილიარდს.
ვალის ტვირთის მიუხედავად, AT&T-ს მენეჯმენტი მტკიცედ ინარჩუნებს აქციონერების დაჯილდოების სურვილს — ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბევრი ინვესტორი ყიდულობს ამ კომპანიის აქციებს. ამჟამად AT&T-ს დივიდენდური სარგებელი 7.7%-ს შეადგენს.
AT&T-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $14.50-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $20.30-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $25.00-ს, ხოლო მინიმალური — $17.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი AT&T-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 40.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 13 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Hormel Foods
გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლეების შემდეგ, სამომხმარებლო კომპანიის — Hormel Foods-ის აქციების ფასი 10%-ზე მეტით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 29%-ით არის დაკლებული.
გუშინ ინვესტორების დღის კონფერენციაზე, Hormel-ის მენეჯმენტმა განიხილა მთელი რიგი ინიციატივები, რომლებზეც ის ორიენტირებულია ბიზნესის ზრდის გასაგრძელებლად.
თუმცა კომპანიის მიზანი, საოპერაციო შემოსავალი 2026 წლამდე $250 მილიონით გაზარდოს ან 5%-7%-იანი ნაერთი წლიური ზრდის ტემპი (CAGR) დააფიქსიროს, როგორც ჩანს, არ აკმაყოფილებს ინვესტორების მოლოდინებს.
Hormel Foods-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ითანამშრომლებენ საკონსულტაციო ფირმა Accenture-თან, რათა ბიზნეს პროცესები გაამარტივონ და მიწოდების ჯაჭვის ნორმალიზება შეძლონ. ამ ინიციატივების შედეგად საოპერაციო შემოსავალი მინიმუმ $200 მილიონით გაიზრდება.
ამასთან, Hormel Foods-ის აქციებზე ნეგატიურად იმოქმედა იმ ფაქტმა, რომ კომპანიის მენეჯმენტმა United Food and Commercial Workers-ის პროფკავშირთან დადო ახალი კონტრაქტი, რომელიც დასაქმებულების ხელფასის $3-დან $6-მდე (საათში) ზრდას ითვალისწინებს.
Hormel Foods-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $33.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 4 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $37.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $42.00-ს, ხოლო მინიმალური — $33.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Hormel Foods-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 15%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 4 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ნეიტრალური რეიტინგი, 3-მა — გაყიდვის რეკომენდაცია და არცერთმა — ყიდვის რეკომენდაცია.
Broadcom
Broadcom არის ამერიკული ტრანსნაციონალური კომპანია, ნახევარგამტარული და ინფრასტრუქტურული პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების ფართო სპექტრის დამპროექტებელი, დეველოპერი, მწარმოებელი და გლობალური მიმწოდებელი.
გუშინ, პოზიტიური სიახლის შემდეგ, კომპანიის აქციების ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 64%-ით არის გაუმჯობესებული.
ზრდა დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთის მარეგულირებელი ორგანო აპირებს, Broadcom-ის მიერ VMWare-ის პოტენციური შესყიდვა დაამტკიცოს. გარიგების ღირებულება დაახლოებით $61 მილიარდს შეადგენს და, როგორც ჩანს, შესაძლებელია, შეთანხმება მიმდინარე ან მომდევნო თვეში შედგეს.
შესაძლოა, Broadcom-ის აქციებზე ასევე დადებითად იმოქმედა CNBC-ზე Mad Money სატელევიზიო შოუს წამყვანის — ჯიმ კრამერის კომენტარებმა. მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს შეთანხმება, სავარაუდოდ, შედგება, ჯიმმა თქვა, რომ გარიგების დასრულება Broadcom-ის აქციებს ზრდისთვის მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს.
Broadcom-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $906.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $984.94-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,050.00-ს, ხოლო მინიმალური — $900.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Broadcom-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 9%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 18 ანალიტიკოსიდან 16-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.